Monthly Archives: სექტემბერი 2010

Hey, Sam

სტანდარტული

გამარჯობა ფასიანო, ან ძვირიანო, ოღონდ არა ძვირფასო

იცი, რამდენი ხანია ვცდილობ ეს წერილი დავწერო და როგორმე გითხრა, რომ დიდი ხანია ვცდილობ ეს წერილი დაიწეროს. როგორც იქნა მოვაბი თავი, რამდენად გეტყვი სათქმელს არ ვიცი, მაგრამ ვეცდები ყოველშემთხვევაში. ძალიან ხშირად მახსენდება ის დღე, როცა მითხარი ცასა და დედამიწას შორის არაა იმდენი სიშორე, როგორც ჩემსა და შენს შორისო, სულ მაინტერესებდა ეს სიშორე როდისღა განსაზღვრე, ან რა საჭირო იყო ასე მეტაფორებით ამ სიშორის გათვლა – გეთქვა, ჩემსა და შენს შორის სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრია, კოცნას რომ ეცადე და ხელით გაგწიეო, უფრო იოლი არაა?! შენ საერთოდ გიყვარს მეტაფორები, შენს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, შენთან საგნებს და ნივთებს სქესიც კი აქვს და ხასიათიც… მაგალითად–შენს დანას ხშირად აქვს კლიმაქსი, თუმცა არც აგდებ..

ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე, რომ შემყვარებოდი. ჯერ ბავშობის ეტაპის გავლას ვეცადე, მერე თითქოს ე.წ. თინეიჯერიც ვიყავი (ჩემი ლექტორის დაჟინებულ „ტინეიჯერს“ არ დავწერ) მერე ხელქვეითიც მერქვა, მახსოვს ვიღაცის უფროსიც ვიყავი, მახსოვს ვიღაცამ იმდენად ბევრჯერ გამომიყენა, რომ დამავიწყდა სინამდვილეში ვინ ვიყავი… მერე თითქოს თავს უფლება მივეცი, მყვარებოდი, გავტუტუცდი, ჰო? ბავშობაში არგამოვლენილმა სითავხედემ მაშინ იჩინა თავი, ალბათ, რა ვიცი. მერე შენს გამოგონილ სახლში ვიცხოვრეთ, ხუთკედლიან ოთახში ვზრდიდით ჩვენს გრძნობებს, ხან სარეცხივით ვფენდით, მეზობლები ხედავდნენ როგორ ვიბურდებოდით ძაფივით, ხან კარადაში კოხტად ვკეცავდით, დაუთოებულს, ჯერ კიდევ თბილს. ამ აკვარიუმის თევზებს მაინც რატომ ესმოდათ ამდენი ჩვენზე, მაინტერესებდა, სანამ საუბარში არ გამოგიჭირეთ. ეჭვიანი ქმარივით წამოგადექით თავზე.. ზიხარ ახლა შენსავე გამოგონილ ოთახში, მზის სხივების დაახლოებას ცდილობ, ცდილობ ოთახში შემოტყუებას, გამტყდარი სარკით ირეკლავ და ბავშვივით გჯერა, რომ ყველა სასწაული აუცილებლად ახდება ბოლოს. შენ, შენ, შენ, რომელსაც არასდროს გქონია შობა ნაძვის ხით, ძირს დაწყობილი სათამაშოებით.

იმედია, ამ წერილს შენს გამოგონილ საფოსტო ყუთში არ ჩააგდებენ, ვინ იცის, როდის წაიკითხავ, შეიძლება საერთოდ არ წაიკითხო. ისე, სანტას არსებობოდა ოდესმე რომ გცოდნოდა, საინტერესოა, რას მიწერდი

