Marooned

სტანდარტული

ცხოვრებამ ისე შეაგროვა ეს დღეები, რომ ვუცდი გაცივებას.

სულს ვუბერავ, ხელების შემოხვევა ისე მეჩქარება, ვაკვირდები.

ზოგს ვიხსენებ, ზოგი სხვისია, ზოგი ნაშვილები და ყველაზე მეტად ნაფერები.

მე მჯერა მართალი ამბების და ადამიანების,

რომლებიც ხდებიან ამ ცხოვრებაში ისე მოულოდნელად, როგორც თოვლი სარეცხ თოკებზე ამოზრდილი,

მჯერა, რომ ზღაპრებს შეუძლიათ გახდნენ ისეთი დასაჯერებლები, რომ სათითაოდ დაგვჭირდეს ხან ქატოს გაზიდვა,

ხან ფქვილის ტომრების ჩამოცლა ერთმანეთის კარებთან.

მე მჯერა იმ სასწაულის, რომელიც დამუნჯებულ ადამიანებს აალაპარაკებს და ისინი ყველას სათქმელს იტყვიან,

ჩვენ კი ვიქნებით მშვიდად,

რადგან ეს წყეული სიტყვები, როგორც იქნა, ითქვა და აღარავის შეეშინდება მისი მეორედ და მეასედ წარმოთქმა.

მე მჯერა წასული ადამიანების, რომლებმაც საგზლად გაიყოლეს ცივი ხელები – გასათბობად.

მე მჯერა ყველა იმ სიტყვის, რომელიც გალესავდა ყველა დანის პირს, მაგრამ მაინც ითქვა;

მჯერა ძილის წინ ყველა სიტყვა, რომელიც დედამ თქვა და რომელმაც მომცა მშვიდი ძილი;

მე მჯერა გამთელებული ადამიანის, რომელიც დაიმსხვრა.

მჯერა, რომ სადღაც, ვიღაცის ოცნება ახდა.

მჯერა, რომ არავინ დაბრუნდება, ვინც დაელოდა ჩემ ჩაძინებას,

ხელ-ფეხი აკრიფა და შეერია ღამის სიჩუმეს.

მჯერა, რომ სადღაც სოფელში, სანთლის შუქზე, კაკალი ტყდება

და სათითაოდ იმარცვლება მძინარე ბავშვისთვის.

მჯერა, რომ მოვკვდი და გავიღვიძე სულ სხვა სხეულში,

სულ სხვა გულით და ხელის მტევნებით,

მჯერა, რომ ცოცხალი ვარ, ისე როგორც არასდროს.

მჯერა ყველა სიტყვის, რომელიც თვალებით მითქვამს.

არ მჯერა იმ ქარიშხლის, რომელიც ჩადგა.

tumblr_mta04zYf941ridymso1_500

 

Advertisements

Tick Tack

სტანდარტული

ახლა არც შემოდგომაა, არც გვიანი ზამთარი.

ზაფხულია. ცხელი, ჩახუთული, საიდანღაც ზღვის სუნს რომ იგრძნობ, ისე მძაფრად და ისე რეალურად, თითქოს, რამდენიმე ნაბიჯიღა დაგრჩა ნაპირამდე. მაგრამ ქალაქში ხარ, ჩახუთულში, ცხელში და იგონებ, რომ ზღვის სუნი საიდანღაც გეცა..

ტირილის დროს, სარკეში ჩამიხედავს და გამღიმებია, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მიხდება. თმა გაწეწილი მაქვს, ძველი მაისური მაცვია, რაღაც ბავშვური შორტი და იმ ბავშვს ვგავარ, რომელიც ეზოდან ქოშინით ამოვარდა, ნამტირალევი, იმიტომ, რომ ეზოში ბავშვებმა ის არ ათამაშეს, რაც უნდოდა. მე მიყვარს ეს ბავშვი, რომელსაც ძალიან უნდოდა დიდი გოგო გამხდარიყო. კაბები ჩაეცვა, მაღალ ქუსლებზე შემდგარიყო და ბეევრი ჩანთა ჰქონოდა. ასეთი გოგო ვერ გავიზარდე. კაბები სხვა გოგოებზე მომწონს, მაღალ ქუსლებზე ვერ ვდგები და ჩანთის გარეშე ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. მაგრამ ის ბავშვი უფრო მიყვარს, ვიდრე ადრე მიყვარდა და სარკეში, თვალებში ვუყურებ, რომ დავიმახსოვრო.

