Monthly Archives: ივნისი 2017

Wake up

სტანდარტული

იქ გაიღვიძე, სადაც გინდოდა?! ვეკითხები ჩემ თავს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს, ათ წუთში ჩაიცვას, სარკეში ნაჩქარევად ჩაიხედოს და ის ცხოვრება ითამაშოს, სადაც მონაწილეობას დიდი ხნის წინ დათანხმდა. მერედიტი ამბობს – არავინ იცის წინასწარ, რომ დღეს სწორედ ის დღეა, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება და შენი ცხოვრება შეიცვლება. არავინ ვიცით, როცა დილით თვალს გავახელთ, რომ ეს ის დღეა, რომელსაც არც კი ელოდებოდი, ვერაფერზე შეატყვე, არც განსაკუთრებულად ჩაგიცვამს, არც ის სუნამო დაგისხამს, რომელსაც იშვიათად ისხამ, არც სიზმარი გინახავს.. მოკლედ, ეს ის დღეა სცენაზე, მიკროფონის წინ რომ დადგება და თავის ამბავს მოჰყვება, ათიათასობით კაცისთვის ინსიპირაცია რომ გახდება, ვიღაც ალბათ წიგნსაც დაწერს, ეიჩბიოუ სერიალს გადაიღებს, ვიღაც შეიძლება ვიღაცას სიყვარულშიც გამოუტყდეს ამ ამბის მოსმენის მერე.  ეს დღე კიდევ შენ გადაგხდა, გადაწყვიტა, რომ შენ ცხოვრებაში მომხდარიყო, იგრძნობ ამ განსაკუთრებულობას? დააფასებ? თუ დილის ყავას მეორე დღეს ჩვეულებრივად დალევ და ამ ყველაფერს ისე მიიღებ, თითქოს ყოველთვის შენი საკუთრება ყოფილიყოს, რომელიც როგორც იქნა კვლავ შენთან დაბრუნდა. ამასაც იმ სიყვარულებივით მივიღებთ, რომლებსაც გვგონია რომ ვიმსახურებთ?! ძაღლს, რომელიც ყოველ დილით იმ მოლოდინით გაცილებს კარებში, თითქოს წასვლას გადაიფიქრებ და ზღურბლიდან უკან მობრუნდები, დედას რომელიც დღეში რამდენჯერმე გირეკავს, იმის მოსასმენად რომ უბრალოდ კარგად ხარ. თუ იმ ძველი მეგობრის მესიჯზე, რომელიც გატყობინებს, რომ მოენატრე და აკლიხარ, ან იმ ადამიანს, რომელსაც არასდროს ბეზრდება გითხრას, რა ლამაზი ხარ. წვები და იძინებ თითქოს კანონზომიერია ყველაფერი, საიდანაც სიყვარული მოდის.

მოდი, დამესიზმროს ის დღე, რომელიც ჩემ ცხოვრებას შეცვლის, ვეუბნები ჩემ თავს და ვერაფერზე ვფიქრობ, ცარიელი სცენასავით დგას ეს ფიქრები, უმიკროფონოდ, უესკიზოდ. კარგი, ამჯერადაც დაველოდები. არ მეზარება და მეორე დღეს ისევ ვეკითხები – იქ გაიღვიძე, სადაც გინდოდა?! ეს გოგო სულ უყრუებს, ისე ჩაიცვამს, ისე გაიხურავს კარებს 10 წუთში თითქოს, არც ახსოვდეს წუხელ რა ნახა სიზმარში, ან იქნებ არც ახსოვს. – ეს ყავა დღეს განსაკუთრებულად გემრიელია; რა ლამაზი ხარ, საოცარი ამინდია; ეს სიმღერა სიცოცხლის ხალისს მაძლევს; არ მოგენატრე? შვებულებამდე დარჩა 5 დღე; მომენატრები. მარტივ ჰაიკუებსაც ვერ ვაბამ თავს, ერთ სიტყვიანებსაც. გეგონება, მგრძნობელობა დამიქვეითდა და ეს ფეხებიც სულ მზადყოფნაში მეყოლებიან საბოდიალოდ, ან ეს ხელები ყოველთვის მოისურვილებენ მათ, ვისთან ჩახუტებაც მინდა, ეს თვალები იქამდე გახედავ სილუეტს, სანამ მოსახვევში არ გაუჩინარდებიან.

სცადე იარო ჩემი ფეხსაცმლით, ვეუბნები ჩემ თავს. იქნებ, დღეს მაინც არის ის დღე, რომელმაც… მოდი, დავისიზმრებ. გაფუჭებული ხმაური, გულისგამაწვრილებელი სიგნალით. დაიძინე – ვეუბნები ჩემ თავს და როცა გათენებას იწყებს, მნებდება და ფარდა.

 

a7c147642d1fd115bbb6b30ee2a4ff8e

Advertisements