„ძვირფასო სანტა, მე სემი ვარ? იქნებ, რამდენიმე ბედნიერება მოგეტანათ ჩემთვის, ფოჩებიანი და ჭრელი, ლამაზ ქისაში“ მგონი, ვცდილობ შენი ფიქრები დავიმსგავსო, რა უმსგავსო ვარ. სემ, ზოგჯერ მგონია, რომ ჰაერს სემი უნდა ერქვას, რომ უსემობა მჭირს და არა უჰაერობა, რომ შეყვარებული კი არა სემარებული ვარ, ან რამე მაგდაგვარი… მინდა სიტყვებს ჩემებურად ერქვათ, იმიტომ, რომ ისე მნიშვნელობას კარგავენ და ვერ ვხვდები, რა დანიშნულებით უნდა ვიხმარო. სემ, ნეტა, ახლა რომელ სეზონში ხარ, თოვს, ფოთლებია, კვირტები თუ ტალღები შენთან.. აქეთ ზამთარია, ძალიან აცივდა, არც თოვს და ახალი წელიც მგონი მოიპარეს, იმ მწვანე არსებამ არა, ჩვენ ხალხმა მოვიპარეთ, მოგვებზრდა თუ მომავალი წლისთვის გადავინახეთ, რომელიც შეიძლება არ მოხდეს, არ ვიცი, ვერ გეტყვი, რას გაიგებ… სემ, უფრო მენატრები, ვიდრე მიყვარხარ და უფრო მჭირდები, ვიდრე მენატრები, ან უფრო ჩემი მინდა იყო, ვიდრე მენატრები ან ვიდრე…

არ შეიძლება შენს სამყაროში მეც გამომიგონო?! წარმოიდგინე, რომ უფრო საშენო ვარ, შენს თარგზე გამოჭრილი და უფრო შენი, ვიდრე შენი კლიმაქსიანი დანა. თან რაღაც ძალიან მოვიწყინე იმ ოთახში, რომელსაც ოთხი კედელი აქვს, კარებს ორი სახელური.. სემ, შენი თავი თვითონვე არ დაიმარხო, ნუ გამოიტირებ საკუთარ თავს, ხელებს გულზე ნუ დაიწყობ ჯვარედინად, საკუთარი თავის ჭირისუფალი ნუ გახდები, სემ.. ნუ გამომიგონებ, თუ გინდა ბევრჯერ გადაწერილი ფურცელივით დამხიე, ოღონდ საკუთარი თავის გადაჩვევა არ დაიწყო.

სემ, თუ ოდესმე გამომიგონე, აუცილებლად შემატყობინე, მინდა ვიცნობდე, შენს ნაცნობ მეს. სემ, კიდევ მინდა გახსოვდეს, რომ ცა და დედამიწა ერთხელ აუცილებლად გაერთიანდებიან და ეს გარდაუვალია.

დაბრუნებამდე

შენი.გამოგინილი.თარიღი.

Before Death

სტანდარტული

‘სიკვდილის წინ მესიზმრა, თითქოს დამხატეს და ჩემი სურათი ათასი წლის შემდეგ სამოთხეში მოხვდა’ (c) ორჰან ფამუქი


და მაინც, ყველაფერი სულ სხვანაირად წარმომედგინა, მეგონა საერთოდ გავქრებოდი და დარჩებოდა ჩემი მეხსიერება, მეტკინებოდა, ჩემი წარსული, განვლილი ცხოვრება, ყველა ბედნიერი წუთი, თან იმაზე ფიქრსაც შევძლებდი, რამდენი რაღაც ვერ მოვასწარი და საკუთარი თავი შემეცოდებოდა. იმედიც მექნებოდა რომ ეს მეხსიერება ერთხელ სადღაც მოთავსებოდა და დავბრუნდებოდი, ან საერთოდ გაქრებოდა და დავისვენებდი. სულ აორთქლებისაც მეშინოდა, ხარ და უცებ აღარ ხარ. კუჭი ამტკივდა არა – ‘კუჭი ვიგრძენი’.

ყველაფერი სულ  სხვანაირად მოხდა, მეხსიერება საერთოდ არ მაქვს, ვერც ერთ წუთს ვერ ვიხსენებ რაც აქამდე ყოფილა, ეჭვიც მეპარება ხოლმე – საერთოდ იყო? საერთოდ ვიყავი? ვინ ვიყავი?

ხატვა თუ შეიძლება-მეთქი, წითელს მწვანე რომ შევურიო რა ფერი გამოვა-მეთქი, ეს გზაჯვარედინი რატომაა წითელი და მწვანე?! მე საით უნდა წავიდე? ქვაზე ჩამოვჯექი, მომინდა რაღაც ისეთი მეკეთებინა, რასაც ყველაზე ხშირად ვაკეთებდი როცა ვიყავი (ეს იმ შემთხვევაში, თუ ვიყავი) ვერაფერი გავიხსენე და უფრო გამიმძაფრდა იმის შეგრძნება, რომ არ ვყოფილვარ, ისე მომინდა ჩემი თავი მეტირა.

