Monthly Archives: დეკემბერი 2008

* * *

სტანდარტული

0fbb4d5c2221

1

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –
ნამდვილი.

2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.

3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.

4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.

5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.

ზვიად რატიანი

Again..

სტანდარტული

just_touch_by_l00py

ისევ რატიანი : )


მე შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
და იმოსებოდა ჩემი თვალები გასაოცარი
და შიშის დამთრგუნავი სურვილებით
და კედლები ხდებოდნენ გამჭვირვალენი
და სხეულები უსაფრთხონი
და შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
და იღვიძებდნენ ჩემში მოგონებები
დიდი ხნის წინ თავსგადამხდარ შემოდგომების
და მეძახდნენ მე ამ შემოდგომებიდან
ყვითელნიღაბაფარებული ფოთლები
და მიმტკიცებენ
რომ შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
მაგრამ მამწარებდა მე ყოველთვის ამის გახსენება
რომ მზეს არავინ აღარ მისდევს რადგან იმედი
უკან გაიხმო იმავე მზემ
დიდი ხანია.

გამომეღვიძა. ქალაქს ერქვა ისევ ქალაქი.
გამგრძელებია შენთან სტუმრობა.
ჩემი ლოგინი, რა თქმა უნდა არ ავალაგე,
რომ მერე შენი საყვედური მომენათლა ახალ ხუმრობად.
მე გამოვეწყე როგორც წესია და დავაკვირდი სარკეში კბილებს,
მერე კი კარი გამოვაღე, კიბეს ჩავყევი;
რა გამომილევს ისეთ ადგილებს, რომ მე ერთხელაც არ გამეკრას ჩემი ღიმილის თუნდაც ნახევი.
ის ალბათ უკვე ბრაზით ალაგებს ჩემს ნასრეს საწოლს;
ჯერ ადრე არის, ქალაქი ამთქნარებს,
ვიცი, მზე ამოვა და ღამის ნაწოვ
ჰაერს სინათლით გადაამტკნარებს!
დილით კარგია სულელური წარმოსახვები:
სიკვდილს, რომელსაც ჩემივე ფეხით მე არასდროს არ ვეახლები,
შესწევს უნარი _ ისეთი რამ შემომთავაზოს,
რომ აქ დაყრილი ნაგვის მიმართაც უკიდეგანო ვნებით ამავსოს. . .
მზე კი არ ტოვებს თავის იარუსს.
რატომ ჰკიდია მუდამ ცაზე, როგორც ნახატი?!
ჩამოეთრიოს, ამ ქუჩაზეც ცოტა იაროს
და მერე როგორ ინათებდა იმასაც ვნახავდი!
რა გაეწყობა, ციდან თურმე არავინ ჩამოდის.
სამაგიეროდ, აქვე ბაღში სულმოუთქმელად
მე მელოდება უნაზესი მერი ჩავორტი:
მე მივალ მასთან, ვთხოვ, არ მიმიღოს
ჩუმი დაცინვით და ირონიით,
მე მივალ მასთან და შევპირდები,
რომ არ დავკარგავ ბაირონივით. . .

მე შემოგხედავ, და შენც მაშინვე
მიბრძანებ, შენი სივრცე დავტოვო.
ის, ვინც არ მიყვარს,
ვისი დაკარგვაც სულ არ მაშინებს,
ვერ გამიგია, რატომ მბატონობს?!
მე ხომ მგზავრი ვარ,
ჭუჭყიანი, დაღლილი მგზავრი,
დასასვენებლად მოვედი და არც კი გრცხვენია _
ისე მექცევი ფეხით მავალს, როგორც ცხენიანს,
და ისევ სადღაც შორეთში მგზავნი. . .

ჩემმა თვალებმა მოასწრეს და უკვე იხილეს:
შმაგი ულაყი _ თეთრ ფაშატზე “ამხედრებული” _
გაუმაძღარი ვნებისაგან როგორ ჭიხვინებს! . .

ვიცი ამ სახლში ცხოვრობს ქალი და ის მარტოა,
ვგრძნობ, რომ ავიდე, “ხელცარიელს” არ გამომიშვებს,
მაგრამ ეს ქალი ალბათ უფრო საიმათოა,
ვინც ჩემნაირებს იძახიან ნიჭიერ გიჟებს.
მიკვირს, რომ ღამით ეს ქალაქი არ ააფეთქეს. . .

სწრაფად მივდივარ და ვეხლები მდუღარ საფეთქლებს,
უძილობით და ბოღმით დაბერილთ;
წუხელის, ღამით, მომკვდარა ძაღლი, სხვა არაფერი. . .

ქუჩას, რომელზეც მივაბიჯებ, სულ არ აქებენ,
ასეთ ადგილებს ეტანებიან
ათასი ჯურის მკვლელები და მანიაკები.
აქ სიარული, თან ასეY დროს, ყველას აშინებს.
ცხრა წლის გოგონა სამი დღის წინ სწორედ რომ
ბეწვზე გადაარჩინეს.
ვერ დამმალავენ ვერც ფოთლები და ვერც კედლები _
ჩემი თვალები არის ჩემი ორი ფუღურო,
მე მხოლოდ მათში შევიკეტები,
რომ აღარაფრის არ მეშინოდეს და სხეულების მიმოქცევას
მშვიდად ვუყურო.
რაღაცა მინდა გავიხსენო _ მე ვიძაბები:
ამ მაწანწალა ძაღლების დასთან
მაერთიანებს უხილავი, მკვრივი ძაფები:
მე, მართალია, ორ ფეხზე ვდგავარ
და როცა მინდა წელშიც ვიშლები,
მაგრამ ამ ძაღლებს, რომლებიც დღისით
მუდამ არიან თითქმის მშიშრები,
რა ემართებათ, როცა ღამდება
ან რა იდუმალ ძალას იღებენ,
რომ მთელი ღამე, გათენებამდის,
ხმის ჩახლეჩამდე უაზროდ ყეფენ?

