Monthly Archives: დეკემბერი 2014

Marooned

სტანდარტული

ცხოვრებამ ისე შეაგროვა ეს დღეები, რომ ვუცდი გაცივებას.

სულს ვუბერავ, ხელების შემოხვევა ისე მეჩქარება, ვაკვირდები.

ზოგს ვიხსენებ, ზოგი სხვისია, ზოგი ნაშვილები და ყველაზე მეტად ნაფერები.

მე მჯერა მართალი ამბების და ადამიანების,

რომლებიც ხდებიან ამ ცხოვრებაში ისე მოულოდნელად, როგორც თოვლი სარეცხ თოკებზე ამოზრდილი,

მჯერა, რომ ზღაპრებს შეუძლიათ გახდნენ ისეთი დასაჯერებლები, რომ სათითაოდ დაგვჭირდეს ხან ქატოს გაზიდვა,

ხან ფქვილის ტომრების ჩამოცლა ერთმანეთის კარებთან.

მე მჯერა იმ სასწაულის, რომელიც დამუნჯებულ ადამიანებს აალაპარაკებს და ისინი ყველას სათქმელს იტყვიან,

ჩვენ კი ვიქნებით მშვიდად,

რადგან ეს წყეული სიტყვები, როგორც იქნა, ითქვა და აღარავის შეეშინდება მისი მეორედ და მეასედ წარმოთქმა.

მე მჯერა წასული ადამიანების, რომლებმაც საგზლად გაიყოლეს ცივი ხელები – გასათბობად.

მე მჯერა ყველა იმ სიტყვის, რომელიც გალესავდა ყველა დანის პირს, მაგრამ მაინც ითქვა;

მჯერა ძილის წინ ყველა სიტყვა, რომელიც დედამ თქვა და რომელმაც მომცა მშვიდი ძილი;

მე მჯერა გამთელებული ადამიანის, რომელიც დაიმსხვრა.

მჯერა, რომ სადღაც, ვიღაცის ოცნება ახდა.

მჯერა, რომ არავინ დაბრუნდება, ვინც დაელოდა ჩემ ჩაძინებას,

ხელ-ფეხი აკრიფა და შეერია ღამის სიჩუმეს.

მჯერა, რომ სადღაც სოფელში, სანთლის შუქზე, კაკალი ტყდება

და სათითაოდ იმარცვლება მძინარე ბავშვისთვის.

მჯერა, რომ მოვკვდი და გავიღვიძე სულ სხვა სხეულში,

სულ სხვა გულით და ხელის მტევნებით,

მჯერა, რომ ცოცხალი ვარ, ისე როგორც არასდროს.

მჯერა ყველა სიტყვის, რომელიც თვალებით მითქვამს.

არ მჯერა იმ ქარიშხლის, რომელიც ჩადგა.

tumblr_mta04zYf941ridymso1_500