Monthly Archives: მარტი 2014

Home

სტანდარტული

მიყვარს ფოტოები, სადაც სახლებია, საკვამურით და ფოტოდან სუნსაც კი გრძნობ, სუფთა ჟანგბადის და წყლის სინესტის. მიყვარს სუვენირები, რომელსაც სახლის ფორმა აქვს. მიყვარს სახლის სუნებს რომ ვიმახსოვრებ და მიყვარს ის სახლები, რომლებსაც განსაკუთრებული სუნი აქვს. მიყვარს, როცა ჩემი სახლის კარებს ვაღებ და სითბო მეცემა ლოყებზე და რაღაცნაირი სუნია, დარიჩინის. მიყვარს, როცა ადამიანები თვალებს ჭერზე რომ მიაპყრობენ და ღიმილით საუბრობენ თავიანთ სახლებზე. სადაც მთელი ოჯახია შეკრებილი, ჩაის სვამენ, ბევრს იცინიან და ყველა ამბობს, რომ უკვე ძილის, დროა, მაგრამ არც ერთი არ ცვლის ფეხმორთხმულ პოზას. მიყვარს ამერიკაში ჩემი მეგობრის სახლი, სადაც სამზარეულოშია დიდი ასოებით წერია – “Family Peace”, ნამყოფი არ ვარ და უკვე ვგრძნობ, როგორი სუნი ტრიალებს იქ. მიყვარს მარტო სახლები. ჩემი მეგობრები მარტო რომ ცხოვრობენ და ყველა იქ ვართ. ზოგი, ჩაის ან ყავას იდუღებს, ზოგი ნუშის ნამცხვარს ჭამს, ზოგი გემრიელ ისტორიას ყვება ერთი ღერი სიგარეტით, ზოგი მეორე ოთახში მუსიკას რთავს და ყველა ეძახის, რომ დროზე გამოვიდეს და ასე ღამდება. ყველას რომ ეზარება სახლში წასვლა, ყველას რომ ერთდროულად ახსენდება თავიანთი სახლების ცუდი ისტორიები. ამ დროს მარტო სახლის მეგობარი, რომ შეგახსენებს, დედა გელოდებათ სამაგიეროდო.. ყველა არგუმენტი ძალას კარგავს. მაგრამ სახლი ჰო ზუსტად იმისთვისაა, რომ მისგან გაქცევა მოგინდეს, მერე ისე მოგენატროს, რომ სულ იქ დაბრუნებაზე იფიქრო. იფიქრო, რომ არსად ისე კარგად არ გძინავს, როგორც საკუთარ საწოლში. ეს ის ადგილია, სადაც არასდროს მოგერიდება ღამის 3 საათზე ადგე და კარტოფილი შეიწვა. ეს ის სახლია, რომლის აივანზე ხელებს ჩამოაწყობ და დააკვირდები მთვარეს, ახედავ ვარსკვლავებს, იპოვი რომელი ციმციმებს და როგორც ბავშვობაში, ისე მოგინდება სურვილის ჩაფიქრება და ჩაიფიქრებ კიდეც. და მაინც..

Homeless Girl – ასე ვეძახდი სულ ჩემ თავს, წლები. დიდი ხანია ეს არ გამხსენებია. სანამ სახლის ქსოვა არ დავიწყე. მოვქსოვე, კედელზე დავკიდე ჩემ ოთახში, ხშირად ვუყურებ და ვფიქრობ – სახლი ის ადამიანები არიან, ვისთანაც მშვიდად და მყუდროდ ვართ, სათითაოდ ყველა. ალბათ სულ გამახსენდება ჩემი ჰოუმლესობა, მანამ სანამ, საბოლოოდ არ დავსახლდები და ვეტყვი – Feels like home to me.

1549572_10202883872647378_1136158960_n

Dedication

სტანდარტული

შემთხვევით არაფერი ხდება

შემთხვევით არაფერი ხდება.

ვიმეორებ, ვიხსენებ, ვფიქრობ და მსიამოვნებს. ერთდროულად საშიში, არარეალური და აქამდე გამოუცდელი როგორ შეიძლება იყოს ასეთი სასიამოვნო?!

ასეა. როცა ამდენი უარყოფითის მერე რაღაც ძალიან დადებითი ხდება, აჟიტირებული ხარ, ცუდი აღარ გახსოვს, გგონია, რომ ამოგაბრუნეს თავდაყირა და ჯიბეებიდან ამოგიყარეს ნეგატიური ემოციები. ახლა დაცლილი ხარ, რაღაცნაირი სითბოთი სავე, გგონია, რომ ასხივებ და ყველა ხედავს. მეშინია, მაგრამ ეს შიშიც მსიამოვნებს. მინდა, რომ დიდხანს მეძინოს და კიდევ დამესიზმროს. შემთხვევით არაფერი ხდება. ვგრძნობ, რომ რაღაცის მიმანიშნებელია და მინდა ამოვხსნა, თან ეს გაურკვევლობაც მსიამოვნებს. მინდა, რომ სულ ამაზე ვლაპარაკობდე და თან ლაპარაკიც არ შემიძლია. ამიტომ მოვედი აქ, არ მიყვარს ასეთ თემებზე აქ წერა, მაგრამ საეჭვოა, ვინმემ საღი აზრი გამოიტანოს ამ ნაწერიდან. არცაა საჭირო.

არ ვიცი სად ხარ, მაგრამ სადაც ხარ, იქ ძალიან კარგად ხარ, ამას ვგრძნობ.

