Monthly Archives: ნოემბერი 2011

Nightmare

სტანდარტული

ჩემთან ყოველ ღამე მოდის სიკვდილი.

ყოველ ღამე ვცდილობ ავუხსნა, რომ ცუდი მოსაუბრე ვარ, ვერც რჩევებს მივცემ. არც მოსმენა შემიძლია უკვე მისი. ზოგჯერ სინანულის საათები აქვს, ნანობს ძალიან ბევრ ადამიანს, ვისთვისაც ხელი შეუვლია, ვისაც მისი მონაცისფრო თვალები უნახავს. წამოწვება გვერდით, მარცხნივ ისე მცივა. ნატრობს, რომ ჰქონდეს  ტყეში სახლი, სახლში – სითბო, სითბო – გულში, გული ჰქონდეს..

ზოგჯერ ისეთი დაღლილი მოდის, ლაპარაკის თავიც არ აქვს. როცა სძინავს, ხელებზე ვაკვირდები. მთელი ღამე უკრთის ხოლმე, პირაღმა სძინავს და გეგონება, საცაა წამოდგება და მასზე ფიქრებისთვის დაგსჯის. 

ზღაპრებს ვკითხულობდი ხმამაღლა, ძილის წინ. თვალებს ხუჭავს და ყველა სიტყვას წურბელსავით იკრავს. მეუბნება, რომ ირგვლივ ყველაფერს შავ-თეთრად ხედავს, მაგრამ როცა ცდილობს ჩემი მზერა დაიჭიროს, თვალებში ლურჯი უკრთება, სახეზე – გაოცება.

ვთხოვ ხოლმე, რომ გაქრეს, წავიდეს, რომ დედამიწისთვის ზედმეტად მძიმეა, ადამიანებისთვის ზედმეტად მტკივნეული, მოგონებებისთვის ზედმეტად ღრმა. გავხედავ და თავს იმძინარებს. თვალზე რაღაც ვერცხლისფერი უკრთება.. მინდა საბანი დავახურო, მაგრამ მარცხნივ უფრო მცივდება.

ჩემთან ყოველ ღამე მოდის სიკვდილი.

ყოველ ღამე ცდილობს გაქრობას

და ყოველ ღამე თავიდან ჩნდება.

Advertisements

Dear 16 years old self

სტანდარტული

გამარჯობა, მორეირა

ეს ზედმეტსახელი ცოტა ხანია შეგერქვა და როგორ იხდენ, იხდენ რა – გიხდება, 4 წლის მერე უფრო გეყვარება 🙂 (სხვათაშორის, დაფიქრდები გვარი ჰო არ გადაიკეთო, მაგრამ რეზოსი გაგიტყდება :))) )

ახლა სავარაუდოდ, პოტერის მეოთხე ტომს კითხულობ.. წინ ისეთი რაღაცები გელის, ვერც წარმოიდგენ. სნეიპის მიმართ ნუ ხარ ასეთი აგრესიული, მეშვიდე ტომში ამას აუცილებლად ინანებ, მეტს არაფერს გეტყვი.

ცოტა ხანია შეგიყვარდა ) კიკი, ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც წარმოგიდგენია – ცოტა უკეთესიც. შეირგე ყველა ის დღე, საჩუქარი, შეინახე ყველა მოგონება ღრმად, დამიჯერე! რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, ბოლოს მეგობრებად დარჩებით, მაგრამ ასეთი მეგობარი ცოტა გეყოლება და იამაყე )

საშინლად არ გიხდება, როცა ოცნებობ, ვცოფდები, ახლა რომ გიყურებ. ლექსებში, მოთხრობებში და განსაკუთრებით ზღაპრებში – ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე რეალობაში. ცოტა მინდა შეგანჯღრიო, მაგრამ არა ისე, რომ შენი მოქმედების კურსი სრულად შეცვალო. ერთი პოეზიის საღამო შენ ცხოვრებას 180 გრადუსით შეცვლის, შენ ოცნება აგიხდება, მაგრამ ვიმეორებ – არ გიხდება ) ცხვირს იმდენჯერ წაიმტვრევ და იმდენჯერ გეტკინება გული, რომ აქედან მინდა მოგეფერო და გულში ჩაგიკრა. 

ძალიან სულელი ხარ, მაგრამ ერთბაშად ისე გაიზრდები – ხერხემლის ყველა მალა ერთდროულად აგტკივდება და დიდ ძალას იგრძნობ. გილოცავ, შენ ძალიან დიდი გამოცდილების პატრონი ხარ.

ჰოჰო, ჩააბარებ, სულ ტყუილად ნერვიულობ ის ერთი წელი. როგორი მოლოდინიც გაქვს, გადააჭარბებს. ამ ზაფხულს ყველაზეეეეე მააგაარეეე ზააფხულეეე გელოდებაააა (ვერ მიხვდები ამ სიტყვებს ‘ე’ და ‘ა’-თი გაწელილი რატომ გწერ :სპაი: მაგრამ ნუ მერე მიხვდები და კარგა ხანს გაგეცინება )

ცეკვიდან ნუ გამოხვალ! ფუ, რა სულელი ხარ 😦 სამბას მომდევნო 4 წელი ვერ ისწავლი, ეგეც შენ!

უნივერსიტეტში შენ ჯგუფელს გამარჯობას რომ არ ეუბნები, მომავალი 2 წელი სიყვარულს აუხნით ერთმანეთს :)) წარმომიდგენია, რა სახე გაქვს ახლა. წინ იმდენი გამოცდა გელით.. გულწრფელად მეცოდები(თ). ისევ ის მეგობრები გყავს, თითქმის უკლებლივ ირგვლივ რომ გახვევიან, სულ ტყუილად გეშინია. წინ კიდევ ძალიან დიდი მეგობრობა გელის, გთხოვ, მოუსმინე და ხშირად ელაპარაკე. დამიჯერე, ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებ რთულ სიტუაციებში. ეცადე ფიქრის მექანიზმს რამე უმნიშვნელო ჭანჭიკი მაინც მოაძრო და ცოტა წყობიდან გამოიყვანო, თორემ გარეკავ.

ბარსელონა იმდენჯარ გახდება ჩემპიონი, სადაც გინდა, რომ ზოგჯერ სათვალავი აგერევა. უკეთ დააკვირდი იმ ბიჭს, რომელსაც გამელოტება ეწყება, ის სრულიად გამელოტებულიც სიგიჟემდე გეყვარება.

ხშირად მოეფერე ადამიანებს სიტყვებით მაინც, რაც დრო გავა, ამას უფრო ნაკლებად მოახერხებ შენი უჯართესი და უსაზიზღრესი ხასიათის გამო, მაგრამ ამის გამოსწორებას ნელ-ნელა ჩემ თავზე ავიღებ.

სიცხეს ნუ აიწევ მაინც და მაინც მსოფლიო ჩემპიონატზე – მოიგებენ. კიდევ უფრო კარგად დააკვირდი ნახევრადგამელოტებულ ადამიანს ) 

შენ ცხოვრებაში უფრო მეტ ძვირფას ადამიანს შეიძენ – ვიდრე დაკარგავ. ვერც წარმატებებს გისურვებ, ვერც დანაკლისებზე მოგისამძიმრებ, რეალურად, ვერც შეგანჯანჯღარებ იმიტომ, რომ შენ ჩემში ხარ, მაგრამ ზოგჯერ ამ ჩემში მყოფ ‘ჩემს’ გახსენება სჭირდება, რომ უკეთ შეძლოს იყოს ის, ვინც არის .

დაბრუნებამდე.