Monthly Archives: დეკემბერი 2013

Walking away

სტანდარტული

არ ვაპირებ ჩემს უძილობაზე ვწერო. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ წუხელ განსაკუთრებულად გამიჭირდა ჩაძინება. ყველა სასიამოვნო მოგონება გავუხსენე ჩემ თავს, შევპირდი უამრავ რამეს, უფლება მივეცი გადასულიყო სხვის სიზმრებშიც, ვისთანაც უნდოდა, მაგრამ ვერაფერმა გაჭრა, დაგვათენდა. ორ საათში ავდექი კიდეც. ყველაფერი ინსტიქტურად გავაკეთე. ავდექი. მარცხენა ფეხი არც მქონდა იატაკზე დადგმული, ისე დავიწყე წინდების ჩაცმა, მერე ხალათის, მერე სამზარეულოში გავედი და აღმოვაჩინე, რომ იქ კი არა, სააბაზანოში უნდა შევსულიყავი, იქ შესულს გამახსენდა, რომ სააბაზანომდე საპირფარეშოა. მერე კბილებიც გავიხეხე. ჩაი მოვიდუღე, მჟავე, ლიმონიანი. მერე ბანანი ვჭამე ძალით. მერე გადავწყვიტე ოფიციალურად ჩამეცვა – შავი შარვალი, შავი ზედა, შავ-თეთრი პიჯაკი. დიდი ხანია, თვალები შავი ფანქრით ისე არ ჩამიხატავს, როგორც დღეს დილას, ეჭვით შევხედე ჩემ თავს, წავისვი წითელი პომადა და მივხვდი, რომ საერთოდ არ ვიყავი ის, ვისაც წინა ღამეს ჩაძინება ძალიან გაუჭირდა. ქუჩაში გავედი, ჩქარი ნაბიჯებით, ტრანსპორტში მალევე ჩავჯექი. არა, დავდექი. მერე ჩამოვედი, მერე ტაქსის გაჩერება ვიფიქრე, გადავიფიქრე და ფეხით ვიარე. მე ვიარე ფეხით, თან ბევრი, თან ისეთ ადგილებში, მანქანები რომ გისიგნალებენ და იქიდან გაოცებულ სახეებს რომ ხედავ, თან იმათ არ სცივათ. მერე უცებ ძალიან შემეცოდა ჩემი თავი, შემოვბრუნდი და ტაქსის გასაჩერებლად დავდექი. ჩემ თავს გადახდა, თორემ ალბათ, ვერავინ დამაჯერებდა, რომ ათი ან თხუთმეტი წუთი, არც ერთმა ტაქსმა არ გამიჩერა. ყველა დაკავებული იყო და ყველას თბილოდა. შემოვბრუნდი და თითქმის სირბილით ავედი შენობაში. მერე ვიჯექი დიდხანს და არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. მერე ვინანე, რომ მარტო ვიყავი, მერე ისიც ვინანე, რომ ტირილი არ შემიძლია. მერე გამოვედი. ტაქსმა ოდესღაც გამიჩერა და სახლში დავბრუნდი. ჩავიხედე სარკეში და ზუსტად ის ვიყავი, წინა ღამეს ჩაძინება ძალიან რომ გაუჭირდა. ზუსტად ისეთივე იმედგაცრუებული თვალებით. გავიხადე და ჩავიცვი ის, რაც წინა ღამეს მეცვა, კოპლებიანი. ჩავწექი და თავის დადებისთანავე ჩამეძინა.

თუ ახლა ამ ნაწერს კითხულობ, შეგიძლია მიპასუხო რამდენიმე მარტივ კითხვაზე?!

რატომ?

და

როდემდე?

ნახვამდის.

1479549_433990813397210_1517962842_n