Monthly Archives: დეკემბერი 2011

Greench inside me

სტანდარტული

ეს პოსტი სავარაუდოდ, არც იარსებებდა, რომ არა ჩემი უკვე სამდღიანი სიცხე/გაციება/ყელის ტკივილისა.. ერთგვარი ბლოგერული ტრადიციაა განვლილი წლის შეჯამება, შეფასება, ან უბრალოდ გადახედვა – რაც უფრო ვძაბავ გონებას, გავიხსენო ყველა მნიშვნელოვანი მომენტი 2011 წლის, მით უფრო მავიწყდება ყველაფერი, იმედს ვიტოვებ, რომ 2012 წელი გაუმჯობესებული მეხსიერების ბეტა ვერსიას მაინც მომიტანს : | 

‘ახალი წელი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს?!’ – ეს რიტორიკული შეკითხვა ჩემ მიმართ, წლებია, ტრიალებს. ჰოაიასე, არ მიყვარს ახალი წელი, უფროსწორად, არ მიყვარს ახალი წელი საქართველოში – გონის დაკარგვამდე დალევა, შემდეგი რამდენიმე დღე ქუჩაში პახმელიასახეებით მოძრაობა, დაცარიელებულ ქუჩებს უფრო ეტყობათ ნაგავი, გადადებული ან ატალახებული თოვლის ლანძღვა-გინება,  სამსახურიანების წუწუნი – ‘რა წავა სამსახურში’ , უსამსახუროების – წუწუნი და ოცნება, რომ ‘წელს’ მაინც დასაქმდნენ..  მერე ‘ძველით ახალი წელიც’ უწევს და ისევ თავიდან..

იმედია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვიმზადებ ჩემთვის ისეთ შობას და ახალ წელს, როდესაც ძალით არ გავიღიმები, როდესაც მთელი გულით დავიჯერებ, რომ ყველაზე გამორჩეული წელი დადგება..

სადმე პატარა ქალაქში, ვიწრო ქუჩებით, ჩამწკრივებული სახლებით, პატარა ბაღებით, პატარა დეტალსაც რომ ეტყობა ახალი წლის მოსვლა, პაბებში და კაფეებში 90-იანი წლების მუსიკას უკრავენ, ცხელ შოკოლადს სვამ ფანჯრიან მაგიდასთან , მერე სახლში მიდიხარ, ჭერამდე აწვდენილ ნაძვის ხეს რთავ, საჩუქრებს დაბლა აწყობ, ამზადებ ტკბილეულს, მაცივარში საზამთროს და ლეღვის მურაბაც გიდევს, გული რაღაც დადებითის მოლოდინში ყირაზე გადადის.. ამ სახლში უკლებლივ ყველა ადამიანია, რომელიც ყველაზე ყველაზე ძალიან გიყვარს და ზემოთ, მეორე სართულზე გელოდებიან, რომ ერთად უყუროთ, რამე ჰეფინდიან საშობაო ფილმს..

10 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა 31 დეკემბერს მაჩუქა ‘ჰარი პოტერის’ პირველი ტომი, ის ახალი წელი ყველაზე თბილად მახსენდება, ორ იანვარს უკვე ჩემ ცხოვრებაში სხვა სამყარო იყო შემოჭრილი და დღემდე მისით ვარ გაჟღენთილი. ჰოგვორსტში შობა უკვე დადგა, ჩარდახებიანი საწოლები ელოდებიან დღესასწაულით სასიამოვნოდ გადაღლილ ბავშვებს, ყველას ქალბატონი უისლის მოქსოვილი ჯემპრი აცვია : )

ჩემთან ასეთია შობა ახალი წელი 🙂

 

პ.ს. სურვილების ახდენის და მიზნების მიღწევის წელი ყოფილიყოს 2012. გილოცავთ.

 

 

 

 

Friend in need is a friend indeed!

სტანდარტული

შენი დაბადების დღემდე ჯერ კიდევ 4 დღეა.

არ ვიცი, რამ მომიარა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ უკვე უნდა მოგილოცო.

ისეთ დროს გადაწყვიტე დაბადება, ტყვიები რომ ზუზუზუნებდნენ ირგვლივ და თავიდანვე სიტყვა ‘მშვიდობით’ მოხვედი, მშვიდად..

