Hey, Sam

სტანდარტული

გამარჯობა ფასიანო, ან ძვირიანო, ოღონდ არა ძვირფასო

იცი, რამდენი ხანია ვცდილობ ეს წერილი დავწერო და როგორმე გითხრა, რომ დიდი ხანია ვცდილობ ეს წერილი დაიწეროს. როგორც იქნა მოვაბი თავი, რამდენად გეტყვი სათქმელს არ ვიცი, მაგრამ ვეცდები ყოველშემთხვევაში. ძალიან ხშირად მახსენდება ის დღე, როცა მითხარი ცასა და დედამიწას შორის არაა იმდენი სიშორე, როგორც ჩემსა და შენს შორისო, სულ მაინტერესებდა ეს სიშორე როდისღა განსაზღვრე, ან რა საჭირო იყო ასე მეტაფორებით ამ სიშორის გათვლა – გეთქვა, ჩემსა და შენს შორის სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრია, კოცნას რომ ეცადე და ხელით გაგწიეო, უფრო იოლი არაა?! შენ საერთოდ გიყვარს მეტაფორები, შენს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, შენთან საგნებს და ნივთებს სქესიც კი აქვს და ხასიათიც… მაგალითად–შენს დანას ხშირად აქვს კლიმაქსი, თუმცა არც აგდებ..

ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე, რომ შემყვარებოდი. ჯერ ბავშობის ეტაპის გავლას ვეცადე, მერე თითქოს ე.წ. თინეიჯერიც ვიყავი (ჩემი ლექტორის დაჟინებულ „ტინეიჯერს“ არ დავწერ) მერე ხელქვეითიც მერქვა, მახსოვს ვიღაცის უფროსიც ვიყავი, მახსოვს ვიღაცამ იმდენად ბევრჯერ გამომიყენა, რომ დამავიწყდა სინამდვილეში ვინ ვიყავი… მერე თითქოს თავს უფლება მივეცი, მყვარებოდი, გავტუტუცდი, ჰო? ბავშობაში არგამოვლენილმა სითავხედემ მაშინ იჩინა თავი, ალბათ, რა ვიცი. მერე შენს გამოგონილ სახლში ვიცხოვრეთ, ხუთკედლიან ოთახში ვზრდიდით ჩვენს გრძნობებს, ხან სარეცხივით ვფენდით, მეზობლები ხედავდნენ როგორ ვიბურდებოდით ძაფივით, ხან კარადაში კოხტად ვკეცავდით, დაუთოებულს, ჯერ კიდევ თბილს. ამ აკვარიუმის თევზებს მაინც რატომ ესმოდათ ამდენი ჩვენზე, მაინტერესებდა, სანამ საუბარში არ გამოგიჭირეთ. ეჭვიანი ქმარივით წამოგადექით თავზე.. ზიხარ ახლა შენსავე გამოგონილ ოთახში, მზის სხივების დაახლოებას ცდილობ, ცდილობ ოთახში შემოტყუებას, გამტყდარი სარკით ირეკლავ და ბავშვივით გჯერა, რომ ყველა სასწაული აუცილებლად ახდება ბოლოს. შენ, შენ, შენ, რომელსაც არასდროს გქონია შობა ნაძვის ხით, ძირს დაწყობილი სათამაშოებით.

იმედია, ამ წერილს შენს გამოგონილ საფოსტო ყუთში არ ჩააგდებენ, ვინ იცის, როდის წაიკითხავ, შეიძლება საერთოდ არ წაიკითხო. ისე, სანტას არსებობოდა ოდესმე რომ გცოდნოდა, საინტერესოა, რას მიწერდი

„ძვირფასო სანტა, მე სემი ვარ? იქნებ, რამდენიმე ბედნიერება მოგეტანათ ჩემთვის, ფოჩებიანი და ჭრელი, ლამაზ ქისაში“ მგონი, ვცდილობ შენი ფიქრები დავიმსგავსო, რა უმსგავსო ვარ. სემ, ზოგჯერ მგონია, რომ ჰაერს სემი უნდა ერქვას, რომ უსემობა მჭირს და არა უჰაერობა, რომ შეყვარებული კი არა სემარებული ვარ, ან რამე მაგდაგვარი… მინდა სიტყვებს ჩემებურად ერქვათ, იმიტომ, რომ ისე მნიშვნელობას კარგავენ და ვერ ვხვდები, რა დანიშნულებით უნდა ვიხმარო. სემ, ნეტა, ახლა რომელ სეზონში ხარ, თოვს, ფოთლებია, კვირტები თუ ტალღები შენთან.. აქეთ ზამთარია, ძალიან აცივდა, არც თოვს და ახალი წელიც მგონი მოიპარეს, იმ მწვანე არსებამ არა, ჩვენ ხალხმა მოვიპარეთ, მოგვებზრდა თუ მომავალი წლისთვის გადავინახეთ, რომელიც შეიძლება არ მოხდეს, არ ვიცი, ვერ გეტყვი, რას გაიგებ… სემ, უფრო მენატრები, ვიდრე მიყვარხარ და უფრო მჭირდები, ვიდრე მენატრები, ან უფრო ჩემი მინდა იყო, ვიდრე მენატრები ან ვიდრე…

არ შეიძლება შენს სამყაროში მეც გამომიგონო?! წარმოიდგინე, რომ უფრო საშენო ვარ, შენს თარგზე გამოჭრილი და უფრო შენი, ვიდრე შენი კლიმაქსიანი დანა. თან რაღაც ძალიან მოვიწყინე იმ ოთახში, რომელსაც ოთხი კედელი აქვს, კარებს ორი სახელური.. სემ, შენი თავი თვითონვე არ დაიმარხო, ნუ გამოიტირებ საკუთარ თავს, ხელებს გულზე ნუ დაიწყობ ჯვარედინად, საკუთარი თავის ჭირისუფალი ნუ გახდები, სემ.. ნუ გამომიგონებ, თუ გინდა ბევრჯერ გადაწერილი ფურცელივით დამხიე, ოღონდ საკუთარი თავის გადაჩვევა არ დაიწყო.

სემ, თუ ოდესმე გამომიგონე, აუცილებლად შემატყობინე, მინდა ვიცნობდე, შენს ნაცნობ მეს. სემ, კიდევ მინდა გახსოვდეს, რომ ცა და დედამიწა ერთხელ აუცილებლად გაერთიანდებიან და ეს გარდაუვალია.

დაბრუნებამდე

შენი.გამოგინილი.თარიღი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s