: )

სტანდარტული

ლიგალ ელიენს,

გუშინ შარშანდელი ზამთარი გადავიკითხე, ბუხართან მარტო ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. მართლა გადავიკითხე, თვალებდახუჭულს ფურცლების გადაშლაც მესმოდა. ჰოდა, იმ გვერდზე გავჩერდი, თოვლის მომლოდინე დღე რომ იყო, ვერაფრით რომ ვერ დაღამდა. ისე გავწავლდი, ამ უთოვლო სითეთრეში სათქმელს ვერაფრით გეუბნებოდი, მერამდენედ დავტკეპნეთ ის უსურვილო და სახლში რომ ვერ მიდის ისეთი გზები, თან გციოდა… ცოტა რომ გაფერმკრთალდა დღე, ისე შემეშინდა უცებ ჩემი სიტყვების, ისეთი გრძნობა ამყვა… მეგონა, ახლა თოვლი რომ წამოვიდეს, ფიფქის დაცემის ხმასაც გავიგებ-მეთქი. შენ ძალიან უდარდელად იყავი, ყვითელი ქურთუკი გეცვა. ქვაზე ჩამოვჯექი, ქუდი მოვიხადე და მეორე ქვაზე დაგიდე, ახლოს მინდოდა მომჯდომოდი და გითხარი… გითხარი კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება დაგიწერე მეგონა, თან გულში ვფიქრობდი, ასეთი ზერელე როგორ ვარ, რამდენიმე წუთში როგორ ჩავატიე-მეთქი, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, სანამ მე გულში ამას ვფიქრობდი, შენ არასახლისო გზა ისე მალე გაგეარა, დაწევა არც მიფიქრია… მთელი ღამე ვფიქრობდი, ჩემმა ცხოვრებამ ასე როგორ შეაშინა-მეთქი.
მერე თებერვალი გამახსენდა, საიდან სადაო, როგორ მიყვარს წარსულის წარსულში ბოდიალი. მთელი დღე ეს ფრაზა რომ გქონდა აკვიატებული : “ყველა მდინარე ბოლოს მაინც თავის კალაპოტს უბრუნდებაო” როგორ შეიძლება შენ საზღვრები გქონდეს, როგორ შეიძლება რაღაც ნიშნულს დაუბრუნდე შენ?! ვეღარ შეგბედე, შენ კალაპოტი არ გაქვს-მეთქი, ჩემი კალაპოტის შემეშინდა, ეგეც არ გამიქრეს-მეთქი.
იანვარი გახსოვს? მატარებელში ვისხედით და დაორთქლილ მინაზე ცდილობდი ასოების გამოყვანას, არ მეტევაო, წუწუნებდი. რას მიწერ, ფურცელს მოგცემ-მეთქი. არაო, ისეთ რაღაცას გიწერ, დაორთქლილ მინაზე უფრო იოლად წაიშლებაო. შენი დაკარგვის ისე შემეშინდა უცებ, კაშნე მოვიხსენი და საგულდაგულოდ გავწმინდე მინა, ხშირად გავხედავდი ფანჯარას რომ ისევ არ დაორთქლილიყო.
დეკემბრის დასაწყისი იყო, ბილეთი ავიღეო მითხარი. ისევ იქ მიდიხარ-მეთქი? და არა, ჩემი თავი თავიდან უნდა დავიწყო, სანამ შანსი მაქვსო… ჯერ შენი თავი, მერე თავიდან დაწყებული, უცებ, თავბრუ დამეხვა, ისეთი შეჰგრძნება გამიჩნდა, თითქოს, ყველა ენა, რაც კი ვიცოდი ერთაბაშად დამავიწყდა და ჟესტებით და მიმიკებით ვერასდროს აგიხსნიდი რას ვგრძნობდი მაშინ.
ახლა მანდ გაზაფხულია, თან როგორ გიყვარს… ჩემთან ისევ ბუხარია, ჩაის ჭიქით და უკვე მერამდენედ გიწერ ზამთარს…P.S. თბილ ქვეყნებში ვერგაფრენილი ჩიტი ვარ

Advertisements

One response »

  1. არ მახსოვს რომელი წელი იყო, არც ის მახსოვს რა გეცვა, მაგრამ მახსოვს შენი თვალები. უძირო მომწვანო-მოცისფრო თვალები. მახსოვს შენი ხელები ჩემს სახეზე. შენი თხოვნაც მახსოვს, უსიტყვო ხვეწნა მახსოვს და მახსოვს ისიც რომ ამ ყველაფერს მე ვერ ვხვდებოდი.
    გუშინ ჟასმინის ჩაის ვსვავდი, თან ლიმნით… ზუსტად ისეთს შენ რომ გიყვარს. კოვზი ჩაის პატივისცემით ჭიქიდან ამოვიღე და ლამბაქს გვერდით მივუსვინე. ცოტა ხანს ვფიქრობდი შაქარი ჩამეყარა თუ არა მაგრამ ვერ გავუძელი და მაინც ჩავყარე… ხო იცი ყველანაირი სიტკბოება მიზიდავს. ალბათ მაგიტომაც მიზიდავდი… მიზიდავდი? ისევ ვატყუებ საკუთარ თავს და შენ ამას ისევ ხვდები. ისიც ვიცი, რომ შეგეძლოს დიდი სიამოვნებით შემომილაწუნებდი…
    გაინტერესებს საკუთარი თავი ვიპოვე თუ არა? გაინტერესებს თავიდან დავიწყე თუ არა? შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ ცხოვრებას თავიდან ვერ დაიწყებ, ეს უბრალოდ მხდალი ადამიანის პოზაა რომელსაც რთული გადაცყვეტილებების წინაშე იღებს ხოლმე… ცხოვრება თავიდან ვერ დავიწყე, სამაგიეროდ ცხოვრებმ თავიდან დამიწყო წვალება… ახალი მონდომებითა და შემართებით, ახალი დარდებითა და მონატრებით.
    აქ ერთი ბიჭი გავიცანი და ძალიანაც დავმეგობრდით… უცნაური ვინმეა, გოგოებში არ უმართლებს… უფრო სწორედ უმართლებს მხოლოდ რაღაც დონემდე, ყველას მასთან მეგობრობა გულის გადაშლა, პრობლემებზე საუბარი და კიდევ ათასი სისლელე უნდა. ისიც უარს ვერავის ეუბნება და იტანჯება. აი ეხლა ვიღაც გოგო მოსწონს, რომელიც თავის სასიყვარულო პრობლემებზე ელაპარაკება, რჩევებს სთხოვს. ესეც უსმენს და ურჩევს და ვერაფერს ეუბნება რადგან თუნდაც ამ ურთიერთობის დაკარგვის ეშინია. მასაც ჩემსავით ვინმე სჭირდება ვინც შემოულაწუნებს.

    შენ მახსენდები ისეთი როგორსაც ვერ გხედავდი… მახსენდები ისეთი, როგორიც ხარ იყავი და იქნები… და მე არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემს ვითომ თავიდან დაწყებულ ცხოვრებაში მინდა ისევ შემთხვევით შემხვდე. ისევ შემთხვევით შენთან დავრჩე თუნდაც შემთხვევით ცხოვრების ბოლომდე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s