We all have our Green Miles

სტანდარტული

ვკითხულობდი და სულ ვფიქრობდი, ეს ყველაფერი სტივენ კინგს თვითონ გადახდა-მეთქი თავს. “მწვანე გზის” წერის დროს, შეიძლება, თვითონაც ხშირად გასჩენია ეს შეგრძნება. რთულია, როცა ამდენი პერსონაჟის ხასიათი და ბედი ხელში გიჭირავს, სრული სიზუსტით უნდა მიიტანო მკითხველამდე. მერე მათზე ფიქრი თავს არასდროს განებებს. არ ვიცი, ჩემს გონებაში ჯონ კოფის პერსონაჟი რომ გაჩენილიყო, ავიღებდი თუ არა პასუხიმგებლობას, მასზე მეწერა. მაგრამ მე მე ვარ, ის – სტივენ კინგია, ჩვენი თანამედროვეობის ფართოდ გახელილი თვალები, გვაშინებს, გვიზიდავს, თვალს ვერ ვწყვეტთ. ამბავი, რომელმაც კინემატოგრაფიაშიც თავისი კუთვნილი დიდება მოიპოვა, 1932 წელს მოხდა, ქოულდ მაუნთინში, სადაც ელექტროსკამი და სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობდა. ეს წელი პოლ ეჯკომბისთვის (და არამარტო) ჯონ კოფის წელი იყო, მისტერ ჯინგლსის, ფრანგი დელაკრუასი. ეს პერსონაჟები განსაკუთრებულად ჩაიბეჭდნენ ჩემს თავში. “ცხოველმა ისეთი რა უნდა დააშავოს, რომ ადამიანი უწოდონო” – ამბობენ და მართლებიც არიან. პოლი მოხუცებულთა თავშესაფრიდან წერს ქოულდ მაუნთინში დატრიალებულ უცნაურ, სულისშემძვრელ ისტორიებს. საცოდაობაა, ხანდაზმულობამდე ამ ამბებით მხარ და გულდამძიმებულმა მარტომ მიატანო, ეს ერთგვარი სასჯელიცაა.. მწვანე გზა.

ალბათ, პირველი არ ვარ, ვისაც ჯონ კოფის მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობა გაუჩნდა, მიუხედავად იმ საზარელი მკვლელობებისა, რომელიც მან ჩაიდინა. გამიჩნდა, მე თვითონაც მიკვირდა საიდან, მაგრამ პოლივით მომინდა, ხელი ჩამომერთმია მისთვის და მეგრძნობინება, რომ ვეცდებოდი გვერდით დავდგომოდი, სანამ ის თავის გზას გაივლიდა, მწვანე ლინოლიუმიანს. კვანძი მხოლოდ ერთი მხრიდან არ იხსნება, ყველა თავის სახეს აჩენს, თავის სისუსტეებიანად, ზოგს ადამიანის სახე საერთოდ აღარ რჩება. პერსი – სახელი რატომღაც, არასდროს მომწონდა, აქაც გამართლა ეს წარმოდგენა. ზოგჯერ მეშინია ხოლმე, ადამიანს რამდენი ბოროტების დატევა შეუძლია, თან ისე, რომ ეს სიბოროტე დღეთა განმავლობაში, უფრო გამოზარდოს, მერე უყუროს და დატკბეს თავისი შესაძლებლობებით, შენ უძლური ხარ, იმიტომ, რომ გეშინია. ქოულდ მაუნთინში, სიმამაცე ბევრმა გამოავლინა, სასწორზე თავიანთი ოჯახები შემოდეს, ‘დიდი დეპრესიის’ დროს კბილებით დასაცავი სამსახური, მაგრამ ვერ მოახერხეს ყველაზე მთავარი მისიის შესრულება – სიკეთის გადარჩენა. ცეცხლს ჰგავს სიკეთე, თუ მე არ შევუკეთე ფიჩხი, შეშა, თუ შენ არ მომეხმარე, თუ მან მხოლოდ ხელები გაითბო და წავიდა, ჩაქრება, ისე, რომ აღარც გვემახსოვრება, ოდესმე ენთო, თუ არა. ჩვენ უბრალოდ, თვალებს ვხუჭავთ სასწაულებრივად გაცემულ სიკეთეზე, ან უბრალოდ, დაუჯერებლად გვეჩვენება ისეთი რაღაცები, რის გაკეთებასაც ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ და საკუთარ თავებს, ვაჯერებთ, რომ არარეალურია, უბრალო დამთხვევაა, გავივლით და წავალთ. ჯონ კოფი, რომლის გვარი ყავასავით ჟღერდა, მაგრამ სხვანაირად იწერებოდა, სწორედ, დახუჭული თვალების დროს გაქრა ამ ცხოვრებიდან. არადა, დრო რომ გავა, ყველა მივხვდებით, რომ ჩვენ ჩვენი მწვანე გზა გვაქვს ყველას გასავლელი, რომელიც ან დამოკლდება, ან გაიზრდება, ეს ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. “მარადისობის კანონი” გამახსენდა –  “ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე

იჯდა ჰოლ ეჯკომბი მოხუცებულთა თავშესაფარში და წერდა:

“ვწევარ და, თუ ფანჯარაში მთვარე ჩანს, მას ვუყურებ. ვწევარ და ვიხსენებ ბრუტუსს და დინს, ზოგჯერ უილიამ უორტონის სიტყვებს – მართალს ამბობ, ზანგო, ისეთი ცუდი ვარ, შენ ვერც კი წარმოიდგენო. ვიხსენებ დელაკრუას სიტყვებს – შეხედეთ, ბოს ეჯკუმ, მისტერ ჯინგლსმა ახალი ტრიუკი ისწავლაო. ვფიქრობ ელეინზე, რომელიც სოლარიუმში ბრედ დოლანს უყვირის, პოლს თავი დაანებეო. ზოგჯერ ჩამეძინება და გვირაბის ჩრდილში მდგარი ჯონ კოფი მესიზმრება. არა, ის ღამეული ზმანება სულაც არაა. ვიცი, რომ ნამდვილია. ნამდვილად ის გოლიათი შავკანიანია, მე რომ ვიცნობდი. დგას და მიყურებს. მე საწოლში ვწევარ და ვიცდი. ვიხსენებ ჯენისს, რომელიც იმ წვიმიან დღეს ხელში ჩამაკვდა და ვიცდი. ვიცი, ყველა სიკვდილის შვილები ვართ, სიკვდილს ვერავინ წაუვა. მაგრამ, ღმერთო, ზოგჯერ მწვანე გზას ბოლო არ უჩანს.”

The_green_Mile_in_my_work_by_panosozi

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s