არაფერი იცვლება, იმ ხელსაწყოს ვგავარ, რომლის ფუნქციაა, ელოდოს, ელოდოს და თუ დაინტერესდები, გითხრას, რამდენი ხანი ელოდა. ხან ვის, ხან რის მფლობელობაშია, თავიდან ყველას უყვარს და მერე რაღაცნაირად, ეშინიათ.

ჩემ სიზმრებში ინტერიერის, ექსტერიერის შეცვლა ვისწავლე, ხშირად მონაწილე პერსონაჟის ტანსაცმლის გახდაც და ჩაცმაც, მისი დაძინებაც და მერე ჩემი გაპარვაც კარიდან. კიბეებზე სწრაფად ჩარბენა და გარეთ წვიმის მოყვანა. აქამდე, ერთი ოთახიდან მეორეშიც ვერ გავდიოდი.

წამზომივით ხმას გამოსცემს ეს ხელსაწყო და მე სულ ვფიქრობ..

But I have promisses to keep

and miles to go before I sleep

before I sleep..

არც ფოტოა, არც სიმღერა ამ განწყობით.

ამინდია და მომწონს

და იმედია, მასაც.

 

Are you scared?

სტანდარტული

ეს დღეები, ხშირად დავდივარ მზიურში, მეგობარს ვეხსმარები, მაგრამ საქმე ამაში არაა.

მზიურში აქამდეც დავდიოდი, წლების წინ. უკვე 9 წელია, განსაკუთრებულად მიხარია 1 ივნისი მზიურში და ა.შ.

მაგრამ არც ამაშია საქმე.

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ამერიკაში ვეღარ მივდივარ და ისევ უნდა შევეგუო თბილისურ, არაფრისმომცემ რუტინას და დავუბრუნდე ყოვლად აუტანელ ყოველდღიურობას. თან თავს კიდევ უ–ამრავი უ–არყოფითი მოვლენა მახვევია, აი, ამ ყველაფრის ფონზე – ევრიკა! მე მიხარია თბილისი, როცა მზიურში ვარ. დღეს თითქმის ერთი საათი მარტო დავეხეტებოდი მთელ მზიურში. ყველა მხარეს დავჯექი სხვადასხვა სკამზე. აკაციის სუნისგან თავბრუც დავიხვიე, იქვე, შორიახლოს მინდორზე წამოწოლილ წყვილსაც ვხედავდი და იმასაც ვხედავდი, როგორ უ–ზომოდ უ–ბედნიერესები იყვნენ, თან მეღიმებოდა. ბავშვს ვეთამაშე. მერე ვიჯექი და ხალხს ვაკვირდებოდი, სულაც არ ვგრძნობდი თავს ასოციალურად, როგორც ეს მჩვევია ბოლო პერიოდი.. დასეირნობდნენ ველოსიპედით, ბრუნდებოდნენ უნივერსიტედიდან, ახალ მოძრაობებს სწავლობდნენ სკეიტზე.. ყველა იღიმებოდა, ირგვლივ სიმწვანე და სითბო იყო. თბილისში კარგი იყო, უცებ რაღაცნაირად გამიხარდა, რომ მზიურში ვიყავი და არა – ცენტრალ პარკში ))

მერე ჩემი სიმარტოვისაც მომერიდა. მარტო 70 წლამდე პაპაც არ იჯდა, გვერდზე ალბათ სტუდენტობის მეგობარი ეჯდა, იმიტომ, რომ ბედნიერები იხსენებდნენ რაღაცებს..

გეშინია? – ტვინში ათჯერ მაინც გამიელვა ამ კითხვამ.

მეშინია. ყველაზე მეტად ახლა თითქოს მარტოობა მინდა და თან ყველაზე მეტად ზუსტად ამის მეშინია.

ხვალ წიგნით წავალ მზიურში და ალბათ, არც უადგილო/გულზეხინჯი კითხვები აღარ გამიჩნდება.

პ.ს. მე მიყვარს ნოდარ დუმბაძე და მიყვარს მზიური.

