Daily Archives: მაისი 10, 2017

Home

სტანდარტული

დედამიწაზე ყოველთვის იარსებებს ისეთი ადგილები, სადაც თავს ისე იგრძნობ, თითქოს ეს სამყარო სულ ახალია, შენ უნდა დატოვო პირველი ნაფეხურები, შენ ხარ ის პირველი ადამიანი, ვინც შეიგრძნობს თავისუფლებისგან გამოწვეულ ბედნიერებას და მერე სხვებს მოუყვება ამის შესახებ, გაზიარებით ეს ბედნიერება გაბევრდება და ყოველთვის იარსებებს ტვინის იმ ნაწილში, სადაც ენდორფინები ანათებენ.

18425889_10212680518917412_956178001_n

მერედითი ამბობს:

You can build a house out of anything, make it as strong as you want, but a home, a home is more fragile than that. A home is made of the people you fill it with and people can be broken, sure, but any surgeon knows what’s broken can be mended, what’s hurt can be healed, that no matter how dark it gets, the sun’s gonna rise again.

18425595_10212680452755758_1703748348_n

ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვამტკიცებდი ყველასთან, რომ სახლი სულ სხვაა და იყო შინ ეს შეგრძნება იშვიათია. შინ ხარ იქ, სადაც ნებისმიერი ამინდი მისაღებია, იქ სადაც ადამიანები საშუალებას არ გაძლევენ იყო მოწყენილი, იმიტომ რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა ამისთვის, ეს ის ადგილია, სადაც შენი ესმით, სადაც ხელშესახებია ყველაფერი, რაზეც გიოცნებია. თუმცა, ვიტყუები, ბარსელონაში მოგზაურობა და კამპ ნოუზე ჩემი ყოფნა არასდროს ყოფილა ოცნება, ეს ისეთივე გარდაუვალი მოვლენა იყო ჩემთვის, როგორც დავუშვათ, თვალების ხამხამია. ვიცოდი, რომ ერთ დღესაც დამოუკიდებლად ავდგებოდი და წავიდოდი, გვერდით ის ადამიანები მეყოლებოდნენ, ვინც იციან ჩემთვის ეს ყველაფერი რა იქნებოდა, ეს ყველაფერი იმდენად რეალური იყო ჩემს წარმოდგენაში, რომ შესაბამისად, არც არასდროს ყოფილა ოცნება, უბრალოდ, ველოდებოდი ამ დღეს.

პირველი შეგრძნება, რა თქმა უნდა, სუნი იყო – მზის, ახალი ხილის, ფიჭვის და ახალმოდუღებული ყავის. მერე თითქოს ყველაფერი ერთბაშად ახლობელი ხდება, ქუჩები, ხალხი, მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო ენა, უამრავი ღიმილი და “ოლაა” ბოლოში გაწელილი “ა”-ებით და შინ ხარ.

18424790_10212680452035740_1646165364_n

მეტრო პირდაპირი მნიშვნელობით 2 ფეხის ნაბიჯზეა, ყველგან სადაც არ უნდა მოინდომო წასვლა შენი მთავარი და უმარტივესი გზამკვლევია. ხალხის თვალიერებაში საშუალოდ 5-10 წუთი გცალდება და იქ აღმოჩნდები, სადაც გინდოდა.

18447899_10212680424555053_1237773635_n

ულამაზესი არქიტექტურის დასათვალიერებლად კისრის დაგრძელება არ გჭირდება, შენობები საშუალოდ 6 სართულზე მაღალი არ არის, ქუჩები გრძელია, ვიწრო და ლამაზი, უმრავლესობა გოთიკურ სტილში გადაწყვეტილი, ფეხს სადაც გადადგამ პატარა კაფეები და ბარებია, სადაც უამრავი სხვადასხვა აქცენტი და ენა გესმის, ყველას საერთო ის გაქვთ, რომ ბედნიერი ხართ ამ გარემოს რომ იზიარებთ და იმ ადგილის ნაწილი ხართ, სადაც ყველაფერი პერფექციონისტურად და იდეალურადაა ერთმანეთთან კავშირში.

