Monthly Archives: აპრილი 2010

: )

სტანდარტული

ლიგალ ელიენს,

გუშინ შარშანდელი ზამთარი გადავიკითხე, ბუხართან მარტო ვიჯექი და ჩაის ვსვამდი. მართლა გადავიკითხე, თვალებდახუჭულს ფურცლების გადაშლაც მესმოდა. ჰოდა, იმ გვერდზე გავჩერდი, თოვლის მომლოდინე დღე რომ იყო, ვერაფრით რომ ვერ დაღამდა. ისე გავწავლდი, ამ უთოვლო სითეთრეში სათქმელს ვერაფრით გეუბნებოდი, მერამდენედ დავტკეპნეთ ის უსურვილო და სახლში რომ ვერ მიდის ისეთი გზები, თან გციოდა… ცოტა რომ გაფერმკრთალდა დღე, ისე შემეშინდა უცებ ჩემი სიტყვების, ისეთი გრძნობა ამყვა… მეგონა, ახლა თოვლი რომ წამოვიდეს, ფიფქის დაცემის ხმასაც გავიგებ-მეთქი. შენ ძალიან უდარდელად იყავი, ყვითელი ქურთუკი გეცვა. ქვაზე ჩამოვჯექი, ქუდი მოვიხადე და მეორე ქვაზე დაგიდე, ახლოს მინდოდა მომჯდომოდი და გითხარი… გითხარი კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება დაგიწერე მეგონა, თან გულში ვფიქრობდი, ასეთი ზერელე როგორ ვარ, რამდენიმე წუთში როგორ ჩავატიე-მეთქი, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, სანამ მე გულში ამას ვფიქრობდი, შენ არასახლისო გზა ისე მალე გაგეარა, დაწევა არც მიფიქრია… მთელი ღამე ვფიქრობდი, ჩემმა ცხოვრებამ ასე როგორ შეაშინა-მეთქი.
მერე თებერვალი გამახსენდა, საიდან სადაო, როგორ მიყვარს წარსულის წარსულში ბოდიალი. მთელი დღე ეს ფრაზა რომ გქონდა აკვიატებული : “ყველა მდინარე ბოლოს მაინც თავის კალაპოტს უბრუნდებაო” როგორ შეიძლება შენ საზღვრები გქონდეს, როგორ შეიძლება რაღაც ნიშნულს დაუბრუნდე შენ?! ვეღარ შეგბედე, შენ კალაპოტი არ გაქვს-მეთქი, ჩემი კალაპოტის შემეშინდა, ეგეც არ გამიქრეს-მეთქი.
იანვარი გახსოვს? მატარებელში ვისხედით და დაორთქლილ მინაზე ცდილობდი ასოების გამოყვანას, არ მეტევაო, წუწუნებდი. რას მიწერ, ფურცელს მოგცემ-მეთქი. არაო, ისეთ რაღაცას გიწერ, დაორთქლილ მინაზე უფრო იოლად წაიშლებაო. შენი დაკარგვის ისე შემეშინდა უცებ, კაშნე მოვიხსენი და საგულდაგულოდ გავწმინდე მინა, ხშირად გავხედავდი ფანჯარას რომ ისევ არ დაორთქლილიყო.
დეკემბრის დასაწყისი იყო, ბილეთი ავიღეო მითხარი. ისევ იქ მიდიხარ-მეთქი? და არა, ჩემი თავი თავიდან უნდა დავიწყო, სანამ შანსი მაქვსო… ჯერ შენი თავი, მერე თავიდან დაწყებული, უცებ, თავბრუ დამეხვა, ისეთი შეჰგრძნება გამიჩნდა, თითქოს, ყველა ენა, რაც კი ვიცოდი ერთაბაშად დამავიწყდა და ჟესტებით და მიმიკებით ვერასდროს აგიხსნიდი რას ვგრძნობდი მაშინ.
ახლა მანდ გაზაფხულია, თან როგორ გიყვარს… ჩემთან ისევ ბუხარია, ჩაის ჭიქით და უკვე მერამდენედ გიწერ ზამთარს…P.S. თბილ ქვეყნებში ვერგაფრენილი ჩიტი ვარ