544866_2851425455183_1597321821_n

 

 

 

As I lay dying

სტანდარტული

 

ჯერ კიდევ ცოცხალ ედი ბანდრენს, ღია ფანჯარაში ესმოდა, როგორ უჭედავდა საკუთარი შვილი კუბოს. მას კი სული ამოსდიოდა.

ბავშვობაში მამა ეუბნებოდა – ცხოვრების აზრი სიკვდილისთვის მზადება არისო. ასეც მოხდა.

მთელი თავისი ცხოვრება ედი სიკვდილისთვის ემზადებოდა, მაშინაც კი, როცა გათხოვდა, მაშინაც, როცა ხუთი შვილი გააჩინა და აქედან მხოლოდ ერთი შეიყვარა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიტყვას ფასი არ ჰქონია, სიტყვებს არავითარი კავშირი არ აქვთ იმასთან, რასაც გამოხატავენ და დარწმუნდა, რომ დედობა იმან გამოიგონა, ვისაც საამისოდ სიტყვა უკვე მზად ჰქონდა, იმიტომ, რომ მათთვის ვისაც უკვე ჰყავს შვილები, სიტყვებს მნიშვნელობა აღარ აქვთ. როცა მეორე შვილი გაუჩნდა, ქმარს პირობა ჩამოართვა, როცა მოკვდებოდა, მას ჯეფერსონში წაასვენებდა.

ამ დანაბარებიდან იწყება სწორედ შურისძიება იმ ქალის, რომლის შვილებისთვისაც დედა თევზი იყო, ან ცხენი. ან დარლისთვის რომ გეკითხათ, მას დედა არც ყოლია: “დედა არც მყოლია, იმიტომ, რომ თუ მყავდა, ახლა აღარ არის და თუ აღარ არის, ახლა არ შეიძლება რომ მყავდეს. ასე არაა?”.

ჩაასვენეს ედი შვილის დამზადებულ სასახლეში, ფორანზე დასხდნენ და წავიდნენ ჯეფერსონიკსენ, ბანდრენსენის ოჯახი. გზად ბუნებამ ყველა შესაძლო სტიქია დაატეხა თავს, გარდაცვლილი წყალშიც კი ჩაუვარდათ. კითხვის დროს სულ ვფიქრობდი, ვისი ტრაგედია უფრო უნდა მიმეტანა გულთან? ვინ უნდა ყოფილიყო “ჩემი” პერსონაჟი?!

ენს ბარდრენსი – ოჯახის უფროსი, რომელიც გაუთავებლად იმეორებს, რომ ედის დანაპირები უნდა შეაუსრულოს, ყველაფრის ფასად და ჯეფერსონში დაკრძალოს. თან გულს გიწვრილებს მისი წუწუნი, 15 წელი კბილების გარეშე რომ გაატარა და საჭმელსაც კი ვერ ჭამს წესიერად, “ღმერთია მოწამე”. ედი ან უკვე გარდაცვილი ედი პრობლემაა, რომელიც საჩქაროდ უნდა გადაწყვიტოს და საკუთარ თავს მიხედოს, როგორც იქნა! ამას ყველაფრის ფასად გააკეთებს, საკუთარი შვილის ორჯერ მოტეხილი ფეხის ფასად, საკუთარი ქალიშვილის უკანასკნელი ათი დოლარის ფასად, მისი სხვა შვილის, საკუთარი ოფლით და სისხლის ნაყიდი, საოცნებო ცხენის ფასადაც..

თუ ჯუელი? რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ედის უყვარდა. მას კი საკუთარ ცხენზე მეტად არავინ ჰყვარებია. თუ დარლი? ვისაც ყველა უფრთხის და მის თვალებში მიწიერი არაფერია, მისი თვალები ნემსებივით იჩხვლიტება. დიუ დელი, რომელსაც ათი დოლარი აქვს, ოღონდ რისთვის და როგორ არ იცის, ოღონდ ის არსება მოიშოროს, რომელიც მუცელში უზის.

ფეხმოტეხილი კეში, საკუთარ დედას კუბო რომ დაუმზადა და ისიც ვერ გამოადგა.

არა, ეს პერსონაჟი ვარდამანია. რომელიც თავზემოთ ღრუბლების შავ წრეებს ითვლის და მერე ფიქრობს, ნეტა ღამით სად იბუდებენ ისინი თავს.

