As I lay dying

სტანდარტული

 

ჯერ კიდევ ცოცხალ ედი ბანდრენს, ღია ფანჯარაში ესმოდა, როგორ უჭედავდა საკუთარი შვილი კუბოს. მას კი სული ამოსდიოდა.

ბავშვობაში მამა ეუბნებოდა – ცხოვრების აზრი სიკვდილისთვის მზადება არისო. ასეც მოხდა.

მთელი თავისი ცხოვრება ედი სიკვდილისთვის ემზადებოდა, მაშინაც კი, როცა გათხოვდა, მაშინაც, როცა ხუთი შვილი გააჩინა და აქედან მხოლოდ ერთი შეიყვარა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიტყვას ფასი არ ჰქონია, სიტყვებს არავითარი კავშირი არ აქვთ იმასთან, რასაც გამოხატავენ და დარწმუნდა, რომ დედობა იმან გამოიგონა, ვისაც საამისოდ სიტყვა უკვე მზად ჰქონდა, იმიტომ, რომ მათთვის ვისაც უკვე ჰყავს შვილები, სიტყვებს მნიშვნელობა აღარ აქვთ. როცა მეორე შვილი გაუჩნდა, ქმარს პირობა ჩამოართვა, როცა მოკვდებოდა, მას ჯეფერსონში წაასვენებდა.

ამ დანაბარებიდან იწყება სწორედ შურისძიება იმ ქალის, რომლის შვილებისთვისაც დედა თევზი იყო, ან ცხენი. ან დარლისთვის რომ გეკითხათ, მას დედა არც ყოლია: “დედა არც მყოლია, იმიტომ, რომ თუ მყავდა, ახლა აღარ არის და თუ აღარ არის, ახლა არ შეიძლება რომ მყავდეს. ასე არაა?”.

ჩაასვენეს ედი შვილის დამზადებულ სასახლეში, ფორანზე დასხდნენ და წავიდნენ ჯეფერსონიკსენ, ბანდრენსენის ოჯახი. გზად ბუნებამ ყველა შესაძლო სტიქია დაატეხა თავს, გარდაცვლილი წყალშიც კი ჩაუვარდათ. კითხვის დროს სულ ვფიქრობდი, ვისი ტრაგედია უფრო უნდა მიმეტანა გულთან? ვინ უნდა ყოფილიყო “ჩემი” პერსონაჟი?!

ენს ბარდრენსი – ოჯახის უფროსი, რომელიც გაუთავებლად იმეორებს, რომ ედის დანაპირები უნდა შეაუსრულოს, ყველაფრის ფასად და ჯეფერსონში დაკრძალოს. თან გულს გიწვრილებს მისი წუწუნი, 15 წელი კბილების გარეშე რომ გაატარა და საჭმელსაც კი ვერ ჭამს წესიერად, “ღმერთია მოწამე”. ედი ან უკვე გარდაცვილი ედი პრობლემაა, რომელიც საჩქაროდ უნდა გადაწყვიტოს და საკუთარ თავს მიხედოს, როგორც იქნა! ამას ყველაფრის ფასად გააკეთებს, საკუთარი შვილის ორჯერ მოტეხილი ფეხის ფასად, საკუთარი ქალიშვილის უკანასკნელი ათი დოლარის ფასად, მისი სხვა შვილის, საკუთარი ოფლით და სისხლის ნაყიდი, საოცნებო ცხენის ფასადაც..

თუ ჯუელი? რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ედის უყვარდა. მას კი საკუთარ ცხენზე მეტად არავინ ჰყვარებია. თუ დარლი? ვისაც ყველა უფრთხის და მის თვალებში მიწიერი არაფერია, მისი თვალები ნემსებივით იჩხვლიტება. დიუ დელი, რომელსაც ათი დოლარი აქვს, ოღონდ რისთვის და როგორ არ იცის, ოღონდ ის არსება მოიშოროს, რომელიც მუცელში უზის.

ფეხმოტეხილი კეში, საკუთარ დედას კუბო რომ დაუმზადა და ისიც ვერ გამოადგა.

არა, ეს პერსონაჟი ვარდამანია. რომელიც თავზემოთ ღრუბლების შავ წრეებს ითვლის და მერე ფიქრობს, ნეტა ღამით სად იბუდებენ ისინი თავს.

“მე ხომ ღმერთვის არ მითქვამს, სოფლელ ბიჭად გამაჩინე-მეთქი, თუ მას მატარებლის შექმნა შეუძლია, რატომ არ შეუძლია ყველა ქალაქელად გააჩნინოს? ფქვილის, შაქრის და ყავის გამო? განა ბანანები არ ჯობს?”

დედაჩემი – თევზია. ამბობს ის.

“დედა სად არის, დარლ? შენ იცოდი, რომ ის თევზია და ხელიდან გაგისხლტდა. არ დაიჭირე, დარლ.”

“ჯუელი დაბრუნდა, გზა ამოიარა და ფორანზე დაჯდა. ქვეითად იყო. ცხენი აღარა ყავს. ჯუელი ჩემი ძმაა. კეშიც ჩემი ძმაა. კეშს ფეხი აქვს მოტეხილი. კეში ჩემი ძმაა, ჯუელიც, მაგრამ მას ფეხი არ აქვს მოტეხილი. ახლა ხუთნი არიან, შავი მაღალი წრეები. ამაღამ ფარდულში დავწვები, უნდა ვნახო, სად იბუდებენ”

უილიამ ფოლკნერმა “სული რომ ამომდიოდა” ელექტროსადგურში დაწერა, დაპირქვავებული ურიკისგან აწყობილ მაგიდაზე, 6 კვირაში. უთქვამს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. ” წერის დაწყებამდე გულში ვთქვი – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემ იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი.”

მას იმედი გაუმართლდა, მე – კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უილიამ ფოლკნერი ჩემი საყვარელი მწერალია.

tumblr_le27rzIKho1qbg0uuo1_500

 

Advertisements

2 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s