Monthly Archives: აპრილი 2011

!?

სტანდარტული

შენთან მოსვლა იმ შეგრძნებას მახსენებს, ლოყებზე სუსხი რომ გაქვს მიკრული და ბუხართან მიმჯდარი შენი ლოყების ფერი გიბრუნდება.

შენთან თბილა, სულ თბილა, “ზამთრის სიმღერისასაც” თბილა.

ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ყველაფერი თქვი, რაც აქამდე უნდა მეთქვა, რასაც ახლა უნდა ვამბობდე და რასაც იმედია, ოდესმე ჩემითაც ვიტყვი..

ისე მინდა ერთხელ სადმე ჩამოგიჯდე და იმდენი გელაპარაკო, რამდენსაც შიგნით ვტოვებ და ხშირად საკუთარ თავსაც ვაიძულებ არ გაუგოს.

ჩემთანაც ჯდება ის სეზონისხელა სიცარიელე, ვგრძნობ შენთან ერთად როგორ ეყინება ბეღურას ფრთები, ყველა შენ ნაწერს თავისი სეზონი აქვს, თავისი ამინდი, თავისი ჩაი.. მუსიკის გარეშე – მე შენი ხმა მესმის )

ერთხელ აუცილებლად უნდა გნახო, ისე, მარტო, ჩემთვის.. წინასწარ ზუსტად ვიცი როგორ ინერვიულებ, რამდენ რამეზე აგტკივდება გული, ერთ კოლოფ სიგარეტს დაცლი და თავსაც ბევრჯერ დახრი, როცა გეტყვი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტო პერიოდებში ყოველთვის გვერდით მყავდი და ვპოულობდი შენით იმ სიტყვებს, რომლებიც მე კარგა ხანია დამეხოცნენ..

შენ ხომ საგნის მნიშვნელობები არა, უფრო ფორმები გიყვარს, ჩემთვის მყუდრო სავარძლის ფორმა აქვს შენ ხმას, თავს რომ ჩამოადებ და ზემოთ აიხედები და გგონია ფიქრები ზემოდან ცვივა და ისინი არც არასდროს გაგიფიქრებია..

წერე რა, ჩათვალე, რომ ორნი წერთ..

ჩათვალე, რომ ერთი ადამიანი ისე გაეგოისტდა, თავისი ნახევარი დიდი ხნის წინ მელნით ჩამორეცხა.

კიდევ რამდენ რამეს გეტყოდი, რომ შემეძლოს, მაგრამ..

‘რა გიპასუხო, <ზვიად> განა ღმერთი ასეთებს გვხედავს..’