არც ერთი სიტყვა სიყვარულზე! საკმარისია!
ყველამ ისედაც მშვენივრად იცის;
ჩემი ფიქრები მასზე ხელს არ გაისვრიან,
გაგონებაც კი არ მინდა მისი!
როდესაც მზერა რამე საგანს ჩაეჭიდება _
ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ არსებობ, რომ იყურები,
რა გაეწყობა, მაინც ასე ხშირად გვჭირდება
სხვისთვის მტკიცება საკუთარი უბედურების. . .
მე ვინ ვარ, მაგრამ, ხდება ხოლმე, მეც გავჩერდები
და ცას ავხედავ, ჩემი სახე რომ არ გამორჩეს
უფალს, რომელიც ზის და ჭედავს თავდაჯერებით
კაცობრიობის ახალ ნაოჭებს. . .
ღმერთმა სისწრაფე რომ დამაკლო, ამ დანაზოგით
დააჯილდოვა ზღვის ქარები და ღამურები.
რაღაცა იწვის ჩვენში მუდამ და ვიტანჯებით,
რადგან არა გვაქვს საკვამურები,
დაგმანულია ჩვენი ფანჯრებიც.

ისევ მივედი ძვლებგაყინულ, მძინარე ხიდთან
და მახსენდება, დიდი ხნის წინ აქ რომ ვიყავი,
მახსოვს რა რიდით მომესალმა ბებერი ყვავი,
თავი დამიკრა, გზა განაგრძო და ახითხითდა. . .
შენ გათენებავ, რომ დარაჯობ ტოტებს გადამხმარს,
ღამევ _ რომელიც ამ ქუჩაზე ჩამოიფერფლე,
მე გეკითხებით: ასე დიდხანს, ასე მხარდამხარ,
ორივემ ერთად, ერთ მიწაზე, როგორ იმეფეთ?

მზის ამოსვლამდე დარჩა ზუსტად . . . იმის გამხელა,
რომ წუხელ ძლიერ შემაწუხეს ღამის პეპლებმა,
არ გასჭრა მათზე დამუქრებამ, ჩემმა სახელმა,
და ამოვხოცე _ იქცნენ თავის თავის ემბლემად!
გადარჩებოდნენ, ღამის შუქი რომ არ აგვენთო,
მაგრამ ჩვენ გაზეთს ვკითხულობდით სწორედ საჩემოს _
მეოთხე გვერდზე აცხადებდა # სააგენტო:
“მოგზაურობა საკუთარი სულის გარშემო!”

როცა ქუჩაში არ ხარ და ქუჩას გაჰყურებ,
რაღაც მაგია ეუფლება დამშეულ მზერას
და ხედავ იმას,
რის დანახვაც დაიმსახურე,
და კვლავ გინდება დაუწერელ სიტყვების წერა.
მე ვხედავ: ქუჩამ დაივიწყა თავის გიჟები,
ისევე, როგორც მე არ მახსოვს ჩემი ბავშვობა.
წარმოვიდგინე ჩემი თავი ქარის ნაშობად
და ცხელი მზერით უცხო სხეულს ვეპატიჟები.
რატომ მიჩნდება გრძნობა, თითქოს იმ მოსახვევში,
რომლის ნაგვიან კუთხესთანაც
ეს გზა გამიყვანს,
ვიღაც დამხვდება,
ან გამაწნის სილას სახეში,
ან გამიღიმებს, ხელს მომხვევს და სადმე წამიყვანს.

გამოვუგონებ საკუთარ თავს კიდევ ერთ ნიღაბს,
თითქოს არ მყოფნის ძველი როლი და ძველი მითი:
მომბეზრდა თავი,
შემაწუხა და აღარ მიყვარს _
შეღავათიან ფასებში ვყიდი:
ის ჯანმრთელია, თუმცა არის ცოტა ყვითელიც,
მაგრამ სიყვითლე მის ღირსებებს ფასს ვერ დააკლებს,
მუშტრის გულისკენ უხიფათო ბილიკს გააკვლევს,
რადგან ვაჭარიც მეგახლავართ,
მე ვარ მყიდველიც!

მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი,
და უიმედოდ გადავხედავ ჩემს თავს ზევიდან _
ის ისე არის ნაგვემი და მხრებჩამოყრილი,
როგორც ქალაქი უკანასკნელ შემოსევიდან.
დღე _ დღე არ არის, სანამ ცაზე მზე არ ამოვა,
არც ღამე ჰქვია _ უფრო დღეა ღამის საცვლებით. . .
აღმოსავლეთი ემსგავსება მდუღარ სამოვარს
და ცასაც შუბლი დაჰფარვია ოფლის მარცვლებით.
სიჩუმე მშვიდად გაწოლილა
გაკრულ ნაწერში
(მე ამ სიჩუმეს შევყურებ და ხელით ვეხები),
ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში
და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები. . .

მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან, რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ!