Monthly Archives: იანვარი 2013

Where’d you go

სტანდარტული

ბიჭი პირველ სართულზე ცხოვრობდა. პირველად თვალი მაშინ მოვკარი, როცა შავი პარკით სულმოუთქმელად შერბოდა შავ, რკინის კარებში და ახლაც მახსოვს ყრუ გაჯახუნების ხმა, რომელიც მერე ხმებში გადაიზარდა. მახსოვს, ჩემი მესამე სართულის აივნიდან ვცდილობდი დამენახა იდგა თუ არა ისიც აივანზე, მაგრამ მხოლოდ ხრეშმოყრილ მიწას ვხედავდი. კატების კატაკლიზმები გვქონდა იმ დროს ეზოში, გვერდზე ეზოში მოხუც ქალს მგონი თავშესაფარი ჰქონდა კატების.

ზაფხულის უჰაერო, წვიმის სუნი რომ ტრიალებს ისეთი საღამო იყო, ბავშვები ეზოში ვთამაშობდით, როცა კატები ნელ-ნელა დაიძრნენ ეზოდან, 2, 5, 6, 8, 10? მეტიც.. ზემოთ, გარაჟებზე ამწკრივდნენ მხედრებივით, თავი მაღლა ასწიეს და შეთანხმებულად რაღაც უცნაურ კნავილს მოყვნენ, მაშინ ბავშვი ვიყავი და წესით ვერც უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ კატებს პატრონიც აღარ ჰყავდათ და არც თავშესაფარი. მაშინ დავინახე აივანზე პირველად პირველსართულელი ბიჭიც, ჩვენ ვერც გვხედავდა, ზემოთ კატებს უყურებდა გაფართოებული თვალებით, ზურგსუკან შავმა კარმა გაიჯახუნა მგონი და აივანს ელდანაკრავივით მოშორდა, მოშორდა, მაგრამ ორივემ ერთმანეთი მზერაში გამოვიჭირეთ.

3-4 წლის ვიქნებოდი, ახალ ბაღში მიმიყვანეს, ჩემი კატეგროიულობა წინა ბაღს დააბრალეს, მაგრამ მეორეშიც დაუსრულებლად გრძელდებოდა ჩემი ტირილი, თითებზე დათვლილი დრო, სანამ წამიყვანდნენ. არც ის მახსოვს, რა ერქვა, რა გვარი იყო, გარეგნულადაც სულ ცოტათიც ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, როგორ მაძლევდა თავის წილ ჩაის, რომელიც ერთადერთი რაღაც იყო, რასაც ბაღში ვეკარებოდი, მახსოვს, როგორ წმენდდა ჩემთან ერთად ვეებერთელა, დაორთქლილ მინებს, რომ დამენახა ქუჩა და ქუჩაში ჩემკენ მომავალი დედა. სულ ჩემ გვერდით იყო, ერთხელ წრეში დაგვაყენეს მასწალებლებმა და მე სხვათან მოვხვდი და სხვამ ჩამკიდა ხელი, ისე სწრაფად გაარღვია წრე, ხელში პარეკტის ჯოხი ეჭირა და ჩვენ ხელებს ამით აშორებდა. ბოლოს უკვე ისიც ვერ მეხმარებოდა, იმდენად ვეღარ ვიტანდი ბაღს და გამომიყვანეს, როგორც იქნა, გამომიყვანეს, ისე, რომ მას ვერც დავემშვიდობე. მერე რატომღაც იმედი მქონდა, რომ სკოლაში ერთამენთს შევხვდებოდით და კლასში ქვეცნობიერად მას ვეძებდი, არ დამხვედრია, არც მეორე სკოლაში დამხვედრია.

და რატომღაც, არ ვიცი როგორ, ის მზერა, სანამ აივანს მოცილდებოდა და შემომხედა, ზუსტად ისე მეცნო, როგორც მაშინ “ის” თავის ჩაის ჭიქას ჩემს წინ რომ დებდა და თვალებით მიღიმოდა. და ამ მსგავსებას მერე მივხვდი, როცა პირველი სართულის მეზობლები, ზაფხულიდან შემოდგომაში დაბრუნებულს აღარ დამხვდნენ.

