I can’t make you Love me

სტანდარტული

თუ ცხოვრებაში დამთხვევები არსებობს, არსებობს იმ რეალობაში, დაწოლიდან ჩაძინებამდე რომ ხდება. სხვა შემთხვევაში, გარდაუვალია, ნივთები ასე სიზუსტით ლაგდებოდეს ოთახებში, სამზარეულოში იგივე კერძი მზადდებოდეს, კარზე ზუსტად იმ დროს იყოს ზარი, სანამ აბაზანამდე მიხვალ. ეს დავარცხნილი მოქმედებები მხოლოდ დამთხვევაა, ერთგვარი ათვლის წერტილი, ან ის რეალობა, სადაც შენ ზუსტად ის ადამიანი გამოხვედი, რომელსაც გინდა რომ სარკეში ხედავდე, ის ყოველ დილით გიღიმოდეს და ასე გიმხნევებდეს უკვე დამდგარ დღეს.

ავად ყოფნას საკუთარ თავს ვერ გამოუგონებ, ამ დროს სხეული არ გემორჩილება. სამაგიეროდ, შემიძლია კარგად ყოფნის შესაძლებლობა გამოვუგონო – ანუ, როგორ ვისწავლე პატრონუსის შელოცვა. ადამიანები ყოველთვის თავისუფლები იყვნენ ჩემგან, შემოდიოდნენ და გადიოდნენ, როგორც ღია კარში, რომელიც გულისგამაწვრილებლად არასდროს ჭრიალებდა. იმ რეალობაში, სადაც დამთხვევები საათის პრინციპით მეორდება, კარის გაჯახუნებებიც ისმის, შემდეგ დამდგარი სიჩუმეც, თუმცა პატრონუსით შემიძლია ყველაფერი გამოვასწორო.

მე ყველაფერი შემიძლია, შემიძლია ხელებს მახსოვრობა შემოვუნახო, შემიძლია პირველადი დამხარება აღმოვუჩინო ადამიანებს, ვინც მიატოვეს საკუთარი თავები, შემიძლია ფეხიფეხზე გადადებულმა ვჭამო ნაყინი ისეთი ემოციით, თითქოს ძალიან მიყვარს, შემიძლია სიზმრები ვიმახსოვრო და ახდენაში მივეხმარო, შემიძლია სამ-სამ კიბეს ისე ვახტებოდე, თითქოს იქ მეჩქარებოდეს, სადაც განსაკუთრებით მელოდებიან, შემიძლია გაზაფხული ისე ძალიან მიყვარდეს, როგორც შემოდგომა, შემიძლია, დავთმო წვიმაში სიარული და ნაცვლად ამისა, მთებზე ვიცოცო, გული ამოვიგდო და საგულეშიც მე თვითონ ჩავსვა. ახლა გამახსენდა, რომ შემიძლია გულჩი ჩაფიქრებული სურვილის ნაცვლად, ვჭამო საკუთარი პრინციპები, მარილიანი უცებ გადავყლაპო და წყალიც არ მივაყოლო.

მე შემიძლია თავი მოგაჩვენო, ყველაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ჩემი თავი შეგაყვარო. ეს ის ძალაა, რომელიც სასაზღვრო პუნქტივით დგას იმ და ამ რეალობას შორის, სადაც მესაზღვრეებს არასდროს სძინავთ, არასდროს ეშლებათ შენი საგულდაგულოდ გაჩხრეკა. მეც ხელცარიელი, ჯიბეებამოტრიალებული, გულდაღმა ვდგავარ – არაფერი ვარ იმაზე მეტი, როგორიც ვჩანვარ. ნაბიჯებს ისეთი სიმტკიცით ვდგამ საზღვრიდან, თითქოს მუხლები არ მიკანკალებდეს და ზურგი არ მიცახცახებდეს.

მე ყველაფერი შემიძლია, ვეუბნები ჩემ თავს. ყველაფერი, გარდა…

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s