Happiness only real when shared

სტანდარტული

ხუთიანი

მოვდიოდი ხოლმე სკოლიდან და ტრადიციულად მეკითხებოდნენ სახლში, როგორ ჩაიარა დღემ. მეც, თითქმის, სულ ერთნაირად ვპასუხობდი – ნორმალურად, ჩვეულებრივად. პატარა ასაკში, მამაჩემი ხშირად მეკითხებოდა, რა ნიშანს ვიღებდი. მაშინ დღიურები იყო და დღიურს ვაჩვენებდი.  მერე უკვე, გზად ან სკოლაში მოსულ დედაჩემს თუ ეტყოდნენ მასწავლებლები ჩემზე და ჩემ ხუთიანებზე. არასდროს მომირბენინებია სიხარულით ჩემი ნიშნები და შექებები. მინდოდა ჩემზე და მათზე, იმათ ელაპარაკათ, ვინც ამ ნიშნებს წერდნენ. ასე მიხაროდა და ასე სხვანაირად ვფასდებოდი.

 

სამზარეულოში

რიტუალივითაა. არასდროს რეცეპტში არ ჩამიხედავს, ზუსტი პროპორციებისთვის, იმპროვიზაცია. ზუსტად, ამიტომ გამოდის სხვანაირად გემრიელი კერძი. ამ დროს სრულიად არალოგიკური რაღაც შეიძლება მომივიდეს თავში და არავინ უნდა მკითხოს, რატომ. ვრეცხავ, ვჭრი, ვხარშავ, ვწვავ და მარტო იმაზე ვფიქრობ, როგორი გამოვა. “განსაკუთრებულიაო” – იტყვიან და რიტუალი შესრულებულია. მერე შეიძლება აღმოვაჩინო, რომ მე სულაც აღარ მშია და მაინც მეღიმება.

 

Hysteria

იცოდით, რომ სიმღერებს შურისძიება შეეძლოთ? განსაკუთრებით, იმ სიმღერებს, რომელსაც უბრალოდ, უსმენდით, ინსტიქტურად, უკვე ყურში კარგად გამჯდარს, არც სიტყვების აზრი გესმოდათ და უბრალოდ, მღეროდით. ასეთ სიმღერებს დიდი თვალები აქვთ და ისე დაჟინებით შეიძლება გიცქირონ, სანამ ყველა სიტყვას სათითაოდ გულზე არ მოიხვედრებ. მერე გამორთავ და იტყვი, რომ აღარასდროს ჩართავ. მაგრამ ისინი რჩებიან, განსაკუთრებით, თავში და განსაკუთრებით, მაშინ, როცა პერსევერაციისგან გულის რევის შეგრძნება გაგაღვიძებს.

 

დარაბებს მიღმა

არც არაფერია. დამტვერილია და ჩარაზული. მეზარება გამოღებაც, ჩამოხსნაც და ფარდების გადაწევაც. მთავარია, წვიმის ხმა ისმის.

 

ისინი, ვინც მაშინ წავიდნენ, როცა მეძინა.

ისე არაფერი მტკენდა ბავშვობაში გულს, როცა გაღვიძებულს დედა ან ბებია არ მხვდებოდა გვერდით. ნათლიაჩემი, რომელიც დიდი ხნის უნახავი მყავდა, ჩამოდიოდა, მიყვებოდა ჩემ ამბებს, მაშინდელს, როცა ძალიან პატარა ვიყავი და მიყვარდა ეს ზღაპრები ჩემ თავზე, რომელსაც მერე კუდებს ვაბამდი ჩემ თავში და სიზმრებში. მაშინ მიდიოდა, როცა მეძინა. რომ გავიზარდე, ამ ადამიანების რიცხვმა იმატა, ჩემმა სიფხიზლემმაც, მაგრამ არ შველის. ღრმა ძილის დროს, შეიძლება ფეხაკრეფით წასული ადამიანის ნაბიჯები ვერ გაიგო. ძილისპირულ ხმამაღლა ფიქრებსაც ვერავის უმხელ, იმიტომ, რომ ისინი მაშინ წავიდნენ, როცა მეძინა.

alone-bed-girl-lonely-Favim.com-652402

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s