Monthly Archives: თებერვალი 2013

Gone.

სტანდარტული

არც არავისთვის დაუბარებია, არც არავისთვის რჩევა არ უკითხავს, ისე წამოვიდა.

არავისთვის? თავისი ფიქრებისთვის, ოცნებებისთვის, ძილისწინ ღრმად ამოოხვრისთვის, დილის უზმოზზე მოგონებებისთვის. ყველაფერი ერთბაშად მიატოვა, ისეთ დროს წავიდა, ვერც ერთმა შენიშნა მისი გაუჩინარება.

მიდიოდა, ერთი წყვილი ტანსაცმლის ამარა, რომელიც ზედ ეცვა, ფეხზე საზაფხულო ჭილოფის ფეხსაცმლები, ზურგჩანთა ცალ მხარზე ჰქონდა მოკიდებილი, მიდიოდა აუჩქარებლად, დინჯად. გზად არც არავინ შეხვედრია, არც ქარი ყოფილა, არც მზე უჭრიდა თვალს, ცოტათი ცრიდა.

თვითონაც უკვირდა, გზად არავინ დამგზავრებია, არც ერთი მისი ფიქრი. არც არავის ფიქრი.

ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა წამოვიდეს, საიდანღაც, ვიღაცისგან, რომლიდანაც, რისგანაც, უკანა კარიდანაც. უბრალოდ, წამოვიდეს და იყოს თავის თავისთვის, მარტო.

მას შეუძლია ამ დროს ყველაფერი იყოს, ყველაფერი, რაც მის თვალდახუჭულს ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს. წამოდგომაშიც არავინ უნდა დაეხმაროს, არავის არაფერზე შეუთანხმდეს, კარი ჩუმად გაიხუროს და წავიდეს. არც არაფერი დაიბაროს და არავის არასდროს არაფერს შეპირდეს.

დაპირებები ადამიანებს უხილავი ძაფებით აკავშირებს, ჰო ძაფებით, არავინც იცის როდის გაწყდება ან რატომ გაწყდება, ან აიბურდება. ვეღარც შეკრავ, ვეღარც თავიდან დაახვევ.

ყველაფერი, რაც ჩვენ სურვილებს ეწინააღმდეგება, ბოლოს იმ სახეს იღებს, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.

უბრალოდ, უნდა ადგე და წახვიდე.

მიმართულებები შეუზღუდავია, უთვალავია.

არავინ დაგემგზავრება, თუ ამას ისევ შენ მოინდომებ, არც უხილავი ძაფები შემოგიკრავენ კოჭებს.

შენ თავისუფალი ხარ,

წამოხვედი.

 

tumblr_mbv2n0PiMW1r8slfxo1_500