“მე ხომ ღმერთვის არ მითქვამს, სოფლელ ბიჭად გამაჩინე-მეთქი, თუ მას მატარებლის შექმნა შეუძლია, რატომ არ შეუძლია ყველა ქალაქელად გააჩნინოს? ფქვილის, შაქრის და ყავის გამო? განა ბანანები არ ჯობს?”

დედაჩემი – თევზია. ამბობს ის.

“დედა სად არის, დარლ? შენ იცოდი, რომ ის თევზია და ხელიდან გაგისხლტდა. არ დაიჭირე, დარლ.”

“ჯუელი დაბრუნდა, გზა ამოიარა და ფორანზე დაჯდა. ქვეითად იყო. ცხენი აღარა ყავს. ჯუელი ჩემი ძმაა. კეშიც ჩემი ძმაა. კეშს ფეხი აქვს მოტეხილი. კეში ჩემი ძმაა, ჯუელიც, მაგრამ მას ფეხი არ აქვს მოტეხილი. ახლა ხუთნი არიან, შავი მაღალი წრეები. ამაღამ ფარდულში დავწვები, უნდა ვნახო, სად იბუდებენ”

უილიამ ფოლკნერმა “სული რომ ამომდიოდა” ელექტროსადგურში დაწერა, დაპირქვავებული ურიკისგან აწყობილ მაგიდაზე, 6 კვირაში. უთქვამს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. ” წერის დაწყებამდე გულში ვთქვი – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემ იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი.”

მას იმედი გაუმართლდა, მე – კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უილიამ ფოლკნერი ჩემი საყვარელი მწერალია.

tumblr_le27rzIKho1qbg0uuo1_500

 

Happiness only real when shared

სტანდარტული

ხუთიანი

მოვდიოდი ხოლმე სკოლიდან და ტრადიციულად მეკითხებოდნენ სახლში, როგორ ჩაიარა დღემ. მეც, თითქმის, სულ ერთნაირად ვპასუხობდი – ნორმალურად, ჩვეულებრივად. პატარა ასაკში, მამაჩემი ხშირად მეკითხებოდა, რა ნიშანს ვიღებდი. მაშინ დღიურები იყო და დღიურს ვაჩვენებდი.  მერე უკვე, გზად ან სკოლაში მოსულ დედაჩემს თუ ეტყოდნენ მასწავლებლები ჩემზე და ჩემ ხუთიანებზე. არასდროს მომირბენინებია სიხარულით ჩემი ნიშნები და შექებები. მინდოდა ჩემზე და მათზე, იმათ ელაპარაკათ, ვინც ამ ნიშნებს წერდნენ. ასე მიხაროდა და ასე სხვანაირად ვფასდებოდი.

 

სამზარეულოში

რიტუალივითაა. არასდროს რეცეპტში არ ჩამიხედავს, ზუსტი პროპორციებისთვის, იმპროვიზაცია. ზუსტად, ამიტომ გამოდის სხვანაირად გემრიელი კერძი. ამ დროს სრულიად არალოგიკური რაღაც შეიძლება მომივიდეს თავში და არავინ უნდა მკითხოს, რატომ. ვრეცხავ, ვჭრი, ვხარშავ, ვწვავ და მარტო იმაზე ვფიქრობ, როგორი გამოვა. “განსაკუთრებულიაო” – იტყვიან და რიტუალი შესრულებულია. მერე შეიძლება აღმოვაჩინო, რომ მე სულაც აღარ მშია და მაინც მეღიმება.

 

Hysteria

იცოდით, რომ სიმღერებს შურისძიება შეეძლოთ? განსაკუთრებით, იმ სიმღერებს, რომელსაც უბრალოდ, უსმენდით, ინსტიქტურად, უკვე ყურში კარგად გამჯდარს, არც სიტყვების აზრი გესმოდათ და უბრალოდ, მღეროდით. ასეთ სიმღერებს დიდი თვალები აქვთ და ისე დაჟინებით შეიძლება გიცქირონ, სანამ ყველა სიტყვას სათითაოდ გულზე არ მოიხვედრებ. მერე გამორთავ და იტყვი, რომ აღარასდროს ჩართავ. მაგრამ ისინი რჩებიან, განსაკუთრებით, თავში და განსაკუთრებით, მაშინ, როცა პერსევერაციისგან გულის რევის შეგრძნება გაგაღვიძებს.

