Monthly Archives: ივლისი 2008

გამარჯობა ძვირფასო ჯეკ…

სტანდარტული

დღეს დაგირეკე.დედაშენმა აიღო ტელეფონი. მოვიკითხე. გესმის? დედაშენი მოვიკითხე……….გაკვირვებულმა მკითხა რომელი ხარო, ანა ვარ მანიანი ქალბატონო ლუიზა ვერ მიცანითთქო?.რაღაც უცნაური ხმებით მანიშნა რომ დაიბნა.მე რა თქმა უნდა არ შევიმჩნიე და გავაგრძელე….როგორ ქალბატონო ლუიზა, მე თქვენ …. მე თქვენ… მე კიარა, ჯეკ… უფრო სწორედ ჯეკი ძალიან ხშირად გახსენებთ, უფრო მეტიც თითქმის სულ თქვენზე მელაპარაკება. ჭამის დროს, ძილის დროს, სექსის დროს, ფეხების გაპარსვის დროს, წყლის დალევის დროს, უბრალოდ დალევის დროს, სულ თქვენზე მელაპარაკება. მეც, ვუსმენ ხოლმე და სულ ვეუბნები , ჯეკ, შენი დედა …… მომიკითხეთქო.. როგორ, არც ერთხელ არ მოგიკითხათ???შევატყვე რომ უფრო დაიბნა ქალბატონი ლუიზა, როგორ შევატყვე და ხმა არ ამოუღია, მე რა თქმა უნდა ისევ არ შევიმჩნიე , მერე მივხვდი რომ მომბეზრდა მისი დუმილი, ანუ ქალბატონი ლუიზა და მოკლედ ვუთხარი სათქმელი. კარგით ქალბატონო ლუიზა, ჯეკს გადაეცით რომ დედამისი, ანუ თქვენ,, უკვე მოგიკითხეთ და რომ ნუღარ შეწუხდება იმაზე რომ….
მოკლედ, , აღარ დამირეკოს, კარგით?!..
კარგი შვილო
და მერე ტუ ტუ ტუ ტუ ტუ ტუ…
ჯეკი დედიკოს ბიჭია. ხუჭუჭაა, მაღალი და მთვრალი. ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ იმდენად ცოტას რომ ხანდახან მღლის, იმიტომ რომ ეს “ცოტა” თითქმის სულ დედამისია. ჯეკი როდის გავიცანი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ მიყვარს…..როგორ მიყვარს არც ეგ არ ვიცი. თეკო გახსოვს??/ ჩემი სნობი მეგობარი იზ შკოლი, რომ გაიგო რომ მიყვარს, პირველი რა მკითხა იცი??? მუცელში პეპლები დაფრინავენ რომ ხედავო?… პეპლები არა, რომ ვუყურებ ტარაკნები მახსენდება და უფრო მიყვარდებათქო. ან ერთი რა შუაშია ან მეორე და საერთოდ რა შუაშია, რა პეპლები, რა ბურძგლი….ეს რომ ვუთხარი ეწყინასავით…იმის მერე აღარ დაურეკია, ალბათ ისევ მთვრალი ვეგონე, პრინციპში დღეს ან ხვალ 12ზე უნდა დამირეკოს, თუ არ დარეკა,ე.ი. სულ წავიდა.. თეკო.
დღეს დილით დედაჩემი იყო ჩემთან.სახლი დამილაგა, ხალიჩა დამი… დამი… დამიპი.. დამიპილ.. თუ რაღაც ეგეთი ქნა და წავიდა.
ვწევარ ამ ხალიჩაზე და ჯეკზე ვფიქრობ… ჯეკზე და დედამისზე.. ჯეკ..შენ,, ჯეკ, ,, და შენი დედა… ჯეკ…
ველოდები,
საერთოდ ლოდინი არ მიყვარს, მაგრამ მიწევს. ბევრჯერ წავედი, ბევრჯერ მომაბრუნა. 3ჯერ ჩემი ბრალი იყო, არც ერთხელ მაგისი. ამიტომ ვწევარ და ველოდები.
მოვა,
ხო?
მოვა…

პ.ს. რაც უფრო ჰორიზონტალური ხარ, უფრო ვერტიკალურად ფიქრობ, იმაზე რომ ფიქრი სისულელეა, ისევე როგორც ქართველი მამაკაცის მსჯელობა ჩემზე, ცაზე, ვარსკვლავებზე და ემანუელ კანტზე.

