Monthly Archives: თებერვალი 2012

Rest in Peace

სტანდარტული

ბოლო პერიოდია,

ძალიან ხშირად მახსენდება ბაბუაჩემი. ყოველ გახსენებაზე, გული მიპატარავდება, მიწვრილდება, მერე ყელში რაღაც მეჩხირება და ნუ, მერე.. როგორ მენატრება და როგორ მაკლია.. ტელეფონზე რომ ვურეკავდი და გამაგონებდა  – ‘ოოო, ბაბულიკა, ბაბულიკა’ .. მერე ახალ წელს ჩამოდიოდა და ჩვენთვის შეგროვილი ფული და საჩუქრები ჩამოჰქონდა, ყვებოდა უამრავ ისტორიებს და ასე არასდროს არავის უამაყია ჩემით, ჩემი ყოველი ნაბიჯი იცოდა.. სამზარეულოში კვერცხსაც რომ ვწვავდი, იმასაც სხვანაირად მიქებდა – სხვანაირად გემრიელი ხელი გაქვსო.. ყოველთვის ყველაფერს მისრულებდა და მე ბოლოს ვერც კი ვნახე, ვერც ჩავეხუტე და ვერც ის ვუთხარი, როგორ მიყვარდა. სადღაც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ფერადი ძაფი გაწყდა და ძალიან, ძალიან მენატრება..

Secrets

სტანდარტული

გამთენიისას თვალებს ვახელ, ორი საათია, რაც ჩამეძინა. თან გავიყოლე იმ დღის (და არამარტო) ყველა ღიმილი, წყენა, ფეხის წამოკვრა კიბეებზე, ან არც, შებრუნებული და ზურგშექცეული მზერებიც და მე ყველა მახსოვს უკლებლივ – ტუჩის კიდესთან აცდენილი ღიმილიც კი, შიგნიდან ვერწამოსული ემოციაც, სადღაც ჩაკეტილი, ცხრაკლიტულში. ვახელ თვალებს, ტელეფონზე დროს ვაკვირდები, გულში ვფიქრობ, რომ სადღაც იმედი მქონდა ვიღაცის რაღაც შეტყობინებაზე. ვდებ პირდაღმა ტელეფონს. ვიცდენ იმ დღეს ნაფიქრალ ყველა ფიქრს, ძალით და ძალიან ვხუჭავ თვალებს და ვაიძულებ, რომ დავიძინო არა, უფრო დაიძინონ და დაისვენონ ჩემმა ფიქრებმა, ჩემმა გულმა, ჩემმა ყველა ემოციამ, განსაკუთრებით, იმ ემოციებმა, რომლებიც ჯერ ვერ/არ მოხდნენ. ხელს ბალიშის ქვეშ ვდებ, ვწვები გულზე და მესმის ჩემი გულის ხმა, ვითვლი წამებს ჩემი ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე და ვიღლები.. ბოლოს უკვე ისეთ სისულელეზე წამეფიქრება, როგორიც, დავუშვათ, ინტერესი – დღეში დაახლოებით რამდენჯერ ვახამხამებ თვალს : ) 

ასე ვიძინებთ მე და ჩემი თავი, თითქმის ყოველღამე, ან თითქმის ყოველ გამთენიისას, ყოველთვის გვეღვiძება და ვამოწმებთ ერთმანეთს, გვეცნობა საბნის შემოხურვის ჩვევაც კი და ტუჩის კიდესთან ვუღიმით ერთამენთს. მე ყოველ ღამე ვპირდები ჩემ თავს, რომ ერთ საიდმულოს გავუმხელ, დღეს თუ არა ოდესმე მაინც და ის ერთხელაც მშვიდად დაიძინებს : )