 

დარაბებს მიღმა

არც არაფერია. დამტვერილია და ჩარაზული. მეზარება გამოღებაც, ჩამოხსნაც და ფარდების გადაწევაც. მთავარია, წვიმის ხმა ისმის.

 

ისინი, ვინც მაშინ წავიდნენ, როცა მეძინა.

ისე არაფერი მტკენდა ბავშვობაში გულს, როცა გაღვიძებულს დედა ან ბებია არ მხვდებოდა გვერდით. ნათლიაჩემი, რომელიც დიდი ხნის უნახავი მყავდა, ჩამოდიოდა, მიყვებოდა ჩემ ამბებს, მაშინდელს, როცა ძალიან პატარა ვიყავი და მიყვარდა ეს ზღაპრები ჩემ თავზე, რომელსაც მერე კუდებს ვაბამდი ჩემ თავში და სიზმრებში. მაშინ მიდიოდა, როცა მეძინა. რომ გავიზარდე, ამ ადამიანების რიცხვმა იმატა, ჩემმა სიფხიზლემმაც, მაგრამ არ შველის. ღრმა ძილის დროს, შეიძლება ფეხაკრეფით წასული ადამიანის ნაბიჯები ვერ გაიგო. ძილისპირულ ხმამაღლა ფიქრებსაც ვერავის უმხელ, იმიტომ, რომ ისინი მაშინ წავიდნენ, როცა მეძინა.

alone-bed-girl-lonely-Favim.com-652402

 

Home

სტანდარტული

მიყვარს ფოტოები, სადაც სახლებია, საკვამურით და ფოტოდან სუნსაც კი გრძნობ, სუფთა ჟანგბადის და წყლის სინესტის. მიყვარს სუვენირები, რომელსაც სახლის ფორმა აქვს. მიყვარს სახლის სუნებს რომ ვიმახსოვრებ და მიყვარს ის სახლები, რომლებსაც განსაკუთრებული სუნი აქვს. მიყვარს, როცა ჩემი სახლის კარებს ვაღებ და სითბო მეცემა ლოყებზე და რაღაცნაირი სუნია, დარიჩინის. მიყვარს, როცა ადამიანები თვალებს ჭერზე რომ მიაპყრობენ და ღიმილით საუბრობენ თავიანთ სახლებზე. სადაც მთელი ოჯახია შეკრებილი, ჩაის სვამენ, ბევრს იცინიან და ყველა ამბობს, რომ უკვე ძილის, დროა, მაგრამ არც ერთი არ ცვლის ფეხმორთხმულ პოზას. მიყვარს ამერიკაში ჩემი მეგობრის სახლი, სადაც სამზარეულოშია დიდი ასოებით წერია – “Family Peace”, ნამყოფი არ ვარ და უკვე ვგრძნობ, როგორი სუნი ტრიალებს იქ. მიყვარს მარტო სახლები. ჩემი მეგობრები მარტო რომ ცხოვრობენ და ყველა იქ ვართ. ზოგი, ჩაის ან ყავას იდუღებს, ზოგი ნუშის ნამცხვარს ჭამს, ზოგი გემრიელ ისტორიას ყვება ერთი ღერი სიგარეტით, ზოგი მეორე ოთახში მუსიკას რთავს და ყველა ეძახის, რომ დროზე გამოვიდეს და ასე ღამდება. ყველას რომ ეზარება სახლში წასვლა, ყველას რომ ერთდროულად ახსენდება თავიანთი სახლების ცუდი ისტორიები. ამ დროს მარტო სახლის მეგობარი, რომ შეგახსენებს, დედა გელოდებათ სამაგიეროდო.. ყველა არგუმენტი ძალას კარგავს. მაგრამ სახლი ჰო ზუსტად იმისთვისაა, რომ მისგან გაქცევა მოგინდეს, მერე ისე მოგენატროს, რომ სულ იქ დაბრუნებაზე იფიქრო. იფიქრო, რომ არსად ისე კარგად არ გძინავს, როგორც საკუთარ საწოლში. ეს ის ადგილია, სადაც არასდროს მოგერიდება ღამის 3 საათზე ადგე და კარტოფილი შეიწვა. ეს ის სახლია, რომლის აივანზე ხელებს ჩამოაწყობ და დააკვირდები მთვარეს, ახედავ ვარსკვლავებს, იპოვი რომელი ციმციმებს და როგორც ბავშვობაში, ისე მოგინდება სურვილის ჩაფიქრება და ჩაიფიქრებ კიდეც. და მაინც..