(c) Anana

ჩემი P.s. მიყვარხარ, ანან

მამას

სტანდარტული

მაია სარიშვილი

მე ვიცი,რაც გაყვირებს ძილში –
შანდლებზე წამოცმული გველები
ენებით გინათებენ ოთახს.
და მართლაც რა საშიშია ეგ მოგუგუნე სიბნელე –
ცბიერი შუქით დაგესლილი…
მე ვიცი,როგორ საპონივით ისვამ ღამღამობით
შენსავე გულს მთელს სხეულზე.
როგორ მონდომებით იცილებ ლაქებს
შენივე გულის ქაფით.
იქნებ,ამიტომაც,
დედა ყოველ ღამით გამოდის სიკვდილიდან
და ვარდებს გირგავს იმ ჩუსტებში,
შენ რომელშიც დილაობით ფეხებს აბიჯებ…
გთხოვ,მიაგენი ჩვენთან სახლში
ჩემს ბავშვობის ხმას.
ალბათ კანფეტების ყუთთან იქნება სადმე ახლოს.
და თუ მარმელადის გოშია აყეფდეს,
ან რამე ამდაგვარი,
ესე იგი, ჯადო ახსნილია…

ეს რა უცნაური ოინი მომიწყვეს მეგობრებმა…

სტანდარტული

 

ნათია ნაცვლიშვილი

ეს რა უცნაური ოინი მომიწყვეს მეგობრებმა,
მეზობლებმა,ახლობლებმა,
უბრალო ნაცნობებმა:
მისალმებაზე,მოკითხვაზე,თუნდაც ღიმილზე,
ან გაოცებით მხრებს იჩეჩავენ,
ან ერთნაირად მპასუხობს ყველა:
,,უკაცრავად,
ალბათ სხვაში შეგეშალეთო…,,
ზოგი ნაბიჯსაც არ შეანელებს,
ისე ჩამივლის,არც შემომხედავს.
მე კი მაცვია ისევ ის პალტო,
მიკეთია ისევ ის კაშნე,
თავზე მახურავს ჩემი ერთგული ვარცხნილობა,
არცერთი ჩვევა არ შემიცვლია,
და,ერთი სიტყვით,
სულ არა ვარ ძნელი საცნობი
მაგრამ ჩემს სიტყვებს არც კი უსმენენ,
მიბრუნებენ გაურკვეველ საშინელ ღიმილს,
მე კი,
მე მაინც ვერ ვიჯერებ,
რომ ყველას ასე ერთნაირად,
და ერთდროულად დავავიწყდი…
აი,ამიტომ შევარჩიე ეს ვიწრო ხიდი,
აქ ყველამ უნდა გაიაროს.
ჰოდა,მეც ვდგავარ ხიდის თავში
და ყველა გამვლელს საყვარელ ნივთებს,
ბავშვობისა თუ ბავშვობის შემდომ
შავ-თეთრსა თუ ფერად ფოტოებს
იმედიანი ხელით ვურიგებ-
არ შეიძლება,
არ შეიძლება,
არ შეიძლება
ვინმემ მაინც არ გამიხსენოს…

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით . .

სტანდარტული

 ნათია ნაცვლიშვილი

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.
ჩემი ჩრდილის ოთხივე მხარეს იგულისხმება
შენი წყალი.მთა და უდაბნო.

მერამდენედ დამასწრო დილამ ასეთი მოკლე განთიადი.
და ბავშვობაში
კარადიდან გადმოვარდნილი გლობუსივით
დამემსხვრა ფერხთით
დედამიწის მყიფე სიმრგვალე.

ღმერთმა ვერაფრით გადაგვაჩვია ამნაირ ლოცვებს:
ყველაზე უფრო საიმედოდ თავჩახურულნიც
ღამღამობით იმდენს ვტირით,რომ
როცა იქნება
ჭაღს მოწყვეტილ მინის ბურთულას დაემსგავსება
დედამიწა.

აი,მაშინ კი
წამებისას ფრჩხილებიც რომ დაგვაცალონ,
მაინც არ გავთქვამთ,
რა ვთხოვეთ უფალს
ამ გამჭვირვალე
და უნაყოფო მინად ქცეული მიწის სანაცვლოდ.
მაინც არ გავთქვამ,
რა გადავმალე
იმ უარყოფით სიჩუმეში,
საითაც შენ ხარ.

მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.
მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.