Monthly Archives: დეკემბერი 2016

Lights in our Life

სტანდარტული

სულ მინდოდა ამეღწერა, რას ვგრძნობ შუქებზე და სინათლეებზე, როგორ მყვანან ისინი დამახსოვრებული და როგორ აღვწერდი, როცა მკითხავდნენ – შენი “ამ” მეგობრის სახლში როგორი შუქი ანთია, ან მის ოთახში? და მე აღვწერდი, იმიტომ, რომ ყველასი მახსოვს.

ქუჩაში დაღლილი, ცხვირგაყინული, ჩქარი ნაბიჯებით რომ მივდივარ, შეიძლება გამაჩეროს გვერდით სახლიდან გადმოსულმა შუქმა, საიდანაც მთელი სახლი იღვრება, გამაჩეროს და დამაფიქროს.

პატრონუსი ჩვენ ცხოვრებაში. რბილი, მოთეთრო, მოლურჯო სინათლე, სინათლე, რომელსაც შეუძლია სიმძიმე, ტკივილი, წყენა, მწარე მოგონებები თავისი შემოსვლით უკუაგდოს და გაგახსენოს, რომ შენ შენ ხარ, ძლიერი, რომელსაც საკუთარი ზურგი საკმარისად ყოფნის იმისთვის რომ მყარად იდგეს ორივე ფეხზე. ჩვენი ადამიანებიც ჰომ ისინი არიან, ვინც სიბნელეში შემოდიან და სინათლე შემოჰყვებათ, მაგრამ თან გაჯერებენ, რომ შენც მათთან ერთად შემოხვედი.

ციცინათელები. არსებები, რომლებიც გაუაზრებელი ასაკიდან მიყვარს, ერთი ნახვით. სოფელში, უდიდესი ვაშლის და მსხლის ხეებში ჩამალული გზები რომ გამინათეს, ჩემს მუჭში მოთავსდნენ და თითების ჭუჭრუტანები ამომინათეს. მას შემდეგ სულ ვეძებ, სულ მგონია რომ ყველაზე ჯადოსნური არსებები არიან, თუ მუჭში მოიქცევ და ჩასჩურჩულებ, სურვილსაც აგიხდნენ. ოღონდ, უნდა იპოვო.

შუქები, რომლებიც იჭრება ადამიანების თვალებში და უბრჭყვიალდებათ. როცა რაღაც სასიხარულო ამბავს ეტყვი, ან დიდ საიდუმლოს გაანდობ, თუ გაუმხელ, რომ გიყვარს, თუ შეპირდები, რომ სიურპრიზს უმზადებ. დააკვირდით ადამიანების თვალებს, გუგებში შუქი ეჭრებათ და შუაგულში ანათებენ.

პასკალი ჩემ ცხოვრებაში. ადამიანი, რომლის ნახატები მახსენებენ სიკეთეებს ცხოვრებაში, ყოველდღიურ სიკეთეებს. დილის ყავებს, მოკლე ტექსტურად მოსულ სიხარულებს, არდადეგებს, ცხელი ქვიშისგან გახურებულ ფეხისგულებს, ზღვის პირველ ტალღებს, ჩურჩულს, რომელიც ჟრუანტელს აჩენს, დიდი ხნის ნანატრ ძილს, სასურველ სიზმარს, შენ ადამიანთან ერთად გრძელ გზებს, სახლს, როგორც ციხესიმაგრეს და სინათლეები! ღმერთო ჩემო, ყველაზე კეთილი სინათლეები, რომლებიც მახსენებენ, რომ მეც შემიძლია ვიყო ბედნიერი და პასკალსაც შეუძლია დამხატოს მე, ან დახატოს ჩემს შესახებ.

Advertisements

What happens to the ducks in the winter?

სტანდარტული

ჩვენთვის შეუმჩნევლად სწორედ ის გზები ხდებიან ყველაზე ახლობლები, რომლებსაც ყოველ დღე მივუყვებით, წინ და უკან, თითქმის ერთი და იგივე დროს. თვალით დამახსოვრებული ფილაქანი, კედელზე დატოვებული წარწერა – “წამოხვალ?”, ფანჯრებიდან გადმოსული ყვითელი შუქი და ტრანსპორტის ხმა, რომელიც არ ჩერდება, დამახსოვრებული სკამი, რომელზეც ზიხარ ან შორიდან უყურებ – სიმარტოვის აუტანელი სიმსუბუქე.

ყველაზე სევდიანი ის წინადადებებია, რომელსაც თავში ვატრიალებთ და ვერაფრით ვაცილებთ კითხვის ნიშანს. თუ ბევრჯერ დასვამ, თვითონ გადმოდის შეტევაზე, გიყურებს დაჟინებული მზერით და გაიძულებს პასუხი გასცე, რომ ბოლოს და ბოლოს მოიშოროს თავიდან ეს კაუჭივით არსება. ვათავისუფლებ წინადადებებს შეღავათიან დროში.

What are you gonna do if nothing happens?

უძრაობის იძულების ადამიანები ჩემი მტრები არიან, მე შემიძლია ისინი ერთი მზერით შევიძულო, არასდროს გამახსენდეს როგორ მიყვარდნენ, ან როგორ მაიძულებდნენ სიმღერები მათი ხელების წარმოდგენას ან როგორ მაჩერებდნენ შუა ქუჩაში, სანამ გამვლელები არ გამკრავდნენ მხარს. მე შემიძლია უძრაობის იძულების გამო ისინი დავივიწყო, ისე თითქოს არც არსებობდნენ, ან იყვნენ ერთი რიგითი წყლის ჭიქა, რომელიც გატეხვის შემდეგ არავის გახსენებია.

ვათავისუფლებ უძრავ ადამიანებს ჩემი გონებიდან, ყველა გზა მოჭრილია, ყველა ხიდი დამწვარია. უკან დიდი, ყვითელი შუქი მინათებს ზურგს, მინათებს და თან მითბობს.

ხელისგულებს სულის შებერვითაც გადავარჩენ და იმ კითხვასაც ოდესმე პასუხს გავცემ – სად მიდიან იხვები, როცა ტბა იყინება?