მე იმ ჩაის გემოც მახსოვს.

tumblr_mf1apw8TMm1r3gt2ho1_400_large

……

სტანდარტული

მე ვიქნებოდი ზაფხულში წვიმა, მთაში ტბა, ვიქნებოდი ტალღა, რომელიც ჯერ ნაპირზე არ მომხვდარა, ვიქნებოდი ალბათ ყვავილიც, უუფლისწულოდ.

მაგრამ მე მე ვარ და გწერ, რადგან წერა შემიძლია, რთული ქვეწყობილი წინადადებებით, მაგრამ გულწრფელი ვარ, როგორც არასდროს. მე შემიძლია უარესიც ვიყო, ჰომ იცი? რაც თავი მახსოვს, შენს არსებობაში ეჭვი არასდორს შემიტანია, ხშირად, განაწყენებულს თვალი იმდენჯერ ამირიდებია, მიკვირს ხოლმე მერე როგორღა გისწორებ, თუ ვერც?

კიდევ კარგი აქ არ ხარ, დედამიწაზე. ხედავ? ზოგჯერ როგორ შემიძლია ეგოისტი არ ვიყო. მე ყველაფერი შემიძლია, შენ თუ მოგინდება.

მე თუ რამე ცუდს ჩავდივარ და ზოგჯერ ბავშვურად მჯერა, რომ დაგემალები, ალბათ მთელი ცხოვრება ასე მეგონება, რომ შევძლებ დამალვას. ახლა ჰომ ძალიან მარტო ვარ?!

ზოგჯერ კიდევ მგონია, რომ ჩემი სხეულის ყველა უჯრედში ფიქრებია. მართლა მგონია. თითები განსაკუთრებით ბევრს ფიქრობენ. რატომ მაქვს ასეთი აუტანელი შეგრძნებები? უკან რომ ვიხედები, მგონია, რომ მთელი ცხოვრება გამოვიარე და არ მყოფნის, სული მეხუთება, ვერაფერს ვასწრებ და მერე ვიძინებ. სიზმრებსაც ხედავ ჩემსას? როგორ იღლები..

ზოგჯერ იცი  როგორ მინდა ჩაგეხუტო? მე მართლა ვცდილობ ვიყო შენი მეგობარი, მგონია, რომ ვერ მამჩნევ.

ალბათ ჩემი ფიქრები ასახდენად საშიშია.

არ მინდა ვინმეს სციოდეს, ორივე მნიშვნელობით.

ზოგჯერ მართლა როგორ სულ ტყუილად ვიტკიებთ თავებს ზემოთ ყურებით, როცა გვერდით ხარ, წინ ხარ, სულ ხარ.

ვიცი, რომ ამას წაიკითხავ და მე ვიგრძნობ.

 

 

Human

სტანდარტული

ყოველთვის, როცა ვიღვიძებ და პირველი, ვინტერესდები, არის თუ არა დედა სახლში. ყოველთვის, როცა ქუჩაში მოსიარულე მოხუცებს ვხედავ, გული მეწურება მონატრებისგან. ყოველთვის, როცა შემოდგომაა და წვიმს, მე ვიღიმი. ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები რომლებიც.. და მე ვიღიმი. ყოველთვის, როცა მათხოვრის გამოწვდილ ხელს ვხედავ, მეცოტავება ყველა ხურდა. ყოველთვის, როცა სევდიან და დანაოჭებულ თვალებს ვამჩნევ, გულში – რას აკეთებს ბებო?! ყოველთვის, როცა მენატრება, ვიხსენებ ყველა გულით გამოწვდილ მზერას. ყოველთვის, როცა ვკითხულობ, სად არის ჩემი ძმა. ყოველთვის, როცა ხეებს გაღმა, შორს, გზად ტალღები მოჩანს. ყოველთვის, როცა ბავშვები იცინიან. ყოველთვის, როცა ანასტასია მეძებს. ყოველთვის, როცა მამა რეკავს, მალე მივალ თუ არა სახლში. ყოველთვის, როცა მეგობარი – “ყველაფერი იქნება კარგად”. ყოველთვის, როცა სადღაც, არსაიდან თბილი სიტყვები. ყოველთვის, როცა აღდგომას დედა წინსაფრით და სახლში დარიჩინიანი ჰაერი. ყოველთვის, როცა შობას ფანჯრებზე სანთლები. ყოველთვის, როცა წიგნებია ირგვლივ. ყოველთვის, როცა ვკითხულობ სტროფებს, სათქმელი დაგასწრეს უკვე. ყოველთვის, როცა ეკრანი ლურჯი და ბროწეულისფერია. ყოველთვის, როცა როგორ უყვართ ცხოველებს ადამიანები და პირიქით. ყოველთვის, როცა ესმით. ყოველთვის, როცა მარცხნივ მტკივა და ყოველთვის, როცა ყელში ბურთი.

