Do you remember?

სტანდარტული

სკოლის დერეფნებიდან კიბეებზე ბოლოჯერ რომ ჩამოვდიოდი, გულში ვიმეორებდი, აი ეს ამბები არასდროს დამავიწყდება-თქო, უკან ვიხედები და ისეთი ცარიელია დერეფნები, როგორც კლასში შესვლის ზარის მერე იყო, ჩამიჩუმი რომ აღარ ისმოდა, არც ერთი ფეხის ნაბიჯი და ჩრდილი – ასეთი სიცარიელეა. არ მახსოვს ბოლოს სად შევირბინე, ვისთან მივედი, რა ჩავიფიქრე გამოსვლის წინ. არადა, ზოგჯერ ისეთი დეტალი გამახსენდება, სად ვიდექი სასადილოში ბავშვებით გადატენილ რიგში, როგორ აღმოვაჩინე რომ ხურდები ჯიბეში არ მქონია და როგორ მიყიდა სრულიად უცნობმა ბავშვმა ნამცხვარი “ენა”, მაგრამ ის მაინც არ მახსოვს, ბოლოს რა გავაკეთე. ბაბუაჩემის ეზოში რომ გავდივარ კიბეებით, ჩამოვჯდები ალუბლის ხის ქვეშ, ხის გრძელ სკამზე და ვიმახსოვრებ გამალებით ყველა დეტალს, რომ აქ რგია ვარდის ბუჩქები, გაყოლებაზე ოთხი ცალი მალინა, ჭიშკართან ბროწეულის პატარა ხე, მინდა რო ეს განლაგებები მთელი ცხოვრება მახსოვდეს, მაგრამ ვერ ვიხსენებ ბოლოს რომ გავედი კარებიდან და სხვაგან წავედი საცხოვრებლად, რას ვფიქრობდი, რას შევხედე ბოლოჯერ, რაზე გავიფიქრე ეს მომენატრება-თქო?! ვერც ამას ვიხსენებ. პირველად რომ წავედი მეგობრის სოფელში დასარჩენად, 16 წლის, მაშინ გზაში ვფიქრობდი ეს იქნება ყველაზე გრძელი, ყველაზე ცხელი, ყველაზე სავსემთვარიანი ღამეები-მეთქი, ყველა სიმღერა მახსოვს, ყველა მოყოლილი ამბავი, ყველა წვიმა, ყველა სიცილი. ვერ ვიხსენებ იქაურობას და იქაურებს როგორ დავემშვიდობე? რა დავიბარე?! რას შევპირდი ჩემ თავს, ამ ეზოში, 10 წლის მერე, რა გენდომება ჩემო თავო-თქო, როგორ ვუთხარი?!

ასეთი ამბები ისე მიგროვდება, თითქოს უსასრულოდ ცხოვრებას ვაპირებ, თითქოს ადამიანები ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ არსებობენ, ყოველთვის ამ განლაგებით იდგებიან და როცა მინდა ხელს დავავლებ, სადმე წავიყვან, რამეზე გავაცინებ, ყავაზე დამპატიჟებენ, ქოთნის ყვავილს მაჩუქებენ, კინოში მარტო პოპკორნის საჭმელად წავალთ, თითქოს ისეთი თვითმყოფადია ეს საგნები, ეს ადამიანები, ეს ცხოვრება, ისე გავიხსენებ, როგორც წუხელ მომხდარ ამბავს. მაგრამ ვძაბავ ხოლმე გულს მთელი ძალის მუხრუჭებით, რომ გაიხსენოს ბოლოს ციცინათელა რომ ვნახე, ვის ვახარე, რა ჩავიფიქრე, რა ვუთხარი. იმის მერე იმდენი წელი გავიდა, ზოგჯერ მგონია, რომ ადგილიც დამავიწყდება, მას მერე ვეძებ იმ ადგილებს, სადაც შეიძლება ისევ გადავეყარო, ჩემ თავს ვპირდები, ამჯერად ყველა მომენტს დავიმახსოვრებ, ყველა შესახვევს და ფიქრს-თქო.

ადამიანები ადამიანებს რომ კარგავენ, იხსენებენ ბოლოს სად ნახეს, როგორ, რა სიტყვები გაცვალეს ერთმანეთში, როგორ გამოიყურებოდა. ამაზე ვფიქრობთ გამალებით, რაღაც კავშირებს ვეძებთ, თითქოს ის ნახვა რაღაც მინიშნება იყო და სხვანაირად უნდა დაგვმახსოვრებოდა დეტალები. ჩავუვლით ერთმანეთს ყოველდღიური რუტინის გადამკიდე, ერთ-ორ ღიმილს გავცვლით და ჩავივლით, ერთხელაც რომ ვერ გავიხსენოთ გავუღიმეთ საერთოდ თუ არა?!

ზოგჯერ ხმებს ვიმახსოვრებ, განსაკუთრებით სიცილებ, ერთ წერტილს რომ გავუშტერებ ხოლმე სივრცეში თვალს, ეს ხმა ავტომატურად ირთვება, მერე მეც მეღიმება და ვფიქრობ – აი, ეს არასდროს დამავიწყდება! მაგრამ არ ვიცი, იქნებ “ბოლო” სიცილი, ბოლო ჩახუტება, ბოლო კოცნა აღარც გამახსენდეს, მთელი სხეული მოვჭიმო ზამბარასავით და ვაიძულო, მაგრამ უარი მითხრას. ამაზე ვფიქრობ ხოლმე, ზოგჯერ იმდენს, რომ მერევა, მესიზმრება, თუ ისევ ვფიქრობ.

გახსოვს?! – ხშირად ვეკითხები ჩემ ადამიანებსაც, ისინიც დარწმუნებით მპასუხობენ – როგორ არა! და მეც სულ მინდა ამის მჯეროდეს, რომ ემახსოვრებათ, როგორ ვუღიმოდი ბოლოს, როგორ გავიცინე, როგორ ჩავეხუტე და რა მეცვა, როცა ვკოცნიდი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s