აქ “მოწყალებასაც” მხიარულად გთხოვენ.

18387303_10212680518877411_733576786_n

არსად გადაგეყრებათ უპატრონო ცხოველები, იმიტომ რომ ყველა ოთხფეხა შინაური ცხოველი ბარსელონას მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ყველას ჰყავს, ყველა უვლის, თან არაერთს. კატალონიის მოედანზე მტრედების დიდი სამოთხეა, ქალაქში მტრედები უფრო დადიან, ვიდრე დაფრინავენ, მძიმე წონის გამო 🙂

პორტში მომწვანო წყალმა, გემებმა და სუნმა ისე გამიტაცა, თავში ბევრი გიჟური აზრი მომდიოდა – ჰომ არ გავიქცე და იმაზე მეტხანს დავრჩე ამ ქალაქში, ვიდრე ეს ადეკვატურმა მემ დაგეგმა, ან რა მინდა იმ ცხოვრებაში, რომელსაც უნდა დავუბრუნდე?! მოკლედ, ფიქრთ გასართველი ადგილია, ყველაზე სასიამოვნო ჰავა უბერავს, ბელგიურ ვაფლების და ჩუროების.

18447793_10212680451915737_1645511428_n.jpg

“საგრადა ფამილიას” დათვალიერების დროს ისეთი შეგრძნება გაქვს თითოს არარეალურია, აწყობილი ფიგურაა, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო ცდილობ დააჯერო შენი თავი რომ მასზე ადამიანების ხელებმა იმუშავეს.

18425576_10212680424595054_490810707_n

სწორედ საგრადას “რამბლაზე” ვცხოვრობდი მე, “რამბლა” ესპანურად ბულვარს ნიშნავს და ქალაქში უამრავი ასეთი “რამბლაა” ღია კაფეებით, ულამაზესი სუვენირებით, იქვე მომზადებული ტკბილეულით და ყველაზე გემრიელი ყავებით, რომელიც ჩემდაგასაკვირად გულს კი არ მიჩქარებდა, ისევ ენდორფინებზე მუშაობდა. დილა შეიძლება მუსიკალური ფლეშმობით დაიწყოს, ან ათასი წვრილმანის ბაზრობით, ან ადამიანი-სკულპტურებით, სულ შეიძლება შეგაწუხოს იმ აზრმა რომ დრო არასდროს იქნება საკმარისი აქაურობის დასათვალიერებლად, ამიტომ დილას ადრე დგები, ფეხებში შეგრძნების დაკარგვამდე დადიხარ, გვიან ბრუნდები სახლში, ემოციებისგან დიდხანს ვერ იძინებ და დილას ნაყიდი ნაირ-ნაირი ეგზოტიკური ხილით ხელში ისევ განათებულ “რამბლებს” გაჰყურებ.

18448137_10212680451555728_1595833969_n.jpg

18387276_10212680453635780_739031873_n.jpg

“მონსტერატის მთებში” ქალაქის ეს ჯადოსნურობაც გავიწყდება და საუკუნეებით უკან გადავარდები, ორი თვალი საკმაოდ ცოტაა იმისთვის რომ ყველაფერს ეყოს, ამიტომ იმდენი ფოტო გადავიღე, სადამდეც და როგორც შევძელი. რიგში ვიდექი “Black Madonna”-ს სანახავად, ხელიც შევახე და როგორც წესია, სურვილი ჩავიფიქრე, რომლის გონებაში ჩალაპარაკება ბოლომდე ვერ მოვასწარი :))

“ტიბიდაბოზე” ქრისტეს ქანდაკებასთან კიბეებით რომ ავდიოდი ფეხებში ნისლები მედებოდნენ, ისე მაღლა ვიყავი, რომ სიმაღლის შიშის ფობია დავძლიე, ზოგჯერ ყველაფერი იმდენად არარეალურად დიდებული ჩანს, გეცინება, ან გინდება ტაში შემოჰკრა, ან შეხტე, ან ირბინო, ან წაიცეკვო, ან ყველაფერი გასინჯო, რასაც შემოგთავაზებენ.