ყოველთვის, როცა ყველა ზემოთ ყოველთვის

ვგრძნობ, რომ ადამიანი ვარ და მიხარია. 

408813_154014521380806_1272233147_n

Trap by Émile Zola

სტანდარტული

ემილ ზოლასადმი სიმპატია საბოლოოდ გამიმყარდა, მას შემდეგ, რაც მისი რომანი “ხაფანგი” წავიკითხე. მას უკიდურეს გაჭირვებაში უცხოვრია, იყო ახლომხედველი, უკიდებდა ენას, მაგრამ არაჩვეულებრივი ტენორი ყოფილა. როგორც ჟურნალისტი, წერდა პუბლიცისტურ წერილებს.. აქამდე უელბეკს მივიჩნევდი, მწერლად, რომელმაც ყველა და ყველაფერი ისე გააშიშვლა, რომ ჩვენ, მკითხველს შეგვრცხვა მათი სიშიშვლის. ზოლამ დაუდო სათავე მწერლობაში უკიდურეს ნატურალიზმს, შემდგომში კი არაერთმა მწერალმა განიცადა მისი გავლენა. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ მას მასების პოეტს.

“ჩემი ოცნებაა კარგ საზოგადოებაში ცხოვრება, რადგან ცუდი წრე ხაფანს ჰგავს, რომელიც თავის ქალას გაგიჭეჭყავს და ერთი დაკვრით ისე გაგაბრტყელებს და მიწასთან გაასწორებს ქალს, რომ არარაობად აქცევს” 

ზოლას აკრიტიკებდნენ, მიწასთან ასწორებდნენ, იმ რეალობის აღწერის გამო, რომელიც მე-19 საუკუნის საფრანგეთში ხდებოდა. ზოლა კი თავს არ იცავდა და ამბობდა, რომ გავიდოდა დრო და თავისივე რომანი დაიცავდა მას და ასეც მოხდა… 

trapped-woman

მთავარი პერსონაჟი ქალია, ჟერვეზა, რომელსაც დაბადებიდანვე აჰყვა სიღარიბის, სისასტიკის დაღი. ჯერ მამა სცემდა უმოწყალოდ, მერე მისგან გამოქცეული ქმარი ტოვებდა ორ ბავშვთან ერთად და მირბოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან, შემდეგ იყო მეორე ქმარი, შემდეგ ორივე ქმარი ერთად. დიახ, დიახ, ორი ქმარი, ერთი ყოფილი, მეორე – მოქმედი. ქალი იტანდა ორივესგან შეურაცხყოფებს, არჩენდა და ზრუნავდა მათ გართობაზე. კითხვის განმავლობაში, იმდენჯერ გამიჩნდა სურვილი, წიგნში გადავმძვრალიყავი და ამ ქალისთვის პროტესტის გრძნობა გამეჩინა, მაგრამ ყოველი ამ სურვილის გაჩენის შემდეგ, ვიაზრებდი, რომ მთელი ცხოვრება ასეთ ყოფას და ცხოვრებას შეჩვეულს, ირგვლივ კი ისეთ წრეს, რომელიც ამ ყოფის გამო მხოლოდ დასცინოდა, საიდან უნდა გასჩენოდა ეს გრძნობა, რომელიც მის ირგვლივ საერთოდ არც არსებობდა… რომანის დასასრულს, ჟერვეზა სწორედ იმ “ადამიანად” იქცა, რომელზეც ნაწარმოების დასაწყისში ამბობდა, რომ არასდროს გახდებოდა ასეთი, რაც არ უნდა მომხდარიყო. 500 გვერდის განმავლობაში, მხოლოდ ბოლო ფურცლებზე ვიპოვე ერთი დადებითი პერსონაჟი, 8 წლის გოგონა, რომელიც იმდენად გულუბყვილოდ მორჩილი იყო, მხოლოდ ყელში ბურთის მოწოლა მაგრძნობინა. 

