Monthly Archives: ივნისი 2008

სტანდარტული

მარილის მათხოვარი

რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!
მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება.
სინამდვილეში:
`სორრი ქევან… ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი~…
აღარ მოდიან..……
ნუთუ მანძილი?

არაფერია.
არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე
აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე.
გესმის მათი?
არ გაგიკვირდეს,
სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება,
შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა.
ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ.
ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო
და სიყვარული ახსნა შრიალით.
იქცე ალუბლის თავნება პრინცესად,
ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო,
ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას,
არ გაგიკვირდეს.

რა შენი ბრალია.
თუ გაღარიბდი.
რომიანი შოკოლადის გიჟი,
დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და
ჯიბეს იტენი.
რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის:
`სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც~.
სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს.
სორრი, მაგრამ სირცხვილია ტკბილეულის ასე აცინცვლა.
სორრი, მაგრამ მეგობრები მოიცდიან, ქმრების ნათესავები ვერასოდეს.
სორრი, ასე ჩაცმული არ მოხვიდე წვეულებაზე.

მე თანახმა ვარ ორშაბათზეც!
ექვსის მერე,
ასე ჩაცმული.

ხუთწუთიან მეგობრობაზეც.
სადაც ჩვენ ოთხნი თუ ცოტა მეტნი,
ერთმანეთის დარდებს მოვისმენთ.
და სულ ბოლოს,
როცა ჩემი ჯერიც დადგება და დავაპირებ
გეწუწუნოთ უთქვენობაზე, შემრცხვება და
`ცოტა მარილი!
ხალხნო, სულ ცოტა მარილი მინდა!
მე ხომ ადრე ყველა ტომარა დაგიცალეთ მოლიპულ გზებზე~ – ესღა დამცდება..

გაიხადეთ კაბები

სტანდარტული

 

   

 

კიბეების

 

ჩარბენა რამე ხმამაღალი სიმღერის ფონზე მიყვარს, ისე საფეხურები დაღლად მეჩვენება და მახსენდბა, რომ ამოსვლისას 13 სართული ფეხით უნდა ავიარო… მინდა ახლა ეს მე?! ფილტვები რომ ჩრჩილნაჭამი ტომსიკივით მიდევს, სადღაც ღრმად… არა, იქით წლიდან აღარ მოვწვევ! ნაადრევი სიკვდილი იცისო.. მინდა ახლა ეს მე?!
ხვალიდან აღარ წავალ სამსახურში, აღარ გავიღვიძებ დილის რვაზე და არც უშაქრო ყავას დავლევ.
ხვალიდან მივუბრუნდები ჩემს ძველ ნაწერებს, რამე კარგს გამოვნახავ და ხმამაღლა წავიკითხავ, იქნებ ბუნდოვნად მაინც გამახსენდეს წარსულიდან რამე ისეთი, რა… სასიამოვნო, ანუ. რაღაც ეგეთი არაფერი მახსენდება.
დღეიდან ყოველ დღე ვივლი მუშტაიდის ბაღში, რომ მოსეირნე, ან …. წყვილებს დაკავირდე. მაინტერესებს, ახლა როგორ უყვართ, ან მოსწონთ, ან რამე მაგდაგვარი. ბოლოს მერვე კლასში მიყვარდა ცისფერთვალება ბიჭი, რომელსაც არაფრით არ ვაინტერესებდი მე, არც მე მაინტერესებდა პრინციპში, უბრალოდ მინდოდა ხშირად მენახა ხოლმე.. აბა, ეს რა სიყვარულია?!
საბავშვო ბაღში არასდროს მივლია, მეშინოდა მარტოობის, უდედობის… მეშინოდა ფართოგახელილი და ცელქი ბავშვების, რომლებიც სულ სათამაშოდ მიიჩქაროდნენ და როცა დედა იქვე, პარკში მასეირნებდა, რიდით ვაკვირდებოდი ბაღისკენ მიმავალ ბავშვებს, მეშინოდა იმისიც, რომ დედას თავისი პირობა არ დავიწყებოდა და მეც არ გავეყენებინე ამ მტანჯველ მოკლე ბილიკს, რომელსაც ორ სართულიან შენობაში მივყვადით და, რომელიც მხოლოდ მაშინ მეჩვენებოდა ლამაზად, როცა ბავშვები არ გადი-გამოდიოდნენ. ყვითელი ყვავილები იყო ჩარგული კიდეებზე და რიდით გაყოლებული თვალები ყოველთვის მეხუჭებოდა, როდესაც რომელიმე პატარა უგულოდ დააბიჯებდა სიფრიფანა, პატარა ფოთლებს… ბოლოს ყველაფერი შემძულდა რაც ირგვლივ ამ ბაღის ახლოს იყო და დედას ყელზე თითებით ვთხოვდი იმ პარკშიც აღარ ვეტარებინე… ვიცოდი, ისევ მომიწევდა რიდნარევი მზერით მეტირა ფოთოლატკივებული ყვითელი ყვავილები, რომლებიც რატომღაც არ იყვნენ მზისფერი…
სკოლა, როგორც დედაჩემი იხსენებდა – წარჩინებით დავამთავრე, თუმცა არც ერთ საგანს არ ვსწავლობდი დიდი ენთუზიაზმით და ყოველ გათენებას ზერელედ ვხვდებოდი. დღემდე ცუდად მახსენდება დილის ცხრა საათი. არადა, სამსახურიც მაგ დროს მეწყება. ხომ ვთქვი, ხვალიდან იქ აღარ წავალ – მაწყენინეს.
შარშან, როცა მასთან ერთად ლამის მთელი თბილისი ფეხით მოვიარე, მივხვდი – არც ისეთი მოსაწყენი და მრუმე ყოფილა.
ჩემი ოთახი მორთო, მახსოვს, პარასკევი იყო და შაბათი-კვირა არ მიხაროდა.
არც ორშაბათი მქონდა აზრდატენილი, მაგრამ მაინც.
წლის ბოლოს ვიგრძენი, რომ რაღაც უფრო მეტს ვგრძნობდი, ვიდრე მასთან ერთად ცხოვრება და მისი მოსმენა იყო… მივხვდი, რომ მჭირდებოდა ამ ცხოვრებაში, ამ ცხოვრების მოსართავად. იმასაც მივხვდი, რომ ოთახი, რომელიც მან მორთო აღარ მეჩვენებოდა ჭრელად და გადამიყვარდა მუქი ფერები. ერთად ვიყიდეთ ის აბადამინახევარდისფერი კაბა და მას მერე ხშირად ვიცვამდი ხოლმე, ბოლოს მობეზრდა ალბათ და გაიხადეო, მითხრა.
როცა მუქ პიჯაკში გამოწყობილ ლამაზ გოგონასთან ერთად დავინახე, ჩემი გახდილი კაბების შემრცხვა და მაპატიე-მეთქი გულში ,ვუთხარი მათ…
გავიფიქრე – აღარასდროს აღარ დავისიზმრებ ჩემით მოფიქრებულ სიზმრებს!
ცუდად მიხდება : ) 

 

 P.s. uhh.. ra CemTvis ucxo emociiT davwere, maxsovs (:

 

 

მცირე ელეგია მამისათვის

სტანდარტული

აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა.

ზვიად რატიანი