რაღაცნაირი გრძნობა შემომიჩნდა, ტრიალ მინდორზე მარტოდმარტო რომ ხარ, გინდა იყვირო, მაგრამ აზრი არ აქვს – ვერავის გააგონებ. გინდა ილაპარაკო, მაგრამ არავინ მოგისმენს. ბალახიც ხელოვნურ საფარს გაგონებს. ეგ რაღაა?

ქვას ვაგორებ, თავს ვირთობ გზაჯვარედინმდე, ვიმშვიდებ ჩემს ალბათ ოდესმე ნამყოფ ‘მეს’ რომ ალბათ მოიფიქრებენ სად წავალ, სად უნდა წავიდე..

ეზოში ბურთს ვთამაშობ, ირგვლივ ვარდებიანი ბაღია და პატარა ბიჭს ვეხვეწები ჩემთან ერთად ითამაშოს, მაგრამ სახლიდან არ უშვებენ, მეც ვერ მივდივარ, იმიტომ, რომ მარტო ვარ. დამიბარეს – არსად წახვიდეო. მოვიფიქრე – ეზოდან ეზოში ვესვრი ბურთს, ისიც მიბრუნებს და ვთამაშობთ, არც ერთი არ ვარღვევთ პირობას.

ქვას რომ ვაგორებდი, თავში რა მომივიდა, მე ვიყავი ის ბურთს რომ ვთამაშობდი იმ შავთმიან ბიჭთან-მეთქი, იმედიც მაშინ გამიჩნდა, თურმე ვყოფილვარ, ის გოგო ძალიან მგავდა-მეთქი. უფრო ავუჩქარე ქვის გორებას..


პ.ს. სიკვდილზე ფიქრისას ‘მესიზმრა’, რომ ამას ვწერდი და რომ ‘გავიღვიძებდი’ აუცილებლად დავწერდი.

Happy B.day, Moreira (19)

სტანდარტული

დეიდა პეგის სახლიდან ვბრუნდებოდით ეტლით, როგორც ყოველთვის ნისლი იდგა, ცრიდა. ხელში პეპლების საჭერი მქონდა ჩაბღუჯული, ვფიქრობდი, სახლში რომ მივალ, წიგნის კითხვას გავაგრძელებ, საღამოს ჩაის დავლევ კაკლის მურაბასთან-მეთქი, გულში ვცქმუტავდი, სახეზე ალბათ სიტყვა ‘სერიოზულობა’ მეხატა, თან გულში ხინჯად მრჩებოდა, თუ მინდა ნამდვილი ბარონესა ვიყო, კორსეტიანი კაბებით მეჯლისებზე ვიარო, არასერიოზულობას აქედანვე უნდა გადავეჩვიო-მეთქი. ამიტომ, როცა რამე მიხაროდა, გულში ვინახავდი და ღამე, დაძინებამდე საბანგადაფარებული, ფეხებს ლამის ჭერს ვარტყამდი, თან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, ბარონესებიც ასე იქცეოდნენ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდნენ. ჩვენ ყველას ჩვენი საიდუმლო გვაქვს.
ვსხედვართ საღამოს, წინ ჟასმინის ჩაი მიდგას და კაკლის მურაბას მიხსნის დედა. როცა მარტონი ვართ, უფლება მაქვს იდაყვები მაგიდაზე შემოვაწყო. ოცნებებში დავფრინავ, წინ დიდი დარბაზია, თვალი მიჭრელდება იმდენი კაბით. ფოქსროტს ვცეკვავ.
ლონდონში დღეს წვიმაა გამოცხადებული. ქოლგის რიგებში ვდგავართ, ირგვლივ სულ სიჭრელეა.
ბეიქერ სთრითი. – დიახ, სადილად მოვალ.
ხვალ ჩემი საყვარელი ჯგუფის ლაივია. როცა ნირვანაში მიდიხარ და მთელ სხეულში გრძნობ მუსიკას.

2:0, კამპ ნოუ, ლურჯის და წითელის მიქსი, ჩემი ყველაზე ხანგრძლივი, სამუდამო და საამაყო სიყვარული.
უფრო მეტი ვიდრე ფეხბურთია.

პ.ს. გილოცავ, მორე დაბადების დღეს. ჩვენი გაცხადებული ოცნებები ასრულებულიყოს.