Monthly Archives: მარტი 2015

Inspiration

სტანდარტული

ეს ნაწერი მათთვისაა, ვინც დილას ვერ შეძლო ადგომა და ცხოვრების დაწყება. მათთვის, ვისაც ძალა არ ეყო, ძილი არ ეყო, ადამიანები არ ეყო, დრო, სივრცე და მარილი, მოყინული გზებისთვის.

ანუ, ეს ნაწერი, პირველ რიგში მე მეძღვნება და ყველას, ვინც წაიკითხავს, თუნდაც ერთ წინადადებაში მაინც იგრძნობს, რომ მარტო არაა და მისი ესმით.

ეცადეთ ყველა კითხვა, ჯერ საკუთარ თავს დაუსვათ და მოუსმინოთ, რას გიპასუხებს, თუ თავს უსიტყვოდ დაგიქნევს, ან გააქნევს, ე.ი. ჯერ არსად არ უნდა წახვიდეთ, უნდა გამოტეხოთ. ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, დააყენეთ იმ ადამიანის ადგილას თავი, ვის გასაკიცხადაც თავაწეული მიდიხართ, საკუთარ თავში უზომოდ დარწმუნებული, გულნატკენი. თუ მათ ფეხსაცმლებში ცურვას დაიწყებთ, ე.ი. ეს მცდელობა არ გამოგივიდათ და თავიდან სცადეთ.

არასდროს უთხრათ ენაზე მოყრილი ცივი სიტყვები, ისეთ ადამიანს, რომელსაც თვალები ამღვრეული აქვს და ვერც ტირის.

თუ, ერთ დღესაც, აღმოაჩინეთ, რომ ყველა ოცნება, რომელიც კოსმოსში გაგიგზავნიათ მასზე დაუღალავი ფიქრით, უკან მოგადგათ ჩემოდნებით და გადადებული რეისით, თავიდან შეიფარეთ, უფრო მაგრად ჩაიკარით და უფრო მეტი იფიქრეთ იმ ალტერნატიულ გზებზე, რომელზეც ისევ თქვენვე უნდა დააყენოთ.

ისეთმა ადამიანებმა ჩაიქნიეს ხელები და გული თქვენზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უწვდიდით ზემოთხსენებულებს?! თვალებით მოძებნეთ ისეთი ადამიანები, ვისაც მხარი არასდროს დაღლია თქვენი ფიქრების სიმძიმით.

თუ ვერ მოიფიქრეთ, რა წამალმა შეიძლება უმკურნალოს გულის სიმძიმეს, შეიარეთ წიგნის მაღაზიაში, იარეთ და ეძებეთ იმდენ ხანს, სანამ წიგნის სათაურზე, ანოტაციაზე გვერდულად არ ჩაგეღიმებათ და დაუფიქრებლად იყიდით.

მოუსმინეთ ყველა იმ სიმღერას, რომლის მოსმენისას, ისეთი ვიღაც ან რაღაც გახსენდებათ, რაზეც გული გეწურებათ, გიწვრილდებათ. მოუსმინეთ მანამ, სანამ თავისუფლებას არ იგრძნობთ. თორემ თუ სადმე, შემთხვევით ჩაგერთოთ, თუნდაც ხალხით გადავსებულ სავაჭრო ცენტრის ყველა მაღაზიაში, ვერსად გაიქცევით, ჩაკეცვა მოგინდებათ საკუთარი სხეულის. ჩაკეცეთ, გააქრეთ ასეთი წარმოდგენები. სიმღერებს, რომლებიც ასე გიყვარდათ, ნუ მისცემთ უფლებას, ვინმეს ან რამეს ეკუთვნოდეს და გართმევდეთ მას.

თუ არაერთგვაროვანი ფიქრები ჭიანჭველებივით დაუღალავად მოძრაობენ თავში, ე.ი. სადღაც შაქარი დაგეყარათ, ან მურაბა დაიღვარა. შემთხვევით ასე არ ხდება.

თუ თქვენ ცხოვრებას გულისფეთქვა არ ესინჯება, ადექით და წადით, სადაც და რა სიშორითაც მოგიხერხდებათ, ოღონდ შორს იმ ადგილიდან, სადაც ეს აზრი თავში მოგივიდათ. ჩამოდით დაღლილი, გარემო შეცვლილი, ადამიანებისგან მოწყვეტილი და ძილისწინფიქრების გარეშე დაიძინეთ. დილას სულ სხვამ შეიძლება გაიღვიძოთ.

უყურეთ მერამდენედ ისეთ ფილმებს, რაზეც მუცლის ტკივილამდე გიცინიათ ან გიტირიათ გულამომჯდარს. წაიკითხეთ ყველა ლექსი, რომელიც გგონიათ, ან მართლაც შენზე დაწერეს.

ბოლოს როდის უთხარით, რომ გიყვართ? არავინ ვიცით, ამას უკანასკნელად როდის ვიტყვით.

თუ გულისტკივილამდე დაიღალეთ, ელაპარაკეთ საკუთარ თავს იქამდე, სანამ არ გამოტეხავთ, რითი უნდა უკურნოთ, ან მიუშვით ისეთი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ხელით დაამზადეს მალამოები შენთვის.

თუ გეომეტრიული ფიგურების კალმით, შიგნიდან გაფერადება გინდებათ და ამას ინსტიქტურად აკეთებთ, იგივე სჭირდება თქვენ ცხოვრებასაც.

Time waits for no man. Time heals all wounds. All any of us wants, is more time. Time to stand up. Time to grow up. Time to let go. Time to live.

დროა!

inspirational-quotes-2376