ჩემი ომი 25 წლისაა

სტანდარტული

ჩემი ომიდან 10 არა, უფრო მეტი, 25 წელი გავიდა. ზედმეტად პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მახსოვდეს ეს ფაქტი, მაგრამ არის რაღაც კადრები, რაც ჩემთვის არავის მოუყოლია, მაგრამ ჩემ მეხსიერებაში ნამდვილად არსებობს.
მოვინათლე ნახევრად დაბომბილ ეკლესიაში, ეს არ მახსოვს, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, ზედმეტად ხელშესახები ხდება ყველაფერი, მამაჩემიც, რომელსაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოაქვს ჩემი საბავშვო ალბომი და 5 სანტიმეტრის დეკორატიული საყვავილე, რომელიც დღემდე დევს ჩვენი პიანინოს თავზე და ყოველი შეხედვისას მახსენებს, რა გზა გამოიარა ჩვენთან ერთად.
ის უსასრულო გზაც, უღელტეხილის, რომელსაც ზამთრის სისუსხე დაყვებოდა უკვე, გზას მიიკვლევდა ხალხი, რომელმაც უკან მოიტოვა დაბადების და მთელი ცხოვრების მოგონებების ადგილი, მიწასთან გასწორებული. სამომავლო მიზნები, ოცნება იქ დაბერების, თუმცა, მგონია, რომ ამ ხალხს ის ძალა ატარებდა იმ საშინელ გზაზე, უკან დაბრუნების ძალა რომ ჰქვია, ყველაფერი დროებითი რომაა, რომ ესეც გაივლის. ამ ძალას ეპოტინება დღემდე მამაჩემი, მთელი თავისი შეგნებით და საქმიანობით. ბინა თბილისში დიდუბეში იმიტომ იყიდა, როცა დავბრუნდებით, გასასვლელთან ახლოს ვიქნებითო, მთელი სერიოზულობით თქვა და არ ესმის, როგორ შეიძლება ამის არ გჯეროდეს.
მე წარმოდგენა არ მაქვს და ვერ დავიბრალებ, რას ნიშნავს ადამიანივით გენატრებოდეს ადგილი და ადგილები, ის ქუჩები, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი და გიხაროდა ყოველი დღე და გეგონა, რომ მთელი ცხოვრება ასე ივლიდი, იმ სანაპიროზე და ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ ეს ზღვა ასე ძალიან მოგენატრებოდა. სამაგიეროდ, ვიცი რას ნიშნავს ვცხოვრობდე იმ ადამიანებთან, ვინც ამ მონატრებით ცხოვრობს.
უღელტეხილის გზაზე, ჩუმად თოვლს ჭამდიო, დედაჩემი იხსენებს ხოლმე. კარგ ხასიათზე ვიყავი, იმიტომ, რომ წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა ირგვლივ და ვერც ის გავიაზრე, გზად “მძინარე” კაცს, რომ ხელით ვაღვიძებდი, ვერასდროს გაიღვიძებდა.
15 წლის მერე უკვე სხვა ლოკაციაზე, სხვა ადამიანების ტკივილი გახდა იგივე გზა. ჩემები ამჯერად არ დაბნეულან, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ხელი უსარგებლო 5 სანტიმეტრიან დეკორატიულ საყვავილეს არ შევავლეთ, უფრო გააზრებულად ჩავბარგდით და წამოვედით დასავლეთიდან. 

სხვა დანარჩენი არის და ყოველთვის იქნება ისტორია, სტატისტიკა და სანამ ეს ყველაფერი ღრმად ჩამჯდარ მოგონებებად იქცევა, მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამის აღიარება, გავრცელება პირველი ნაბიჯია, სხვა მხრივ, მცირედი, მაგრამ ყველამ უნდა გავაკეთოთ ამ ისტორიის შესაცვლელად.

 

38786143_652769528437238_1400081414904348672_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s