Homeless Girl – ასე ვეძახდი სულ ჩემ თავს, წლები. დიდი ხანია ეს არ გამხსენებია. სანამ სახლის ქსოვა არ დავიწყე. მოვქსოვე, კედელზე დავკიდე ჩემ ოთახში, ხშირად ვუყურებ და ვფიქრობ – სახლი ის ადამიანები არიან, ვისთანაც მშვიდად და მყუდროდ ვართ, სათითაოდ ყველა. ალბათ სულ გამახსენდება ჩემი ჰოუმლესობა, მანამ სანამ, საბოლოოდ არ დავსახლდები და ვეტყვი – Feels like home to me.

1549572_10202883872647378_1136158960_n

Dedication

სტანდარტული

შემთხვევით არაფერი ხდება

შემთხვევით არაფერი ხდება.

ვიმეორებ, ვიხსენებ, ვფიქრობ და მსიამოვნებს. ერთდროულად საშიში, არარეალური და აქამდე გამოუცდელი როგორ შეიძლება იყოს ასეთი სასიამოვნო?!

ასეა. როცა ამდენი უარყოფითის მერე რაღაც ძალიან დადებითი ხდება, აჟიტირებული ხარ, ცუდი აღარ გახსოვს, გგონია, რომ ამოგაბრუნეს თავდაყირა და ჯიბეებიდან ამოგიყარეს ნეგატიური ემოციები. ახლა დაცლილი ხარ, რაღაცნაირი სითბოთი სავე, გგონია, რომ ასხივებ და ყველა ხედავს. მეშინია, მაგრამ ეს შიშიც მსიამოვნებს. მინდა, რომ დიდხანს მეძინოს და კიდევ დამესიზმროს. შემთხვევით არაფერი ხდება. ვგრძნობ, რომ რაღაცის მიმანიშნებელია და მინდა ამოვხსნა, თან ეს გაურკვევლობაც მსიამოვნებს. მინდა, რომ სულ ამაზე ვლაპარაკობდე და თან ლაპარაკიც არ შემიძლია. ამიტომ მოვედი აქ, არ მიყვარს ასეთ თემებზე აქ წერა, მაგრამ საეჭვოა, ვინმემ საღი აზრი გამოიტანოს ამ ნაწერიდან. არცაა საჭირო.

არ ვიცი სად ხარ, მაგრამ სადაც ხარ, იქ ძალიან კარგად ხარ, ამას ვგრძნობ.

მგონია, რომ ძალიან ახლობელი იყავი ჩემთვის და წამართვეს. ასე არაა.

არ ვიცი რა გავაკეთო, უნდა დაგეხმარო რამით? როგორ?

არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს უბრალოდ სადღაც დალექილი ქვეცნობიერის გამოწვევაა და მეტი არაფერი. მინდა მჯეროდეს, რომ რაღაცას ნიშნავს. ოღონდ, რაღაც ძალიან კარგს.

აქამდე შეკავებული ცრემლების და ყვირილის ბრალიცაა, ალბათ.

უნდა დავიცალო. თუ ცუდად ვარ, უნდა შევძლო და ვიტირო. თუ კარგად, ეს იმდენად მასშტაბური უნდა გავხადო, რომ ყველას გადავდო. მაგრამ მე ჰო არ მაქვს ის ღიმილი და ენერგია, როგორიც შენ?! როგორც შემიძლია ))

ზოგჯერ მგონია, რომ გავგიჟდი და უბრალოდ, ბუნებრივ მდგომარეობაში გადამივიდა. გეძებ ყველგან სადაც ხალხი არაა და სიმშვიდეა. სადაც მარტო ვარ.

გამივლის, ზუსტად ვიცი, მაგრამ მინდა რომ სულ მახსოვდეს. ამიტომაც ვწერ აქ, ალბათ. იქნებ, მერე მეუცხოვოს კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად ვიქცევი.

მშვიდად იყავი. და სულ გაიღიმე.

large