ზღვის უდიდესი სამყაროს სანახავად ბარსელონას “აკვარიუმი” წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობაა, ისე ახლოს დადიან შენს ირგვლივ ზვიგენები, პინგვინები, ცოტა ხანში ამასაც ჩვეულებრივ მოვლენად თვლი.

18425883_10212680452075741_684696454_n

კამპ ნოუზე ალბათ ბოლოს იმიტომ ვწერ, რომ აღწერა მიჭირს არა, უფრო მენანება, იმდენად პირადული ბედნიერებაა, ეს ის “შინაა”, რომელსაც 16 წელი შორიდან უყურებდი, ყველა თასი, ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ისეა შემონახული მუზეუმში, თითქოს გუშინ ხდებოდა ყველაფერი, იქ ცხოვრობს ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სიხარულს განიჭებდა და დღემდე აგრძელებს ამას.

მუზეუმის დათვალიერებიდან მეორე დღეს თამაშზე ვიყავი. მეტროში ჩასვლისთანავე გული ამიჩქარდა, ვაგონები სავსე იყო გულშემატკივრებით, გზაც ერთად გავიარეთ მოედნისკენ, ყველა ბარი სავსე იყო, ბევრი ლუდი, ბევრი ფორმიანი ბედნიერი ადამიანი და არავითარი არეაულობა, თამაშს 95 000-ზე მეთი ადამიანი ესწრებოდა, ყველანაირი დისკომფორტის გარეშე, აქ აკრეფილი ენდორფინები შეუძლებელია, რამეს შეადარო – ამას მხოლოდ გულშემატკივრები გაიგებენ.  თამაშის შინაარსი ნაკლებად მახსოვს იმდენად ვცდილობდი ხალხის ემოციების დამახსოვრებას, ჩემი თავის მიყურადებას, 4-ვე გოლის ჩაბეჭდვას მეხსიერებაში და იმ პატარა ბიჭს, რომელსაც ალბათ სულ რამდენიმე წელში მოედანზე ვეღარ ვიხილავ. ვიჯექი და ვასეივებდი ემოციებს, რომელსაც ამნეზიის შემთხვევაშიც ვერ ამოშლიან.

18426027_10212680452955763_315033138_n

თამაშის მერე ეს ბედნიერი ნაკადი დაიძრა გადანაწილდნენ ქუჩებში, ტრანსპორტში, ბარებში, ყველგან აღნიშნავდნენ, სადაც შეეძლოთ, თითქოს ჰომ ჩეულებრივი ლამის ყოველკვირეული “რუტინაა” – ამ დროს, აქაც, ყველა ემოცია ახალია და ყველა ადამიანისგან წამოსული ემოცია გადამდებად გამაბედნიერებელია.

იქ ყოფნის დროს უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, უკან როდის დაბრუნდები. გამორიცხულია, ამ შეგრძნების გარეშე მოდიოდე ქალაქიდან, რომელიც ასე გაბედნიერებდა.

ის 6 დღე დაუვიწყარი რომ იყო ჩემი 3 საუკეთესო მეგობრის დამსახურებაცაა, სადაც ოთხივეს 16 წლის მეგობრობა შეგვისრულდა. კიდევ ერთი ადამიანის, რომელსაც რეალურად აქამდე არ ვიცნობდი და რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბევრი მოგონება დამეგროვებინა.

“ცხოვრება მშვენიერია” – გული მწყდება მთელი ხმით ან ესპანურად რომ არ შემოვძახე ბარსელონაში, თუმცა ” არ მჯერა”, “რა ლამაზია”, “რა საოცრებაა”, “რა ბედნიერი ვარ” ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზები იყო.

მათ ვისაც ეს ნაწერი განსაკუთრებულად მოხვდება გულზე, სასწრაფოდ დაიწყეთ ფულის შეგროვება, ან ფიქრი იმისთვის, რომ მთელი შეგრძნებით გაიზიაროთ ის ყველაფერი, რისი გადმოცემაც მოვახერხე და სულ რაღაც 30%-ია რეალობის.

All was well.