Monthly Archives: იანვარი 2017

To the ones who Dream

სტანდარტული

თუ ახლა სიზმარში ვარ, მწარედ ვანანებ იმას, ვინც გამაღვიძებს.

la_la_land_2016_4k-1080x1920

ფილმებზე არასდროს ვწერდი. ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რეალურად მომხდარ ამბავზე ვყვები, თუ როგორ მოვხვდი ლოს ანჯელესში და როგორ გავხდი შემსწრე იმ ისტორიის, რომელიც ისე მოხდა, თითქოს ყველა შეგრძნება საკუთარ თავზე გამოვცადე.

ცხოვრებაში ყველაფერი ორ რადიკალურ ფერში ხდება – თეთრში, როგორც Ups და შავი, როგორც – Downs. თუ ამ თეორიაში ოდესმე ეჭვი შეგიტანიათ, ან პირიქით – გიფიქრიათ, რომ ცხოვრება მხოლოდ ის არაა იყო ბედნიერი ან არ იყო, მაშინ ლა ლა ლენდში უნდა იმოგზაუროთ.

ამბავი, რომელსაც ვყვები სრულიად გამორიცხავს ამ ორ ფერს და მას შემდეგ, რაც შავ–თეთრი ფილმები ისტორიაა, ეს ყველაზე ფერადი ფილმია, რაც ოდესმე გადაღებულა. წარუმატებელი დღის მეორე მხრიდან დასანახად ვრთავთ ყვითელ, წითელ, ლურჯ და მწვანე ღილაკებს, საკუთარ თავს შთავაგონებთ, რომ ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ უკეთესობისკენ.

ცხოვრებას კი, თავისთავად, უნარი აქვს რეგენერაციის, საკუთარი თავის რწმენა კი ამ პროცესის ყველაზე უტყუარი მეთოდია. მაგრამ…

სწორ დროს, სწორ ადგილზე ყოფნის თეორიის ვის სჯერა? მე, მე, მე! და მცირე ცვლილებასაც შევიტანდი – სწორი ადამიანის ფენომენის. იმ ადამიანის, მანქანაში თავლდახუჭული ჩაუჯდები და გზაზე დადგომის მერე გაიაზრებ, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხართ, მაგრამ ეს სხვა არაფერია, გარდა გულწრფელი სიცილისა, იმ ადამიანის, ვისთვისაც შენი წარმატება საკუთარი თავის მოტივაციაა, ვის გამოც იმ მუსიკას შეიყვარებ, ადრე რადიოში გამოჩენისთანავე რომ გამორთავდი, კიდევ იმ ადამიანის ორი სრულიად განსხვავებული ოცნების ყველაზე ლამაზ სინთეზს გთავაზობს და იმ სიზმარივით სამყაროში მოგახვედრებს, საიდანაც გამოფხიზლება ყველაზე რთული და მტკივნეულია.

დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.
დროა, დავისაჯო მკაცრად.
დროა, გამაღვიძონ მეც.

გამოღვიძება, როგორც დანაშაული. ალბათ, ყველას გვქონია სიზმარი, სადაც იმ ცხოვრებით ვცხოვრობთ და იმ ადამიანთან, იმ ოცნებებით, რომელიც ყველაზე ძვირფასია, გამოფხიზლების დროს, მთელით ძალით ვცდილობთ სიზმრის შებრუნებას, სახეების და ფერების დამახსოვრებას, მაგრამ თითებშორის მოქცეული წყალივით გვაკლდება ფრაგმენტები. სიზმრებსაქეთ კი ასე ახდება – საკუთარ თავთან მარტო რჩები და იმ გზასაც მარტო ადგები, სადაც შენი ადგილია, ზურგს კი იმ სიყვარულის იდეა გიმაგრებს, რომლისაც გჯეროდა, იმ კოცნის, რომელმაც დაგარწმუნა მის არსებობაში და იმ ცეკვით, რომელმაც თავი უწონადობაში გაგრძნობინა. თუ არსებობს უსასრულობა, სადაც ყველაფერი კარგადაა, სწორედ ამ იდეის დაჯერებაა საკუთარი თავისთვის. ყველა აღებული ნოტი და ყველა როლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგვირგია, მადლიერებაა. ზუსტად ისე, როგორც ამ გამოხედვაშია:

ამ ამბიდან გამოთიშვის შემდეგ, თუ გარეთ თოვს და ცივა, პირველი შეკითხვა, რაც თავში მოგდის და გვერდზე მყოფსაც ვერ უმხელ – მინდა ჩემი ოცნებების ახდენა იმ ადამიანის გარეშე, ვინც დამარწმუნა მათ რეალობაში?

