Monthly Archives: აპრილი 2013

Regulatory

სტანდარტული

რა ჰქვია იმ კანონზომიერებას, რომელიც გულისხმობს იმ წუთს, როდესაც ერთდროულად ორი ხუთი წლის ბავშვი, ერთმანეთისგან კილომეტრებით შორს, ერთი – თბილ, მყუდრო სახლში, ოჯახთან ერთად მიირთმევს სადილს, როცა მეორეს წყურვილისგან გული უშრება და უჩერდება. რას ნიშნავს კანონზომიერება, რომელიც ნებას რთავს დროს, ერთდროულად ხდებოდეს ომი, როცა გვერდით სიმშვიდისგან და თავისუფლებისგან ნიავიც კი შეუმჩნევლად ქრის.

მინდა ამიხსნათ და მესმოდეს, როგორ – წარსულის მოგონებებით და აწმყოთი გამთბარი დამჭნარი ხელები იხუტებდეს ახალ სიცოცხლეს, როცა დაბლა, სულ ახლოს, ქარში, ეს დაჭკნარი ხელები მოწყლებას ითხოვს, რომელიც სულ რამდენიმე თეთრად წარმოუდგენია იმ სიცოცხლისთვის, რომელიც გულის სიღრმეში აღარც სჭირდება.

იქნებ, სადმე არსებობს პასუხები, რომლებიც ჩემს კითხვის ნიშნებს, უწყინარ ძახილის ნიშნებად აქცევს და დამარწმუნებს, რომ ეს კანონზომიერება უსმართლობაა, რომელიც შეიცვლება. ადრე თუ გვიან, ჩემი სიცოცხლის მერე, მაგრამ მე შევძლებ ვიპოვო სიმშვიდე.

კანონზომიერებაა ალბათ ისიც, რომ ძალიან ახლოს მაქვს და მყავს ხელშესახები ბედნიერებები, რომლებამდეც ვერც მე მივსულვარ და იმათაც შორს მოსჩვენებიათ ჩემამდე გზა. და ვინ იცის ეს გზა და დრო სანამდე შეიძლება გაიწელოს..

ჩემს ყველა კითხვას უჭირს თავისი მეორენახევრის – პასუხების ძებნა, პოვნა და გვერდიგვერდ ყოფნა.

ასეთია ჩემი კანონზომიერებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ძილს კი არა, სიცოცხლესაც მიფრთხობს.

tumblr_mh9d0bG4C31qg24cyo1_500_large

Advertisements

Drown

სტანდარტული

ადამიანმა ზოგჯერ შეიძლება სეზონური შეგრძნებებიც დაკარგოს. ვეღარ გრძნობდეს სიცივეს ზამთარში, ზაფხულში – სიცხეს. და ყველაფერი ეს მოხდეს პირიქით.

ადამიანს შეუძლია თავისი თავის ანტონიმიც გახდეს. მე შემიძლია ვიყო ბედნიერი, მხოლოდ იმ სამყაროში, სადაც არ არსებობენ სიტყვები : “მაგრამ”, “მიუხედავად იმისა, რომ”, “ვერ”, “არ შემიძლია”, “აღარ” და თუ არც.

მაგრამ ვცხოვრობ იმ სამყაროში, სადაც ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა წინადადება და სანამ წერტილამდე მიხვალ, სევდიანი სიმარტოვე უკვე შენშია. წრეს ქმნიან ასეთი წინადადებები და წრეზევე დადიან, მათ მერე სიტყვებს : “უეჭველად”, “ყველაფრის მიუხედავად”, “კი” “შემიძლია”, “ყოველთვის” აღარ შეუძლიათ წრეში შესვლა განმუხტვის თეორიით. მე მათ ბრძოლას გამუდმებით ვადევნებ თვალს, ყურს, რადგან საკუთარი თავი ერთადერთი ადგილია, საიდანაც წასვლა არ შეგიძლია, სხვა დანარჩენი უბრალოდ, თავის უსუსური გამართლებაა.

რა უბრალოა ადამიანი, როცა ცაში იყურება და მხოლოდ ვარსკვლავებზე ფიქრობს.და არ ფიქრობს იმაზე, რომ ციდანაც დაგვცქერიან და გვხედავენ ისე, როგორც ჩვენ ვარსკვლავებს. გააჩნია, რამდენად შეგიძლია ანათებდე.

რთულია მუდმივი თანაცხოვრება ისეთ არსებასთან, რომელიც ხელს გიშლის ყველაფერში, ის შენი ხელის მოძრაობით გადმოსული ემოციაა, ფიქრია შენი, აზროვნებაა, სიზმრის დამგეგმავია. ვერაფერს უხერხებ, ვერც მაშინ, როცა შუადღის მზეში ისე აშკარად მოჩანს. შეჩვევა ყველაზე ძლიერი ინსტიქტია, პროცესში ვართ. თუმცა, ალბათ, როგორც კი მომიხერხდება და შესაბამის მომენტს ხელში ჩავიგდებ, აუცილებლად მივატოვებ, უკან მოუხედავად.

იმ ორგანიზმში, როგორც თავდახურულ რეზერვუარში ცხოვრება, სადაც მონატრება უფრო ძლიერია, ვიდრე სიყვარული და პირველი მეორესგან გამომდინარეობს, საშინელებაა. პანდორას ყუთივით საშიში.

წყლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, როცა ცურვა საერთოდ არ იცი, ჩაძირვის საუკეთესო პერსპექტივაა.

 

fear_of_drowning_by_starfishyy-d5cqnvk