მგონია, რომ ძალიან ახლობელი იყავი ჩემთვის და წამართვეს. ასე არაა.

არ ვიცი რა გავაკეთო, უნდა დაგეხმარო რამით? როგორ?

არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს უბრალოდ სადღაც დალექილი ქვეცნობიერის გამოწვევაა და მეტი არაფერი. მინდა მჯეროდეს, რომ რაღაცას ნიშნავს. ოღონდ, რაღაც ძალიან კარგს.

აქამდე შეკავებული ცრემლების და ყვირილის ბრალიცაა, ალბათ.

უნდა დავიცალო. თუ ცუდად ვარ, უნდა შევძლო და ვიტირო. თუ კარგად, ეს იმდენად მასშტაბური უნდა გავხადო, რომ ყველას გადავდო. მაგრამ მე ჰო არ მაქვს ის ღიმილი და ენერგია, როგორიც შენ?! როგორც შემიძლია ))

ზოგჯერ მგონია, რომ გავგიჟდი და უბრალოდ, ბუნებრივ მდგომარეობაში გადამივიდა. გეძებ ყველგან სადაც ხალხი არაა და სიმშვიდეა. სადაც მარტო ვარ.

გამივლის, ზუსტად ვიცი, მაგრამ მინდა რომ სულ მახსოვდეს. ამიტომაც ვწერ აქ, ალბათ. იქნებ, მერე მეუცხოვოს კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად ვიქცევი.

მშვიდად იყავი. და სულ გაიღიმე.

large

The orange Girl

სტანდარტული

იუსტაინ გორდერი რომ გავიცანი, პატარა ვიყავი. ალბათ 14–15 წლის. მეგობარი მყავდა, ინტერნეტით გაცნობილი, ჩემზე საკმაოდ დიდი, მორიგი საღამო გვქონდა წიგნებზე საუბრის და მაშინ მითხრა, სოფის ჰგავხარო. მეორე დღესვე წავედით მე და მამა სულაკაურის გამომცემლობაში. ასე აღმოვჩნდი “სოფის სამყაროში”. ისიც 14 წლის იყო. სოკრატედან სარტრამდე ერთად ვიმოგზაურეთ ფილოსოფიაში და უამრავ კითხვებზე ვცემდით პასუხს. მახსოვს, წიგნთან ერთად, რვეულს ვინახავდი და უამრავი ამონაწერით. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სოფის სამყაროდან ფორთოხლის გოგონამდე, დიდი დრო გავიდა.. მაგრამ არც ისე დიდი, გორდერის მიმართ სიყვარული გამნელებოდა. განსაკუთრებული ემოციით ავიღე წიგნი ხელში, იმიტომ, რომ ამ მწერალს საოცარი უნარი აქვს, ხელი მოგკიდოს, გაგაქროს საკუთარი ოთახიდან და გამოგზაუროს.

ამჯერად, ოსლოში წავედით.

სადაც პატარა ბიჭი, გარდაცვლილი მამისგან მიღებულ წერილს პოულობს და სწორედ ამ წერილის ასდის ფორთოხლის სუნი. მართლა, წიგნს რომ წაიკითხავთ სუნსაც იგრძნობთ და გემოსაც, მაგრამ არამარტო, ფორთოხლის. იგრძნობთ, ბედისწერის ძალას, სიყვარულის საოცარ უნარს – გატაროს ყველგან, სანამ არ იპოვი და გულში არ ჩაიკრავ. ბიჭი წერილის კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგაც, სხვა ადამიანად გრძნობს თავს – უფრო გაზრდილად და ჩამოყალიბებულად. დარწმუნებული ვარ, მამის მიზანიც ეს იყო.

მამამ და დედამ ერთმანეთი შუქნიშანზე ნახეს პირველად, გვერდი–გვერდ მანქანაში ისხდნენ. მაშინ დედაჩემს გაუფიქრია – რა ლამაზი თვალები აქვსო. რაღაც დროის შემდეგ კი ერთმანეთი ისევ ნახეს, საერთო მეგობართან და ერთმანეთი შეუყვარდათ. სულ მინდა, მამაჩემს ვკითხო, შენ რა გაიფიქრე, როცა დედა დაინახე–მეთქი, მაგრამ რატომღაც, ჯერ არ მიკითხავს.

იუსტაინ გორდერი კი თავის გამიზნულ პოსტკრიპტუმში გვწერს:

“გამოჰკითხეთ თქვენს დედ–მამას, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. იქნებ საკმაოდ ამაღელვებელი ამბავიც გიამბონ. ეს ზღაპრები არასდროს ჰგავს ერთმანეთს. როგორც ხედავ, რაც უფრო დეტალურია ამბავი, მით უფრო ამაღელვებელიც არის. ერთი პაწაწკინტელა დეტალის შეცვლა და შეიძლებოდა საერთოდ არ მოვლენილიყავი ამქვეყნად! ნაძლევს ვდებ, რომ არსებობს უამრავი პატარა დეტალი, რომელსაც შეიძლებოდა მთლიანად შეეცვალა სურათი. ან (თუ მამაჩემის სიბრძნეს რამდენიმე სიტყვას დავესესხები) : ცხოვრება დიდი ლატარიაა, რომელშიც გამარჯვებული ბილეთები ჩანს.

შენ, რომელიც ამ წიგნს კითხულობ, ერთი ასეთი გამარჯვებული ბილეთი ხარ.

იღბლიანო”

90252.jpg_image_scaler_800x0