კითხვაზე პასუხი სათაურის ქვემოთ, პირველ წინადადებაშია.

Advertisements

Strawberry Fields

სტანდარტული

იმ დილასაც მაშინ გამეღვიძა, დღის და ღამის გასაყარზე, ზუსტად იმ დროს, როცა საყვარლები კარებთან ნაჩქარევად ემშვიდობებიან ერთმანეთს, მეეზოვები სახლებიდან გამოდიან უნიფორმებში, მემანქანე ჰალსტუხს იკრავს და ადამიანები თავს ვერ აღწევენ ძილს, იმ სამყაროში არიან, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სახლში ჩუმად დავდიოდი, თითქოს ვიღაც არ უნდა გამეღვიძებინა. მორიდებით გადმოვიღე ელექტროჩაიდანი, ორმაგი ყავა მოვიმზადე და უფრო დიდხანს ვყნოსავდი, ვიდრე ვსვამდი. ეს ჩვევა არ ვიცი როდის ამეკიდა, ჩაის მოდუღების დროსაც, ჭიქაში თავჩარგული უფრო ვარ და მერე ჭიქა ნახევრად სასვე ცივდება, რიტუალები რუტინად იქცნენ. ლიმონის თხლად დაჭრაც უფრო მსიამოვნებს ვიდრე ლიმონი, შაქრის საშაქრეში ჩაყრა, ვიდრე დატკბობა. ზოგჯერ ხომ არის ისეთი დღეები, როცა გგონია, რომ ის დღე გათენდა ზუსტად, როცა უარს იტყვი ყველაფერზე. სამსახურზე, მეზობლებზე, ძველ რიტუალურ მეგობრებზე, საბანკო ანგარიშებზე, სამგზავრო ბარათებზე, დაზღვევაზე, საკუთარ თავს, როგორც ბარგს ისე მოუკრავ თავს და მოიკიდებ ზურგზე, გაარიდებ იქაურობას, წახვალ ისეთ ადგილას, სადაც ცხვირზე ჭორფლები დაგაყრის და კანი გაგიოქროსფერდება, სადაც არავის იცნობ და ახლიდან იბადები, სახელსაც ისეთს ირჩევ, რომელშიც როგორც ნიჟარა ისე ჩაძვრები და ყურს მიუგდებ ტალღებს და საკუთარი თავიდან წამოსული ჰარმონია ყველაზე სასიამოვნო რამ იქნება მთელი დღის განმავლობაში. მერე უცებ იაზრებ, რომ ერთი ცხოვრება გაქვს, ცხოვრება, როგორც პასუიხისმგებლობა და სხვების მიმართ უფრო, ვიდრე საკუთარი თავის, მთელი ძალით დაგაწვება სახეზე სევდა, ცხვირის და ყურების წვერს აგიწვავს, თავს გააქნევ და ჩანთას გადაიკიდებ. ეს ხუთი წუთია ყველაზე დიდი ადრენალინია, რაც შეგიძლია საკუთარ თავს მისცე. ნაჩქარევად მიაბიჯებ, მაგრამ არსად გაგვიანდება. დაკვირვებიხართ, ადამიანის ფეხებს სკამზე ჩამომჯდარი, როგორ მიდიან ქუჩებში?! თუ ხშირად გაიმეორებთ, ადვილად გამოიცნობთ ვინ სად მიდის, ზოგი სამსახურში გარბის, ზოგი ნაჩქარევი ლანჩის წარმოსახვით კონტეინერს მიარბენინებს, ზოგის ფეხები, როგორც ხელები ისე მიდიან, დინჯად და ფრთხილად, რაღაც სერიოზული საქმე მიაქვთ საიდუმლოდ, ზოგს ფეხი უკან რჩება, მარჯვენა განსაკუთრებით, დიდხანს დაგუბებული სიმართლე აქვს გასამხელი, ზოგი მიფრინავს, რამდენიმე სანტიმეტრით ჰაერშია აწეული, ვხვდებით ვისთანაც მიდის.