ზოლას ისეთი ოსტატობით ჰყავს აღწერილი თითოეული პერსონაჟი, გარემო, სიტუაცია, სახლები, ის აუტანელი სუსხიც, რომელიც მაშინდელ ზამთრებს ეტყობოდა, რომ ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომ მე-19 საუკუნის საფრანგეთში 3-4 დღით მიმოგზაურია და სევდა, რომელიც იქიდან გამომყვა, არასდროს დამავიწყდება. 

მართლაც – “ზოგი იმ თოკის ფასადაც არ ღირს, რომელზეც უნდა ჩამოახრჩო“.

The Day I will never forget.

სტანდარტული

10 წელია საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ეს ყველამ იცის ჩემს ირგვლივ, ამ ირგვლივის ირგვლივაც.. ეს სიყვარული მეტყობა ყველაფერში, სადაც მე ვარ, იქ ბარსაც აუცილებლად ფიგურირებს. 

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პერიოდები, როცა ძალიან მარტოა. იმდენად მარტო, რომ ამ სიმარტოვის ყველაზე დიდი ხელშემწყობი – საკუთარი თავია. ამ სიმარტოვეშიც ჩემთანაა. თან ეს სიმარტოვე მე ხშირად მახასიათებს, მახასიათებს აპათია ბოლო სტადიაში, მახასიათებს პერიოდები, როცა მუსიკაც არ მინდა, არ მინდა ადამიანები, თვალებს ვხუჭავ და ის მაინც ჩემთანაა. ერთადერთი რაღაც არის, რასაც არასდროს მივუტოვებივარ და მეც არასდროს მქონია სურვილი, მიმეტოვებინა. ყველაზე ორმხრივი ურთიერთობაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონია 🙂

2012 წლის 11 სექტემბერი შევიდა ჩემი ცხოვრების (ჯერჯერობით) ყველაზე მნიშნელოვან დღედ. ესპანეთის ნაკრები საქრათველოში ჩამოვიდა, ესპანეთის ნაკრები კი ნიშნავს ბარსას ფეხბურთელების 90%-ს . ჩამოვიდა, რაც მთავარია და ვინც ყველაზე გამორჩეულად მიყვარს ბარსაში – ინიესტა, რომელიც ჩემი ცხოვრების რეალურად მოქმედი ადამიანების უმრავლესობას მირჩევნია (სამწუხაროდ, ასეც ხდება )) ) ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ მინიმუმ, მასთან ფოტო გადამეღო, დავსწრებოდი ვარჯიშებს და მეყურებინა ახლოდან იმ ადამიანებისთვის, ვისაც 10 წელზე მეტია ტელევიზორიდან ვუყურებ და ამდენივე ხანია, ვნატრობ, ამ ყველაფერს რეალურად ვუყურო. 2012 წელი მხოლოდ ამ ფაქტის (ლუკას დაბადებას თუ არ ჩავთვლით) გამო შევა განსაკუთრებულ წლად, ყველა დეტალი, წუთი, მოქმედება მახსოვს და დარწმუნებული ვარ, სულ მემახსოვრება. ხშირად მახსენდება, ჩემგან ალბათ 5 მეტრში მდგარი ხავი, რომელიც კუთხურს აწოდებდა, თავისი ჩვეული დგომით, მზერით, ვუყურებდი და ვხვდებოდი არა, უფრო ვგრძნობდი, რას ნიშნავს პროცესი, როცა ოცნებები ხდებიან. 

ეს მხოლოდ დასაწყისია, ჯერ წინ კამპ ნოუა, ელ კლასიკოა და ალბათ, კიდევ ბევრი სიურპრიზი ჩემი ცხოვრებისგან, რომელზეც ალბათ ხშირად მიფიქრია და მინატრია და უბრალოდ, შესაფერის დროს ელოდება, რომ ახდეს : )

 

DSC_0531