წარმოიდგინე, შენ რომ არა – არ მეყოლებოდა პირველი მეგობარი, დამიგვიანდებოდა მაგ ცნების აღქმა, დამეზარებოდა ყოველ დღე სკოლაში სიარული, შენთან ერთად იმ მეგობრებს ვერ შევიძენდი, დღემდე ერთად რომ მოვდივართ.. ბოლოს და ბოლოს, ერთი ბიჭი არ გვეყვარებოდა და ერთად არ ვიცინებდით ამ ფაქტზე გაკვეთილზე დაგვიანებულები, სკოლის მესამე სართულზე : ))

პირველად შენთან ერთად ვერ დავისვენებდი ზაფხულში, მოკლედ, თავისუფლებასთანაც ასოცირდები )) 

11 წელი გავიდა.. უკან რომ ვიხედები, შენთან ერთად მარტო სასიამოვნო მოგონებები მახსენდება, რამდენჯერ დავფიქრებულვართ, გაგვეხსენებინა, როდის ვიჩხუბეთ ან ვიკამათეთ სერიოზულად და უბრალოდ, ვერ გავიხსენეთ. ახლაც ასეა, გულში ძალიან დიდი ლუპით ვიხედები და იმ მხარეს, სადაც ‘დაზიანებული’ მაქვს, შენ ვერ გხედავ და ზუსტად ვიცი, ვერც ვერასდროს დაგინახავ : )

სულ გეუბნებოდი ხოლმე, შენ ისეთი ხარ, ყველაზე დიდ ბედნიერებას იმსახურებ-მეთქი. მოვა, აი სულ ცოტაც და მოვა. თან ისე მოვა, მიყოლებით აგისრულებს ყოველ დაბადების დღეზე ჩაფიქრებულ სურვილს, ყველა მიზანს და ჯერ კიდევ ბაშვობისდროინდელ გულში ჩარჩენილ ოცნებას..

მინდა ყოველ დაბადების დღეზე შემეძლოს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შენ გაღიმებაში, მინდა მქონდეს სულ იმის ძალა, რომ გვერდით გედგე, იმის შესაძლებლობა, რომ გამოვხატო, როგორ მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება : )

გილოცავ რატომღაც 4 დღით ადრე, ვულოცავ უფრო ჩემ თავს და ალბათ ბევრი მეც მომილოცავს ))

შენი დაბადების დღიდან დაწყებულიყოს შენი ყველაზე ბედნიერი წლების ათვლა…

მიყვარხარ უკვე 11 წელია და ვამაყობ შენით 🙂

Music within.

სტანდარტული

“მუსიკა მართლა დიდი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში.. სწორ დროში შერჩეული სწორი ნოტები რევულუციასაც კი ახდენენ და ომს იგებენ.. არამცთუ, გულებს..

ყველა სიმღერას გააჩნია ცხოვრება.. თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით..თავისი შინაგანი სამყარო, მოგონება და წარმოსახვა. ჩემთვის, თითქმის ყველა სიმღერას გააჩნია თავისი სიუჟეტი, თავისი ისტორია – წელიწადის დროც კი.. არიან სიმღერები, რომლებსაც მარტო ზამთარში ვუსმენ ან ზაფხულში..”

მცირე ამონარიდი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანის წერილებიდან.. 

ჩემთვის არსებობენ ისეთი სიმღერები, რომლებზეც ინსტიქტურად მეხუჭება თვალები, არსებობენ სიმღერები, რომლებსაც ძალიან იშვიათად ვუსმენ, მაგრამ თუ ვუსმენ ე.ი. ყველაზე ცუდად ვარ მსოფლიოში.. არსებობენ სიმღერები, რომლებიც ჩემ ხასიათზე პროვოცირებენ, რომ გამოკეთდეს.. ზოგჯერ მართლა მიფიქრია მათი სეზონების მიხედვით დაფოლდერება 🙂

… უდაბნოში ვარ, მაცვია გრძელი თეთრი კაბა, თმა გაშლილი მაქვს და ფეხშიშველა მივუყვები ძალიან მცირე ტრასის ზოლს. ფეხები მიხურს, მაგრამ მსიამოვნებს. არ მახსოვს რამდენი ხანია ამ გზას მოვუყვები, არც ის ვიცი სად მივდივარ, არც ის ვიცი, ოდესმე დავიღლები თუ არა ამ სიარულით. არც წარსული გამაჩნია, უწარსულოს არც აწმყო მაქვს და არც მომავალი.. გზა და გზა თვალებს ვხუჭავ და მირაჟივით მიკრთება მწვანე თვალები, შავი თმა, შავი ტყავის  ქურთუკი, სიგარეტის ბოლშია გახვეული და ჰორიზონტს გაყურებს.. თვალებს ვახელ და ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ არ გამომდის.. მე გზას ისევ მივუყვები და ისევ არ ვიცი სად მიმიყვანს..

ეს სტინგის “Desert Rose” – ია 🙂 http://www.youtube.com/watch?v=C3lWwBslWqg&ob=av3e