გვერდით მინდოდა დადგომა და ყურება, მე როგორ მივდივარ. მომინდებოდა ამ ფეხებზე დიდხანს დაკვირვება? თუ ნაჩქარევად გავაყოლებდი თვალს და დამავიწყდებოდა. ალბათ, უფრო ჰო.

იქნებ, მაინც უფრო ის დღეა, სულ ცოტათი მაინც რომ გავიქცე–მეთქი და საათს დავხედე. ფილმში როგორც ხდება, ზურგსუკან აღებული კადრით, კამერა რომ ტრიალდება და ეწერება – “5 წლის წინ”…

იმ დილასაც მაშინ გამეღვიძა, როცა ღამისფრად თენდებოდა. მაშინაც ფეხაკრეფით გავიარე ოთახები, იმ განსხვავებით, რომ შენ გეძინა და ვიცოდი, კიდევ დიდხანს გეძინებოდა, ვიდრე მე ორმაგ ყავას მოვიმზადებდი, უფრო დავლევდი, ვიდრე დავყნოსავდი. უფრო დავატკბობდი, ვიდრე შაქრის პაკეტს დავცლიდი. უფრო სწრაფად გავემზადე, არც იმაზე მიფიქრია, რომ ერთი ცხოვრება მქონდა, იმიტომ, რომ რაც მქონდა ჩემი იყო, იმდენად ჩემი, რომ არც მჭირდებოდა სხვა. არც არავის მიტოვება გამივლია თავში, სამსახურში ხალხს, როგორც ფილმის კადრებს ისე ვუყურებდი, ჩემი შერჩეული მუსიკით და მეღიმებოდა. ან იმაზე უფრო მეღიმებოდა, რომ ჩვენი ღამეები სხვის დღეებს ჯობდა. როგორც თოჯინების თეატრში, ზოგ ადამიანს ძაფებით უშვებენ დედამიწაზე ზემოდან, ზუსტად იმ სცენაში, იმ დროს, როცა ვიღაც უნდა შემოვიდეს და მთელ სცენარს აზრი მისცეს. რის გამოც დაუკრავენ დაუღალავად აპლოდისმენტებს და ვის გამოც იტყვიან, რომ ემოციური სპექტაკლი ნახეს და ძილის წინ ფიქრებშიც აღმოცენდებიან.

არ ვიცი, ალბათ შევცვლიდი. ძილს შევიბრუნებდი, ისე გაკოცებდი, რომ გაგღვიძებოდა, ყავას შენ მოადუღებდი, მე ვერ ვნახავდი, როგორ იმიტომ, რომ დილის შხაპს მოვასწრებდი, კაბინაში იმაზე ვიფიქრებდი, რომ დილის ყავაზე უკეთესი, მარტო შენი მოდუღებული ყავაა. ცხოვრებაში ზოგჯერ ისე ხდება მოვლენები, როგორც განზე მდგომი მესამე, ეკრანის უკან ზიხარ და მთავარ მოქმედ პირს შენი შეგონებები არ ესმის.

მაშინაც, სულ ცოტათი გაქცევის მცდელობის დროს, საათს დავხედე, ვიცოდი სად მინდოდა გაქცევა, რომ ზოგჯერ მყარ ოთხ კედელზე უფრო კარგი თავშესაფარი ორი შემოხვეული ხელია. სულელურად ფიქრობ, თუ ზუსტად იმ ადგილას დაბრუნდები, საიდანაც დაიწყო ყველაფერი, ჯადოსნური ძაფებით სცენარში ისევ გამოჩნდება ის ერთი, ვისაც ცხოვრების ამოტრიალება ისე შეუძლია თითქოს სამყარო სულ ახლახან დაიბადა და ყველაფერი ახალდადებული თოვლივით ხელუხლებელია. შენ კი გაქვს უფლებაც და საშუალებაც იყო პირველი, ვინც შეეხება, ვინც შეუერთდება და ისე სრულყოფილად მოთავსდება ნიჟარაში, როგორც ტალღა, მახსოვრობის უნარით, რომელსაც თუ ყურთან მიიდებ მოგიყვება ისტორიას, სადაც ღამეები დღეებს ყოველთვის სჯობდნენ.

გავიღვიძებ და გაგაღვიძებ.